დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ე.წ. „სტაჟირება“ ანაზღაურებადია, რაც, ძირითადად, არ სრულდება - შრომის უსაფრთხოების რისკები 04.04.2020 19:26

სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური სტერსი, მძიმე და სიცოცხლის საფრთხის შემცველი სამუშაო გარემო, მიზერული ანაზღაურება, - ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც, ჩვენს ქვეყანაში დასაქმებული ადამიანები არცთუ ისე იშვიათად აწყდებიან. ამ და სხვა პრობლემების გათვალისწინებით, ორი თვის წინ, ვიდრე პანდემიის საფრთხე რეალური გახდებოდა, ქართველმა  ახალგაზრდებმა კამპანია, „არა მონობას“ წამოიწყეს. მათი მიზანი ქვეყანაში ღირსეული შრომის პირობების შექმნა და მისი უფლებების დაცვაა. 41 000-ზე მეტი ახალგაზრდა ერთი მიზნის ქვეშ  გაერთიანდა: ისინი საზოგადოებას საკუთარ სამუშაო გამოცდილებას უზიარებენ და ამ კუთხით, პრობლემებზე ანონიმურად წერენ. უკვე აღარავისთვის უცხო აღარაა, რომ სუპერმარკეტში მომუშავე კონსულტანტს, ყველა ფუნქციის შეთვისება უწევს, - ეს იქნება დასუფთავება, საწყობიდან პროდუქტის მომარაგება, სალაროსთან დგომა თუ სხვა. გართულდა ისეთი სამსახურის მოძებნა, სადაც დამსაქმებელიცა და დასაქამებულიც, თანაბრად, კმაყოფილები იქნებიან. ვაკანსიების კითხვის დროს აუცილებლად შეგხვდებათ ვრცელი, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ჩამონათვალი, რაც ანაზღაურებასთან სრულიად შეუსაბამოა. მაგალითად, ვხვდებით ასეთ  ვაკანსიას: ქუთაისში, ერთ-ერთი სასტუმრო, ადმინისტრატორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები შემდეგია: უმაღლესი განათლება, სასიამოვნო გარეგნობა, მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება, ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა, საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად და ა.შ. სამუშაო გრაფიკი და ხელფასი: ყოველ მესამე დღეს 24 საათი. ხელფასი - 300 ლარიდან. 

 

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ „არა მონობის“ ჯგუფში, ერთ-ერთი დასაქმებულის, - ვ.ჯ-ს შეტყობინებიდან ამონარიდს: 

 

- „დეგუსტოში“ მზარეულად მუშაობა რომ დავიწყე, შეფის მხრიდან აგრესია და უკმაყოფილება წამოვიდა. მომუშავე პერსონალს ასე მიმართავდა: დაიჭირე ეს ტაფა, სანამ შემოგახეთქე, ასევე აგინებდა თანამშრომლებს. მე რადგან ბიჭი ვიყავი, თავიდან ვერ მიბედავდა. შესვენებისთვის განკუთვნილ 1 საათს ვერ ვიყენებდით, მხოლოდ 20 წუთით თუ მოვახერხებდით გასვლას. მენეჯერიც არ გვაკლებდა და თუ რამე არ მოსწონდა გვიყვიროდა, - ხომ არ უბერავთო?“ 

 

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკომ“ სასამართლო დავა, სწორედ ამ საკითხზე წააგო. 2017 წლის 7 თებერვალს, „ფრესკოს“ თანამშრომლების სახელით, Facebook გვერდზე „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორმა, გიორგი ლაბაძემ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ „ფრესკოს” თანამშრომლების სამუშაო საათები კვირაში  60 საათს შეადგენს, ხოლო ანაზღაურება მინიმალურია – 400 ლარამდე. პერსონალის მიმართ ჯარიმების რაოდენობაც არაადექვატურია, - 10 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს. „ფრესკო“აღნიშნული გვერდის ავტორს უჩიოდა  და ითხოვდა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფას. სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. „ფრესკოს“2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და  ვიდეოთვალთვალის განხორციელების შეწყვეტა დაევალა, ასევე, მოპოვებული ჩანაწერების სრულად განადგურება, რადგან ყოფილი მომხმარებლების განცხადებით, მხოლოდ ქალბატონების გასახდელ ოთახებში მიმდინარეობდა ვიდეო მონიტორინგი, სადაც მამაკაცებს და ადმინისტრაციის ნებისმიერ წარმომადგენელს ჰქონდა შესვლის უფლება და წვდომა ჩანაწერებზე.

 

კიდევ ერთი შემთხვევა: თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარში“, მომხმარებელსა და მაღაზიის კონსულტანტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, მომხმარებელმა მაღაზიის თანამშრომელს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. 21 იანვარს, სტუდენტი მათე ჯომიდავა მიყენებული ტრამვის შედეგად გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაა ასევე, მშენებლობაზე, მაღაროებში და სხვა რთულად შესასრულებელ სამუშაოებზე დასაქმებულთა მხრივაც, სადაც, კვირა არ გავა, ვინმე არ ემსხვერპლოს! 

 

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიამალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. ამავე კოდექსით, გამოსაცდელი ვადა, ე.წ. „სტაჟირებაც“ ანაზღაურებადია, რაც, ძირითადად, არ სრულდება. და ბოლოს, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შრომის უსაფრთხოებით გამოწვეული რისკები, აუცილებელია, მუშაობის დაწყებამდე, დამსაქმებელს მოვთხოვოთ ხელშეკრულება, კარგად გავეცნოთ ჩვენს უფლებებს და მხოლოდ ამის შემდეგ დავთანხმდეთ მუშაობაზე. 

 

 

 

 

თამარ ტოჩილაშვილი, 

 

"ჯორჯიან თაიმსი"

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ