დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მეოთხე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 347 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ და მეტადაც კი აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.03.2020 21:16

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

გასულ წელს საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ძალზე საინტერესო იყო თუ რა პარამეტრებში იქნებოდა 2019 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები ძალზე საინტერესოა და აქ რამდენიმე ფაქტორი უნდა გამოიყოს:

 

1. მეოთხე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 347.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 102.9 პროცენტით ანუ ორჯერ და მეტადაც კი აღემატება 2018 წლის მეოთხე კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელს. ხოლო მთლიანად გასული წლის განმავლობაში 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში 1267.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა და 2018 წლის მონაცემს 0.2%-ით გადააჭარბა. ეს ფაქტორი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ სხვადასხვა კვლევებით თუ ცალკეული საექსპერტო შეფასებებით, სულაც კლება იყო მოსალოდნელი.

 

2. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტალში მკვეთრად გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი. რეინვესტირების მოცულობა 7-ჯერ და მეტად არის გაზრდილი და 172.2 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რეინვესტირების მოცულობა სულ 2019 წელს 40.1 პროცენტით გაიზარდა და 612.5 მლნ. აშშ. დოლარი, პროცენტულად კი მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.3 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო წლებში სარეკორდოა, და შედარებისათვის ანალოგიური მაჩვენებელი 2018 წელს გაცილებით ნაკლები -34.6 პროცენტი იყო. რეინვესტირების მკვეთრი ზრდა მთლიან უცხოურ ინვესტიციებში მიუთითებს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე და ეკონომიკის ზრდის ფაქტორზე.

 

3. ნიშანდობლივია, რომ ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, წარმოების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებით, საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების წარმოების და დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, რაც ხელს უწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას.

4. 2019 წელი იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ქვეყნების მიხედვით ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა - 247.8 მლნ აშშ დოლარი, რაც მთლიანი ინვესტიციების 19. 5 პროცენტია. შემდეგ მოდის თურქეთი (18.7 პროცენტი - 236.5 მლნ. აშშ. დოლარი) და ირლანდია (10.5 პროცენტი - 132.7 მლნ აშშ დოლარი) და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია აშშ, რომლის საშუალო სიდიდე ბოლო ორ წელიწადში ას მილიონ დოლარამდეა. ასეთი მზარდი დინამიკა ქმნის კარგ წინაპირობებს უკვე უახლოეს მომავალში მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმზე გადასასვლელად, რაც ინვესტიციების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის. მით უმეტეს, რომ რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო წარმოადგენს პრაქტიკულად ლიდერ ქვეყანას მშპ-თან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 7 პროცენტია და ამ მაჩვენებლით საქართველოს მსოფლიოში მეათე ადგილზეა.

5. მეოთხე კვარტალში ინვესტიციების გაზრდილი მაჩვენებელი, რომელიც ეკონომიკური ზრდის წამყვანი ინდიკატორია, ადასტურებს მაღალი ეკონომიკური ზრდის შეუქცევად ხასიათს, ხოლო თუნდაც ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური გამოცემა – Global Finance-ის მიერ, რომელიც ინვესტორთა გადაწვეტილებების თავისებური ბარომეტრია, საქართველოს ყველაზე დინამიკური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დასახელება, იძლევა იმის ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ მიმდინარე და მომავალ წელს ინვესტიციების მოცულობა კვლავ მზარდი იქნება.
მაღალი ზრდა კი დასაქმების ზრდის და სიღარიბის შემცირების ყველაზე კარგი ინდიკატორია!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ