დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ლი იენთან 13.03.2020 16:32


1. ჩინეთმა თუ შეძლო ახალი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის ეფექტური კონტროლი? რა ღონისძიებები გაატარა ჩინეთის მთავრობამ?
 
 
- ახალი კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან, ჩინეთის პრეზიდენტის - სი ძინფინგის ხელმძღვანელობით, შესაბამისი ზომების მისაღებად ჩინეთის კომპარტიის ცეკას პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის 6 სხდომა ჩატარდა. ამასთანავე, პრეზიდენტი სი პირადად ეწვია უხანს წინა ხაზზე მდგომარეობის შესასწავლად. იგი საკუთარი ინიციატივით ატარებს ნიღაბს, იზომავს ტემპერატურას და მთელი ქვეყნის მოსახლეობას აძლევს მაგალითს. იგი მეთვალყურეობს და კომპლექსურ კოორდინაციას უწევს ეპიდემიის კონტროლისა და წარმოების აღდგენის სამუშაოებს, კომუნიკაციას ინარჩუნებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და ქვეყნების ლიდერებთან, აცნობს ჩინეთის მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ პროგრესს, უნერგავს ჩინურ რწმენას. ჩინელი ხალხი ეპიდემიის წინააღმდეგ ერთ მუშტად შეიკრა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სისტემის შექმნითა და ეროვნული რესურსების მობილიზებით, ეპიდსიტუაციის კონტროლისათვის ყველაზე ყოვლისმომცველი, მკაცრი და რადიკალური ზომები გატარდა. ჩინეთმა 7 დღეზე ნაკლებ დროში შეძლო ვირუსის შტამის გამოცალკევება და მის დასადგენად საჭირო ტესტის შემუშავება, 15 დღეში აშენდა 2500-საწოლიანი 2 სპეციალიზებული საავადმყოფო, 330-ზე მეტი სამედიცინო ჯგუფი და 41600-მდე სამედიცინო მუშაკი სხვადასხვა რეგიონიდან ხუპეის გადასარჩენად გაემართა, 1.4 მილიარდიანი მოსახლეობა სახლიდან გასვლისაგან თავის შეკავების მოწოდებას აქტიურად გამოეხმაურა და ეპიდემიის შესაჩერებლად ეფექტურ ბრძოლაში ჩაება.
ამჟამად, ჩინეთში ეპიდემიის გავრცელება შეჩერდა, პრევენციისა და კონტროლის სამუშაოებმა ეტაპობრივად ეფექტური შედეგი გამოიღო. ეპიდემიის პიკის პერიოდში თუ დღეში 3 000–ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა ყოველდღიურად ახლადგამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა რამდენიმე ათეულამდე შემცირდა. ხუპეის გარეთ ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ბევრ პროვინციასა და ქალაქში კი მრავალი დღის განმავლობაში უკვე ნულის ტოლია. ამასთანავე, განკურნებული პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საავადმყოფოებიდან გაწერილი პაციენტების საერთო რაოდენობამ უკვე 60 000-ს გადააჭარბა. ჩინეთის მთავრობა ხალხის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს, სამეცნიერო პრობლემების დასამუშავებლად ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნა, მთავრობა პაციენტების მკურნალობისათვის ძალისხმევას არ იშურებს და ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის მუშაობას აგრძელებს. 

2. იქონიებს თუ არა ახალი კორონავირუსი ჩინეთის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას?

 
 
როგორც ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ფრანგულ როიტერთან ინტერვიუში აღნიშნა, ეპიდემია მხოლოდ დროებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. ეპიდემიის ჩაქრობისთანავე, საზოგადოებაში დაგროვილი სამომხმარებლო მოთხოვნილება სწრაფად განთავისუფლდება, რაც შიდა ეკონომიკის სტიმულაციას მოახდენს და ჩინეთის ბაზრის მოცულობა ისევ გაიზრდება. ჩინეთი სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკა და „მსოფლიო ქარხანაა“. ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის წინაპირობებიდან გამომდინარე, ზუსტი თანმიმდევრობით ვუწყობთ ხელს მუშაობისა და წარმოების აღდგენას, რაც ეპიდემიის ჩინეთის ეკონომიკასა და საზოგადოებაზე გავლენას მაქსიმუმამდე შეამცირებს და მსოფლიო ეკონომიკის განვითარებასაც წაეშველება.
ჩინეთს ძლიერი შიდაეკონომიკური სტიმული, დიდი ეკონომიკური სიმტკიცე და საკმარისი პოტენციალი აქვს. როგორც ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყანა და პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ჩინეთი აუცილებლად აიღებს პასუხისმგებლობას, გააგრძელებს თავის განვითარების გზაზე სვლას, ეპიდემიით გამოწვეულ ყველა სახის დაბრკოლებას გადალახავს და მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისთვის უფრო დიდ იმპულსს შექმნის.  როგორც მსოფლიო ბანკი, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩინეთის ეკონომიკის გამძლეობის მიმართ რწმენას გამოთქვამს, ეკონომისტები კი ეპიდემიის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკის ხელახალ ზრდას პროგნოზირებენ.
3. თქვენი აზრით, - იყო თუ არა ჩინეთის მხრიდან, ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და  თავიდან აცილების შესაძლებლობა?  

 
- ვირუსი მთელი კაცობრიობის მტერია. როგორც ცნობილმა ჩინელმა სპეციალისტმა ჭუნგ ნანშანმა თქვა, ეპიდემიის პირველი შემთხვევის ჩინეთში დაფიქსირება, ვირუსის უეჭველად ჩინურ წარმომავლობას არ ნიშნავს. ვირუსის წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს და ამაზე საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის. უეცრად გაჩენილ ეპიდემიაზე, ჩინეთმა სწრაფი რეაგირება მოახდინა და ჯანდაცვის უპრეცედენტო ზომები მიიღო.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის მიერ გატარებულმა ზომებმა ეპიდემიის გავრცელების შენელებასა და ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შეფერხებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი; ჩინეთმა სულ მცირე რამდენიმე ასეული ათასი ახალი შემთხვევა თავიდან აიცილა ან დროებით შეაფერხა და სხვა ქვეყნებს ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის აქტიური ზომების მისაღებად ძვირფასი დრო მოაგებინა; ჩინეთმა სხვა ქვეყნებს გამოცდილება გაუზიარა და საერთაშორისო საზოგადოების დასაცავად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 
4. როგორც ვნახეთ, საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს და დადებითად აფასებს ჩინეთის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გატარებულ სამუშაოებს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამას?

 
- ეპიდემიის გაჩენის მომენტიდან, ჩინეთი გლობალურ ჯანდაცვას ღიად, გამჭვირვალედ და მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს, დროულად აწვდის ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციას, უზიარებს ვირუსის გენეტიკურ აგებულებასა და სხვა ტექნიკურ ინფორმაციას. ამასთანავე, ჩინეთმა ტურისტული ჯგუფების საზღვარგარეთ მოგზაურობა დროებით შეზღუდა, საბაჟო საკარანტინო შემოწმება გაამკაცრა, შემომავალ და გამავალ რეისებზე სანიტარული შემოწმება და სადეზინფექციო სამუშაოები გაზარდა. ჩინეთის მიერ გატარებული ღონისძიებები ბევრად აღემატება „ჯანდაცვის საერთაშორისო წესების“ მოთხოვნებს. ამის გამო, მან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის შექება დაიმსახურა; მისი თქმით, ჩინეთმა „ეპიდემიაზე რეაგირების ახალი სტანდარტი დააწესა“, მან ეპიდემიის ქვეყნის შიგნით გავრცელების მართვასთან ერთად, მის სხვა ქვეყნებში გავრცელებასაც შეუშალა ხელი და მსოფლიოს მოსამზადებლად ძვირფასი დრო მოაგებინა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, ჩინელმა ხალხმა ახალი კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესამცირებლად ყველა ღონე იხმარა, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის მკაცრი ზომები გაატარა, უდიდესი მსხვერპლი გაიღო და მთელი კაცობრიობის წინაშე დიდი წვლილი შეიტანა. ახალი კორონავირუსის შემსწავლელი ჩინეთ-ჯანმოს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ბრიუს აილვარდის თქმით, ჩინეთის ლიდერებმა სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილებები, ეპიდემიის გავრცელება ეფექტურად შეაჩერეს და მართვის შესანიშნავი უნარები გამოავლინეს; ჩინეთის მიერ ეპიდემიის საპასუხოდ განხორციელებული ზომები მის ინსტიტუციონალურ უპირატესობებს კარგად აჩვენებს; ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში, ჩინელმა ხალხმა მტკიცე ერთობა და მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა, ეს დიდი ძალაა.
ეპიდემიის ფონზე, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა დაუშვებელია. უბედურების დროს ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. თანამშრომლობა ნებისმიერი ქვეყნისთვის ერთადერთი არჩევანია. ჩინეთი მადლობას უხდის საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისა და დახმარებისთვის,  იგი „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაციასა და კოორდინაციას, ქვეყნის შიგნით ეპიდემიის მართვასთან ერთად, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ სხვა ქვეყნებსაც გაუზიარებს „ჩინურ გამოცდილებასა“ და „ჩინურ გეგმას“, აქტიურად დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოებას და მსოფლიოს ხალხებთან ერთად დაამარცხებს ამ ეპიდემიას. ამჟამად, ჩინეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის შეწირულობის სახით 20 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე, რაც ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას მოხმარდება.

5. უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა ვირუსის რამდენიმე შემთხვევა. რას ფიქრობთ ამაზე? ჩინეთი თუ არის მზად, რომ საქართველოს  ეპიდსიტუაციის კონტროლთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიაროს? 
 
 
- ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს მთავრობამ გადამწყვეტი ზომები მიიღო, გაზარდა პრევენციისა და კონტროლის დონე. იგი აქტიურად აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას ეპიდსიტუაციის შესახებ. ყოველივე ამას ჩინეთი დადებითად აფასებს.
ჩინეთი მადლობას უხდის საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას ეპიდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის. ჩინეთი მუდამ ინარჩუნებს მჭიდრო კომუნიკაციას საქართველოსთან ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის შესახებ. თვის დასაწყისში პირადად შევხვდი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს. შეხვედრაზე ჩინეთ-საქართველოს შორის ეპიდემიასთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე მოსაზრებები გავცვალეთ. ცოტა ხნის წინ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჯანდაცვის კომიტეტმა რამდენიმე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ეპიდემიოლოგთა ვიდეო კონფერენცია გამართა, რომელშიც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ინფექციური პათოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ჩინელმა ექსპერტებმა საფუძვლიანად გააცნეს ჩინეთში ეპიდსიტუაციის განვითარება და პრევენციის, კონტროლისა და მკურნალობის გამოცდილება, მხარეებმა პრევენციისა და კონტროლის ზომების, დიაგნოსტიკური სკრინინგისა და ლაბორატორიული ტესტირების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. მას შემდეგ, ორი ქვეყნის ექსპერტები ჩვენი საელჩოს საშუალებით უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. რამდენიმე დღის წინ, ჩინეთის სსიჩუანის პროვინციამ საქართველოს 420,000 აშშ დოლარის ღირებულების კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა, რაც, მჯერა, მნიშვნელოვნად გაზრდის ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის შესაძლებლობებს. ჩინური მხარე აქტიურად შეისწავლის შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოსთვის მეტი მატერიალური სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხს. დარწმუნებული ვარ, ჩინეთისა და საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, საქართველო სათანადოდ უპასუხებს ახალ კორონავირუსს და საბოლოოდ ეპიდემიას დაამარცხებს.
/თამუნა დუღაშვილი/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ