ბრიტანულმა „როიტერ“-მა («Reuters») გამოაქვეყნა ჟურნალისტ უმბერტო ბაჩის სტატია სათაურით „კორონავირუსის ფონზე უფალი ცდილობს, რომ მორწმუნეებამდე ინტერნეტით, ონლაინ-რეჟიმში მივიდეს“. გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს.
რამდენადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეკლესიები, სინაგოგები და მეჩეთები მთელ მსოფლიოში დახურულია, რელიგიური მოსამსახურეები ონლაინ-რეჟიმში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და გარანტიას იძლევიან, რომ მათი ქადაგება - ღვთის ხმა მილიონებამდე მიაღწევს. ეს ყველაფერი ხდება ინსტაგრამებით, ვიდეოკავშირით, მობილური ტელეფონებით, რათა სულიერი მხარდაჭერა გაეწიოს ასობით ათას მორწმუნეს, მრევლს, რომელსაც სალოცავ ადგილებში მისვლის შესაძლებლობა აღარ აქვთ“, - ნათქვამია სტატიაში. ავტორი აღნიშნავს, რომ კონტაქტების ამგვარი ფორმა უკვე მკვიდრდება აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში...
„სასიკვდილო რესპირატორულმა ავადმყოფობამ, რომელიც პირველად ჩინეთში გაჩნდა, დღეისათვის უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს მთავრობებს დრაკონული ამკრძალავი ზომების მიღებისაკენ უბიძგა. ბუნებრივია, ასეთმა აკრძალვებმა დააზარალა სპორტი, შოპინგი, ტურიზმი და, რა თქმა უნდა, რელიგიაც: იაპონიიდან აშშ-მდე ბევრმა რელიგიურმა ორგანიზაციამ ლოცვების რიტუალის შესრულება შეწყვიტა და ვირტუალური მეთოდებით სარგებლობა დაიწყო... მოკლედ, წმინდა ტაძრებისა და სალოცავი ადგილების დახურვამ მსოფლიოს ქალაქების სახე შეცვალა.
არადა, როგორც ცნობილია, ეკლესიებს, ისტორიულად, კრიზისების დროს ადამიანები თავს აფარებდნენ, მასში უფლის დახმარებასა და ნუგეშს ხედავდნენ. როცა ეკლესიები იხურებოდა, მოსახლეობაში არეულობა იწყებოდა.
გასულ კვირას რომში არქიეპისკოპოსმა ეკლესიები დახურა, მაგრამ იძულებული გახდა ორი დღის შემდეგ თავისი გადაწყვეტილება გაეუქმებინა - ზოგიერთი მრევლის მიერ გამოხატული უკმაყოფილების გამო. მას ისიც უთხრეს, რომ ასეთ მოქმედებას შესაძლოა პონტიფიკის (პაპის) მხრიდან „რადიკალური ზომის“ მიღება გამოეწვია. იეღოვას მოწმეეებმაც დროებით უარი თქვეს თავიანთიტრადიციაზე - ქუჩაში ჯგუფად დგომის თაობაზე“, - აღნიშნავს ავტორი და პუბლიკაციის დასასრულს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებაც წერს:
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელსაც იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ აჭიანურებდა საერთო კოვზით ზიარების დროებით შეზღუდვას, აქცია ჩაატარა, აკურთხა თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩები, მრევლის ვირუსისაგან დაცვის მიზნით: სამშაბათს მღვდლები ხატებით ხელში პიკაპებით დადიოდნენ და ადამიანებს, შენობებს და ტროტუარებს წმინდა წყალს ასხურებდნენ. „ეს ეკლესიის მხრიდან კარგი ნაბიჯია მოსახლეობის დასამშვიდებლად და იმედის მისაცემად“, - ციტირებს ავტორი ერთ-ერთი მოქალაქის, მრევლის კოტე სვანაძის ნათქვამს.
წყარო: «Reuters» (დიდი ბრიტანეთი)
მოამზადა სიმონ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge