დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

გაისად ამერიკული პროფესიული კალათბურთის სიმბოლოს - ალან სიგელის შედევრს 50 წელი უსრულდება 05.04.2020 15:49

 

 

ნიკა თოხაძის ბლოგი:

 

 

 

 

 

NBA-ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია-ჩრდილოეთ ამერიკის პროფესიული საკალათბურთო ლიგა, რომელიც აშშ-სა და კანადის  პროფესიულ კლუბებს აერთიანებს, ერთ-ერთია ჩრდილოეთ ამერიკის პროფესიულ ლიგებს (ბეისბოლი, ყინულის ჰოკეი, ამერიკული ფეხბურთი ) შორის, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მთელს მსოფლიოში NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატს და განსაკუთრებით სუპერფინალების სერიას მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს თვალს. 


NBA - 1946 წელს, ნიუ-იორკში დაფუძნდა. დღეისათვის  ის მსოფლიო სპორტის სამყაროში ერთ-ერთ  სტაბილურ, ძლიერ და მდიდარ ორგანიზაციად ითვლება, რაც მეტწილად განპირობებულია მარკეტინგისა და სარეკლამო პოლიტიკის სწორი ორგანიზებით. თუმცა სიძნელეები „NBA“-ს ისტორიაშიც იყო - 1969 წელს ლიგას საკმაოდ ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (ABA) სახით და NBA გულშემატკივრების რაოდენობის შემცირების და მოთამაშეთა დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა. ამას ემატებოდა სატელევიზიო ტრანსლაციების უფლების გაყიდვიდან შემოსული თანხების შემცირების რეალური საშიშროება. ყველაფერი ამის გათვალისწინებით NBA-მ  გადაწყვიტა დაეწყო ლიგის რებრენდინგი  და აგრესიული სარეკლამო კამპანია, რომლის  მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ახალი ემბლემის  შექმნა. საქმეში ჩაერთო იმ დროისთვის მარკეტინგისა და რებრენდინგის ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი ალან სიგელი. 1971 წელს NBA-ს ხელმძღვანელობამ ალან სიგელის მიერ წარდგენილი ლოგო ოფიციალურად დაამტკიცა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ემბლემად.


ერთი შეხედვით ამ ისტორიაში უცნაური არაფერია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ლოგოზე გამოსახული სილუეტი რეალური ადამიანის და მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი კალათბურთელის ფოტოდანაა აღებული. მოგვიანებით თავად ლოგოს ავტორი  ამბობდა: NBA-ს ხელმძღვანელობისთვის საკუთარი ნამუშვრის წარდგენისას, არავის გაუჩნდა კითხვა როგორ და რის საფუძველზე შეიქმნა ლიგის ახალი სიმბოლო. თითქმის 40 წლის შემდეგ, 2010 წელს „The Los-Ageles Times”- თვის მიცემულ ინტერვიუში ალან სიგელმა აღიარა, რომ ლოგოზე მუშაობისას შემთხვევით გადააწყდა ფოტოგრაფ უენ რობერტსის ჟურნალ „sport“-თვის გადაღებულ ფოტოს, რომელზეც გამოსახული იყო იმდროინდელი “ლეიკერსის“ მცველი ჯერი ვესტი. ალან სიგელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ლოგოზე მუშაობისას ძალიან ბევრი ვარსკვლავის ფოტომასალა შეისწავლა, მაგრამ ჯერი ვესტის ეს ფოტო იმდენად დინამიური და შინაარსიანია, რომ დიდ ხანს აღარც უფიქრია რა უნდა გამოეყენებინა ახალი სიმბოლოსთვის.

 

ვესტს საკმაოდ საინტერესო სპორტული ბიოგრაფია აქვს: თამაშობდა „ლეიკერსის“ შემადგენლობაში, იყო NBA-ს ჩემპიონი, არის „დიდების დარბაზის“ წევრი, ერთადერთი კალათბურთელია, რომელიც ფინალში დამარცხების მიუხედავად ფინალური სერიის MVP გახდა. თოთხმეტჯერ იყო „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის მონაწილე. საინტერესოა, რომ ლოგოზე მისი სილუეტის გამოყენებისათვის თავად ვესტს არანაირი ფულადი ანაზღაურება არ მიუღია და ამის მიზეზი ალბათ  იყო ის, რომ  NBA-ს ჩინოვნიკები ოფიციალურად არასდროს აღიარებდნენ, რომ ლიგის ლოგოზე მართლაც ჯერი ვესტი იყო გამოსახული.  ამერიკის დროშის ფერებით და ჯერი ვესტის სილუეტით ალან სიგელის მიერ შექმნილი ლოგო დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სპორტული სიმბოლოა, რომელიც  გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ამერიკულ პროფესიულ კალათბურთთანაა ასოცირებული.

 

კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ამერიკაში დაიწყო კამპანია ლიგის ლოგოზე სილუეტის შეცვლის მოთხოვნით: ინტერნეტით გავრცელებულ პეტიციას მილიონობით რიგით გულშემატკივართან ერთად  პოლ პირსი, სნუპ-დოგი, ჯასტინ ბიბერიც შეუერთდა. კამპანიამ ისეთი დიდი მასშტაბები მიიღო, რომ NBA-ს ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ოფიციალური კომენტარი გაეკეთებინა: “ვფიქრობთ, ლოგოზე სილუეტის შეცვლა არ არის ის ქმედება, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია პატივი მივაგოთ კობის ხსოვნას “. შეცვლის თუ არა NBA-ს ლოგოზე ჯერი ვესტის სილუეტს კობი ბრაიანტის ფიგურა, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ამერიკული პროფესიული კალათბურთის სიმბოლოს იუბილესთვის მოვემზადოთ-გაისად ალან სიგელის შედევრს 50 წელი უსრულდება.

 

                                                                                 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ