დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

კოვიდ 19 და საერთაშორისო დახმარება საქართველოს 02.04.2020 16:21

 

იმავე „ამერიკის ხმის“ ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით კოვიდ 19 და საერთაშორისო დახმარება საქართველოს“, რომელშიც მიმოხილულია როგორც საქართველოს მიერ უკვე მიღებული, ასევე სავარაუდო დახმარებები საერთაშორისო თანამეგობრობისაგან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.


გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


„რამდენიმე დღის წინ, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველო 1.1 მილიონ დოლარს მიიღებს, რათა ჯანდაცვის სფეროს დახმარება გაუწიოს. საელჩოს განცხადებით, დახმარება გაეწევა ლაბორატორიული სისტემების მომზადებას, ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევებს და მეთვალყურეობას, ასევე ტექნიკურ ექსპერტთა დახმარებას, მათ მომზადებას და ინფორმაციის გაცვლას. ამასთან, თბილისში, შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ ამერიკული მხარე ეხმარება ქართველ სამედიცინო პერსონალს, რათა კოვიდ-19-ის გამოწვევას გაუმკლავდნენ. საელჩოს ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ, აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს დახმარებით, გადაამზადა და აღჭურვა საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების ჯგუფები. საელჩოს თქმით, ეს ჯგუფები ახლა მარნეულში მუშაობენ. ამ დროისთვის, შეერთებული შტატების ბიუჯეტით, საქართველოს 2020 საბიუჯეტო წლის განმავლობაში, არასამხედრო მიზნებისთვის 89,8 მილიონის დახმარებაა გათვალისწინებული (სამხედრო დახმარებასთან ერთად სულ 132 მილიონი). ჯერჯერობით უცნობია, მოხდება, თუ არა ამ თანხის მიმართვა კორონავირუსის ეფექტის შესამცირებლად და განიხილება თუ არა რაიმე დამატებითი დახმარება ვაშინგტონის მხრიდან.


საქართველოს დახმარებას ჰპირდება ევროკავშირიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სოლიდარობის პაკეტის ფარგლებში, საქართველო 70 მილიონი ევროს მიიღებს კოვიდ-19-ის ეკონომიკური ეფექტის შესასუსტებლად და საგანგებო დახმარების სახით 20 მილიონი გამოიყოფა კორონავირუსთან საბრძოლველად. ამასთან, ევროკომისიის განცხადებით, საქართველოს ექნება წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილ 30 მილიონი ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობასა და მოწყობილობებზე, როგორიცაა ნიღბები, ხალათები, სასუნთქი აპარატები და ა.შ.


ევროკავშირის და აშშ-ის გარდა, საქართველოს დახმარება აღუთქვა ასევე მსოფლიო ბანკმა, რომელმაც საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარებისთვის“ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას „ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვან სფეროებში." ის ასევე დაეხმარება საქართველოს შეამსუბუქოს COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენა“.


სტატიაში მიმოხილულია აგრეთვე ის სავარუდო ნეგატიური შედეგები, რასაც საქართველოს კორონავირუსის ეპიდემია მოუტანს, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში: „კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, და ასევე ცალკეული ადამიანისთვის, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიაში არიან ჩართული, მნიშვნელოვან დანაკარგებს ნიშნავს. საქართველოს მთავრობა ცდილობს ოპტიმიზმის შენარჩუნებას და ტურიზმის სექტორში ჩართულ ბიზნესებს 1 მილიარდი ლარის შეღავათებს და დახმარებას სთავაზობს. პრემიერმა განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორი მთავრობის კრიზისული გეგმის ცენტრალური ნაწილია“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.


წყარო:

https://www.amerikiskhma.com/a/foreign-aid-to-georgia-amid-coronavirus/5355474.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ