დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა 27.03.2020 22:44

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. საფინანსო ინსტიტუტის  ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვან სფეროებში. ის ასევე, დაეხმარება ქვეყანას შეამსუბუქოს COVID-19-ის პანდემიის ეკონომიკური გავლენა. მსოფლიო ბანკის ცნობით,  პროექტის ამოცანა იმ რეფორმების ხელშეწყობაა, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ინკლუზიურობის ზრდისა და მედეგობის შენარჩუნებისკენაა მიმართული. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე; კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე; უფრო კონკურენტული ბაზრების ხელშეწყობაზე; ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე; მასწავლებლის მუშაობისა და ანაზღაურების გაუმჯობესებაზე და ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე.

 

"ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს სტაბილური მაკრო-ფისკალური გარემო და განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები, ეკონომიკური მართვის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება კი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესაბასა და ასევე, COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სებასტიან მოლინეუსმა. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ „განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები“ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020 წლის სტრატეგიასთან და ასევე, მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების ჩარჩო დოკუმენტთან.

 

ინფორმაციას espersona.ge ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ