დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კორონავირუსული სასწაული საქართველოში: ჯერ-ჯერობით სიტუაცია კონტროლის ქვეშაა 06.04.2020 11:28

დიდი ბრიტანეთის გამოცემა «Emerging Europe»-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „კორონავირუსული სასწაული საქართველოში: ჯერ-ჯერობით სიტუაცია კონტროლის ქვეშაა“, რომლის ავტორი თვით აღნიშნული გამოცემის მთავარი რედაქტორი კრეიგ ტურპი გახლავთ. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


„საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნად, ეკონომიკური ლიბერალიზმის ბურჯად და მისაბაძად სხვებისათვის. მაგრამ ბოლო კვირის მანძილზე საქართველომ აპლოდისმენტები განსაკუთრებით კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული წარმატებული ზომების გამო დაიმსახურა.


3,7 მილიონიან ქვეყანაში ამჟამად, 4 აპრილისათვის, 157 კორონავირუსიანი ადამიანია რეგისტრირებული, მათგან 28 უკვე მთლიანად გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა მხოლოდ  ორი დაინფიცირებული ადამიანი, ღრმად მოხუცებულები, რომლებსაც ჯანმრთელობის მხრივ ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდათ - ბევრი ავადმყოფობა აწუხებდათ.


საქართველო იმდენად წარმატებით ეწინააღმდეგება კორონავირუსის გავრცელებას, რომ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების ყურადღება მიიპყრო - თუ როგორ ახერხებს პატარა კავკასიური სახელმწიფო „კოვიდ-19“-ის გავრცელების წარმატებით კონტროლს.


საქართველოს წარმატება ხელისუფლების სწრაფმა და გადამწყვეტმა მოქმედებამ განაპირობა.


ქვეყნის მთავრობამ ენერგიული მოქმედება იმ დროიდანვე დაიწყო, როგორც კი 26 თებერვალს კორონავირუსით პირველი დიაგნოსტირებული მოქალაქე გამოვლინდა, რომელიც ირანიდან იყო დაბრუნებული. იმდღესვე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო ოპერატიული უწყებათაშორისო ჯგუფი შექმნა, რომლის პირველი გადაწყვეტილება ირანთან ავიამიმოსვლის აკრძალვა გახდა. 28 თებერვალს, როცა ვირუსი იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეს დაუდგინეს, აიკრძალა ფრენა იტალიასთან, და როცა 29 თებერვალს მესამე ინფიცირებული გამოვლინდა, მთელ ქვეყნის ტერიტორიაზე სკოლები და უმაღლესი სასწავლებელები დაიხურა, მომდევნო დღეებში გამოცხადდა მკაცრი კარანტინი, დაიხურა სახელმწიფო საზღვრები, შეწყდა საერთაშორისო ფრენები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და ბოლოს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, კომენდანტის საათით: თბილისში მთლიანად გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტროპოლიტენი... იგივე ზომები იქნა მიღებული სხვა ქალაქებშიც. ამჟამად საქართველოში სრულიად შეწყვეტილია უცხოელი მოქალაქეების შესვლა, საზღვრებს კვეთს მხოლოდ სატვირთო მანქანები (ამ შემთხვევაშიც კი, საქართველოს მთავრობამ სატრანზიტო მოძრაობისთვის, მეზობელი ქვეყნებს „რისკის ჯგუფის“ მძღოლების შეცვლა მოსთხოვა).


თუმცა, როგორც ჩანს, ვირუსთან ბრძოლაში საკვანძო ფაქტორის როლი შეასრულა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითმა ლაბორატორიამ, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ექვემდებარება.


„ლუგარის ლაბორატორიის მეშვეობით საქართველო არამარტო ტესტების შედეგებს იღებს უმოკლეს ვადებში, არამედ არსებობს შესაძლებლობა, რომ ვირუსის გავრცელების კვალი ვიპოვოთ“, - ამბობს ნინო ხელაძე, ქართველი ჟურნალისტი.


რიჩარდ ლუგარის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია საქართველოში 2011 წელს აშენდა, აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხებით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე (ბიოლოგიური ზემოქმედების ერთობლივი პროგრამის ჩარჩოებში). მოკლე დროში ცენტრი ბიოსამედიცინო უსაფრთხოების კვლევისა და კადრების სპეციალიზების სფეროში ლიდერი გახდა, თუმცა ექსპლოატაციაში შესვლისთანავე ეს დაწესებულება რუსეთის პროპაგანდის სამიზნედაც იქცა. „რუსებმა მითები გაავრცელეს ლაბორატორიის ეგრეთ წოდებულ „რეალურ დანიშნულებაზე“. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა მოსკოვის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია დაიჯერა“, - ამბობს ნინო ხელაძე Emerging Europe-სთან საუბარში, - „მაგრამ ახლა ქვეყანაში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიას არ აქებდეს, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ გაწეული მისი მუშაობის გამო“.


დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვირუსთან დაკავშირებით მომავალ ორ კვირაში სიტუაცია გაუარესდება, „კოვიდ-19“-ის გავრცელება ჯერ კიდევ კონტროლდება. დასნებოვნების ბევრი ფაქტი ცალკეულ კლასტერებში მოხდა, მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა. „ბევრმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ამგვარ დასახლებულ პუნქტებში მშობლიურ ენაზე მოსახლეობის ინფორმირება არასაკმარისად მოხდა და მცხოვრებლებმა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული საფრთხე ჯეროვნად ვერ შეაფასეს“, - აღნიშნავს ნინო ხელაძე.


საქართველოში არის შეშფოთების საფუძველი იმისა, რომ სააღდგომო დღესასწაულის აღნიშვნამ (19 აპრილს) შეიძლება ვირუსის ეპიდემიის გავრცელებას ხელი შეუწყოს. მაშინ როცა ქვეყნის მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოღვაწეები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მოსახლეობას მოუწოდებენ შეასრულონ დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები და თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულზე, თვითონ ეკლესიას განზრახული აქვს ღვთისმსახურება გააგრძელოს. ეკლესიამ ასევე უარი განაცხადა ზიარების დროს ერთი საერთო კოვზით სარგებლობის ტრადიციის დროებით შეწყვეტაზე.


როგორც ნინო ხელაძე აღნიშნავს, „ახლოვდება წინასაარჩევნო პერიოდი და, აქედან გამომდინარე, მთავრობისთვის ეკლესიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია... ამასთან, უნდა ითქვას, რომ ეკლესიებმა დაიწყეს დაავადების კონტროლის ცენტრის ზოგიერთი მითითების შესრულება, მაგალითად, წირვისა და სხვა რიტუალების შესრულების დროს მრევლი მიერ სოციალური დისტანცირების დაცვა. ასევე ნებადართულია სახლში დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობისა და ასაკის გამო მომატებული რისკს ჯგუფს მიეკუთვნებიან. ბევრი ეკლესია ტექნიკით სარგებლობს და ღვთისმსახურებას ქუჩაში მდგარი მრევლისათვის ხმამაღლამოლაპარაკეებით გადასცემს“.


იქნება თუ არა მთავრობის მიერ ეკონომიკის დაცვისათვის მიღებული ზომები ასეთივე წარმატებული, როგორიც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ წარმოებს, ეს ჯერ-ჯერობით არავინ იცის და გაურკვეველია.


ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ წელიწადში 4,5%-ით მატულობდა და ეს მრავალი რყევის, მათ შორის კონფლიქტებისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისების მიუხედავად.


მაგრამ ახლა - ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, წარმოების ზრდის ესოდენ შთამბეჭდავი ტემპი, როგორც ჩანს, შეჩერდება და საქართველოს წინ, დიდი ალბათობით, ღრმა რეცესია ელოდება.


რასაკვირველია, ქვეყნის მთავრობა ამ ნეგატიურ პერსპექტივას ითვალისწინებს და ცდილობს სიტუაცია როგორმე შეარბილოს - დაგეგმილია ორ მილიარდამდე ლარს გამოყოფა ბიუჯეტიდან ეკონომიკის დასახმარებლად. საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც დაეხმარებიან - მსოფლიო ბანკმა უკვე განაცხადა 45 მილიონი ევროს გამოყოფის თაობაზე, ევროკავშირმა კი თითქმის 90 მილიონი ევროს ოდენობით. იმედია, საქართველო ნაკლები დანაკარგებით გამოვა კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული კრიზისიდან“.


წყარო: https://emerging-europe.com/news/georgias-coronavirus-miracle-so-far-so-good/

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ