დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ტურისტები გაქრნენ, სასტუმროები გაკოტრების პირას არიან 04.03.2020 13:53

“საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გამო, სასტუმროებში, ჯავშნების 90% გაუქმდა. სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია. ზამთრის ტურისტული სეზონი ჯერ გვიან მოსულმა თოვლმა, შემდეგ კი ვირუსის საფრთხემ ისე დააზარალა, რომ სასტუმროს მფლობელებს არა მხოლოდ თანამშრომლების და ხელფასების შემცირება უწევთ, არამედ საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაც კი ძალიან უჭირთ. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ ბოლო 6 დღის განმავლობაში, კორონავირუსის გამო, სასტუმროებს ჯავშნების 90%-მდე გაუუქმდათ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ტურისტები გაქრნენ, სასტუმროები გაკოტრების პირას არიან / ჯავშნების 90% უკვე გაუქმებულია, ვითარება ყოველდღე უარესდება.


"როგორც ალავერდაშვილმა აღნიშნა, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ სასტუმროების ტიპის ობიექტებს შეექმნათ და მათ შორის განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა თბილისშია. ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენ მივიღეთ. ბოლო 6 დღის განმავლობაში მარტი - აპრილის თვეების ჯავშნების 80-90% გაუქმდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდუსტრია თითქმის გაკოტრების ზღვარზეა. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავისი ბრალი არაა, უბრალოდ, ახლა სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოვიფიქროთ, რომ მინიმუმ თანამშრომლების გათავისუფლება არ დაგვჭირდეს“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"გარდა თანამშრომლების შესაძლო შემცირების საკითხისა, პრობლემაა ბანკებთან ურთიერთობა და შექმნილი ვითარების ფონზე სესხების დაფარვა, ასევე ქონების გადასახადის გადახდა. ფაქტია, ვირუსის გამო ატეხილმა აჟიოტაჟმა მეტად ავნო ეკონომიკას, ვიდრე თავად ვირუსმა, რომლის ლეტალობაც მხოლოდ 2%-ია და შემთხვევების უდიდესი ნაწილი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სასტუმროებში რომ რთული ვითარებაა, თავად სექტორის წარმომადგენლებიც დაუფარავად აცხადებენ. მიუხედავად იმისა, რომ ალავერდაშვილის თქმით, ყველაზე მძიმე ვითარება თბილისშია, არანაკლებ რთულ მდგომარეობაში არიან საკურორტო ზონებიც. "მესტია პლაზას” მენეჯერი "რეზონანსთან“ ამბობს, რომ ჯავშნების ძირითადი ნაწილი გაუქმებულია. პროცესი თებერვლიდან დაიწყო და შეუქცევადად ნეგატიური ფონი გასდევს. "მაგალითად, მომდევნო ორ კვირაში მხოლოდ 7 ჯავშანი დარჩა. სტუმრების 90%-ზე მეტმა უარი თქვა ჩამოსვლაზე, კორონა ვირუსის საფრთხის გამო. თოვლიც გვიან მოვიდა წელს შემდეგ ეს ვირუსი და შეიძლება ითქვას, წელს, სეზონი არც ყოფილა. ჩვენ ზამთრის სეზონზე, სტუმრების დიდ ნაწილს, რუსეთიდან ველოდებოდით, მიუხედავად ფრენის აკრძალვისა, მაინც შემოდიოდნენ სახმელეთო გზით, ახლა კი ფაქტობრივად აღარ გვყავს სტუმრები. როგორც ვიცი, არა მხოლოდ ჩვენთან, მთელ სვანეთში ასეთი მდგომარეობაა”, - განუცხადა ანა ლიპარტელიანმა "რეზონანსს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"რთული ვითარებაა ბაკურიანშიც. სასტუმრო ,,ვინთერში” აცხადებენ, რომ ძლივს დაწყებული სეზონი ვირუსმა მთლიანად ჩააგდო. "არ ვიცით, როგორ დაემთხვა წელს ყველაფერი, მაგრამ ჯერ ძლივს დაიწყო სეზონი უთოვლობის გამო და მერე, როცა თოვლის მოვიდა და ტურისტებიც ბევრი გვყავდა კორონავირუსი გამოჩნდა. ამ ეტაპზე 30-ნომრიან სასტუმროში, არც ერთი უცხოელი აღარ გვყავს, ასეა თებერვლის შუა რიცხვებიდან, ყველა ჯავშანი გაგვიუქმდა. მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები არიან, ისიც კანტიკუნტად. მაინც ყველა ერიდება გადაადგილებას და მგზავრობას”, - განაცხადეს სასტუმროში. სასტუმრო "გალერი პალასის" გენერალური მენეჯერის თამარ სიხარულიძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, სასტუმროში თითქმის ყველა ჯავშანი გაუქმდა. შარშანდელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა ისედაც შემცირებული იყო, თუმცა ვირუსის გავრცელების შემდგომ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. "ვირუსის გავრცელების შემდეგ ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჩვენს სასტუმროში და ასეთივე მდგომარეობაა სხვაგანაც. ჩვენ საკმაოდ კარგი ჯავშნები გვქონდა და როგორც კი საქართველოში პირველი შემთხვევა დადასტურდა, იმ დღიდან დაიწყო ინტენსიური გაუქმება. სამწუხაროდ, ახალი ჯავშნები არ არის. ვცდილობთ გადავუწიოთ მომდევნო თვეებში, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ვისაც უკვე წინასწარ აქვს გადახდილი თანხები, ითხოვს თანხების მის დაბრუნებას. ეს კი სასტუმროსთვის ძალიან რთულია", - განაცხადა სიხარულიძემ. კორონავირუსი პირველად შარშან დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა ჩინეთში, საქართველოში კი ამ დრომდე დადასტურებული მხოლოდ სამი შემთხვევაა”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ