დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„პუმა“ და „ადიდასი“ - ორი ბრენდი, ორი მოქიშპე კომპანია - გერმანიის ერთი პატარა ქალაქის ერთი ოჯახიდან, ანუ ძმები დასლერები 04.04.2020 17:28

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნიკა თოხაძის ბლოგი:

 

 

რუდოლფი და ადოლფი, გერმანელი ძმები, რომლებმაც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ორად გაყვეს მსოფლიო სპორტის სამყარო. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ 1924 წელს ძმებმა ადოლფ და რუდოლფ დასლერებმა ოფიციალურად დააფუძნეს კომპანია „Gebruder Dassler”  (დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკა”), რომელმაც სპორტსმენებისთვის ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო. პირველი წარმატებული პროდუქტი, რომელიც დასლერების ფაბრიკაში შეიქმნა, იყო ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი შიპებიანი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც სველ მოედანზე სპორტსმენებს სწარაფად გადაადგილების და მანევრირების საშუალებას აძლევდა. იმ დროისთვის მსოფლიოში ანალოგიური პროდუქტი არ იწარმოებოდა და ალბთ ეს იყო მიზეზი დასლერების ფეხსაცმლის განსაკუთრებული პოპულარობისა, რამაც ფაბრიკის გაფართოებას შეუწყო ხელი და უკვე 1927 წელს ფაბრიკა დღიურად 100 წყვილ სპორტულ ფეხსაცმელს აწარმოებდა. 1928 წელს დასლერებმა შიპებიანი სპორტული ფეხსაცმელი ოფიციალურად დააპატენტეს. 1930 წლიდან კი ძმების ფაბრიკამ გარდა ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი ფეხაცმელისა, დაიწყო მძლეოსნებისთვის სპეციალურად შექმნილი შიპებიანი სპორტული ფეხაცმლის წარმოება. დასლერები აქტიურად თანამშრომლობდნენ სპორტსმენებთან და საკუთარი წარმოების ფეხსაცმელს სთავაზობდნენ ოფიციალურ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის. 1932 წელს დასლერების სპორტული ფეხსაცმლით შემოსილმა  მძლეოსანმა არტურ იონაუტმა ოლიმპიურ თამაშებზე 100 მეტრიან დისტანციაზე სირბილში მესამე ადგილი დაიკავა, მოგვიანებით 1936 წელს ბერლინის ოლიმპიადაზე ლეგენდარული ამერიკელი მძლეოსანი ჯესი ოუენსი დასლერების წარმოებული შიპებიანი ფეხსაცმლით ოლიმპიადის ტრიუმფატორი გახდა, მოიგო ოთხი ოლიმპიური მედალი და დაამყარა ხუთი მსოფლიო რეკორდი.

                                                                                                     

მეორე მსოფლიო ომის დროს ძმების ფაბრიკა დროებით ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადავიდა და სახელმწიფო შეკვეთებს ასრულებდა. ომის დასრულების შემდეგ, ძალიან მალე, 1948 წელს რუდოლფმა დააფუძნა  კომპანია “Ruda” (რუდოლფ დასლერი), რომელსაც მოგვიანებით სახელი შეუცვალა და „Puma” უწოდა. ერთი წლის შემდეგ, 1949 წელს ადოლფმაც დააფუძნა საკუთარი კომპანია „adidas” (ადოლფ დასლერი). დღემდე უცნობია რა იყო ძმებს შორის ჩამოვარდნილი უსიამოვნების და განხეთქილების რეალური მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ 1949 წლიდან გაჩნდა სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ორი, ერთმანეთისადმი მეტად ანტაგონისტურად, შეიძლება ითქვას მტრულად განწყობილი კომპანია: „adidas“  და  “puma”. ორივე კომპანია იწყებს აქტიურ თანამშრომლობას ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბებთან და ცალკეულ სპორტსმენებთან საკუთარი პროდუქციის რეკლამირების მიზნით. უკვე 1949 წლიდან გერმანული საფეხბურთო კლუბების „ბორუსიას“, „აინტრახტის“, შტუტგარტის“ და „კაიზერსლაუტერნის“ ფეხბურთელები „PUMA”-ს ბუცებით ასპარეზობენ, 1954 წელს კი მათ შეუერთდა „ჰანოვერ-96“, რომელიც ჩემპიონი გახდა და რომლის რვა ფეხბურთელი ასევე „PUMA”-ს ბუცებით თამაშობდა. პარალელურად რეკლამაზე და პოტენციურ კლიენტებზე მუშაობდა “adidas“-ი. იმავე 1954 წელს ადოლფმა მოახერხა  საკუთარი წარმოების ბუცებით ბუნდესნაკრების შემოსვა და არც შემცდარა: გერმანიის ნაკრები ჩემპინატის ტრიუმფატორი გახდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შემდეგი, 1958 წლის მსოფლიო საფეხბურთო პირველობაზე  კი „PUMA”-ს გაუმართლა-მისი ბუცებით შემოსილმა ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ყველაფრის მიუხედავად „ადიდასი“ უფრო პოპულარული ხდება  ვიდრე „პუმა“ ; ამის მიზეზად კი ადოლფის კრეატიულობა და ბიზნესის წარმოების მისეული ხედვა უნდა ჩაითვალოს. ”ადიდასი“ არ კმაყოფილდება მხოლოდ ფეხსაცმლის წარმოებით და 1952 წლიდან  იწყებს თანამშრომლობას ვილი ზელტენრაიხთან და საფუძველი ეყრება სპორტული ჩანთების წარმოებას,  უკვე ცნობილი სამზოლიანი სიმბოლიკით, ოდნავ მოგვიანებით კი იგივე კომპანია უკვე ამზადებს სპორტულ ტანსაცმელს მკლავებზე ვერტიკალურად გაყოლილი სამი ზოლით. 1956 წელს კომპანია „ადიდასმა“ მიაღწია შეთანხმებას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან თამაშებზე რეკლამის განთავსების შესახებ - რაც ადოლფის კომპანიის უდაო წარმატებად უნდა ჩაითვალოს. ძმების „ომში“ თანდათან ძალაუნებურად ერთვებიან მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები: „პუმას“ ყავს: პელე, მძლეოსანი მერი პიტერსი, NBA-ს კალათბურთელი უოლტ ფრეიზერი, იოჰან კრუიფი, მოგვიანებით დიეგო მარადონა და ბორის ბეკერიც პუმას ფეხსაცმლით ითამაშებენ..


“ადიდასმა“ შემოსა გერმანიის საფეხბურთო ნაკრები, 1971 წლის მოჰამედ ალისა და ჯო ფრეიზერის შეხვედრისას ორივეს „ადიდასის“ სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, ხოლო 1970 წლის მექსიკის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპინატისთვის „ადიდასმა“ შექმნა ოფიციალური ბურთი „ადიდას ტელსტარი“, რომელიც დღემდე პროდუქტის კლასიკად ითვლება.  და კიდევ: უფროსი თაობისთვის კრაგად ნაცნობი „ადიდასის“  სამფოთლიანი ლოგო 1972 წელს შეიქმნა და ძალიან მალე დაიპყრო სრულიად მსოფლიო სპორტული სამყარო.

 

ორივე კომპანია - „ადიდასი“ და „პუმა“  თანდათან ძლერდება და პარალელურად ფართოვდება მათი ასპარეზიც: მსოფლიო ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე, საჩოგბურთო, საფეხბურთო საკალათბურთო ტურნირებზე სულ უფრო მეტი სპორტსმენი ჩანს „პუმასა“ და „ადიდასით“ შემოსილი, ამ ბრენდებმა მოიცვა სპორტის თითქმის ყველა სახეობა, რის გამოც უზომოდ გაიზარდა მათი პოპულარობა არა მხოლოდ პროფესიონალ სპორტსმენებში არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მოსახლეობაში. 1974 წლის 27 დეკემბერს ფილტვის კიბოსგან რუდოლფი გარდაიცვალა, 1978 წლის 6 სექტემბერს კი ინსულტის შედეგად ადოლფი. ბავარიის მხარის პატარა ქალაქ ჰერცოგენაურიხში დაბადებულმა ძმებმა დასლერებმა ორად გაყო ჯერ საკუთარი ქალაქი, (სადაც ქუჩის ერთ მხარეს „ადიდასი“ ბინადრობს, მეორეზე - „პუმა“) , მოგვიანებით კი მთელი მსოფლიოს სპორტული სამყარო. მათ შექმნეს ბრენდი, რომელიც დღესაც სპორტული ეკიპირების ლეგენდად და კლასიკად ითვლება: „პუმა“ და „ადიდასი“-ორი  ბრენდი, ორი მოქიშპე კომპანია - გერმანიის ერთი პატარა ქალაქის ერთი ოჯახიდან.    

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ