დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

მთავრობა დღეიდან საწარმოების შემოწმებას იწყებს 06.04.2020 13:14

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან საწარმოების შემოწმება იწყება, თუ როგორ ასრულებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

 

მისივე თქმით, დღეში 50-მდე სხვადასხვა საწარმო და ბიზნესი შემოწმდება.

 

„დღეიდან ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ტექზედამხედველობა და ასევე, მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ინტენსიური შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ, თუ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები, რაც შეეხება დასაქმებულების უსაფრთხოებას. ვიწყებთ შემოწმებას იმ სისტემური საწარმოებისას, ვისაც მიეცათ უფლება ფუნქციონირების. ეს მათ აკისრებს დამატებით პასუხისმგებლობას. დავიწყებთ მსხვილი საწარმოებიდან შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი არის დაცული და იქ საქმიანობა უსაფრთხოა. შემოწმების პროცესი ძალიან ინტენსიურად წარიმართება და ვვარაუდობთ, რომ გაერთიანებული ძალებით ყველანი დღეში შევძლებთ 50-მდე სხვადასხვა საწარმოს და ბიზნესის შემოწმებას იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს“, - განაცხადა თურნავამ.

 

მისივე განცხადებით, პარალელურად დაიწყება იმ ბიზნესების შემოწმება, რომელთაც დროებით შეუჩერდათ საქმიანობის უფლება.

 

„პარალელურად დავიწყებთ იმ ბიზნესების მდგომარეობის შემოწმებასაც, ვისაც დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლება, რომ მივცეთ მათ საშუალება დროულად გადაეწყონ და უპასუხონ ამ ახალ სტანდარტებს და გააგრძელონ ფუნქციონირება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ასევე დრო სჭირდება კომპანიებს და ბიზნესს, რომ სიღრმისეულად გადაეწყონ უსაფრთხო ბიზნესის საქმიანობის წესებზე. ეს არის ინვესტიცია, რომელიც თქვენ არ დაგეკარგებათ ჩვენო მეწარმეებო იმიტომ, რომ სამომავლოდ ეს იქცევა ცხოვრების წესად, ამიტომ კარგად მოემზადეთ და ეს დრო გამოიყენეთ იმისთვის, რომ წარმატებით გაიაროთ შემოწმების პროცესი და ჩვენ შევძლოთ მშვიდად მოგცეთ შემდგომი საქმიანობის გაგრძელების უფლება. ვიწყებთ დღეიდან, პერიოდულად გავაშუქებთ კიდეც, თუ რომელი საწარმო როგორ ასრულებს წესებს. ასევე, თუ რამე ჩვენ გამოგვეპარება, თვითონ დასაქმებულები იქნებიან მთავარი ინდიკატორები და ცხელ ხაზზე მოგვახსენებენ, თუკი რომელიმე საწარმო არღვევს რომელიმე გაიდლაინს და ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენი ამოცანაა არაა დასჯა, თუმცა ჯარიმებსაც და საქმიანობის შეჩერებასაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა, არამედ დახმარება ბიზნესის, რაც შეიძლება მალე გადაეწყონ ახალ ეტაპზე და იყვენ სრულიად უსაფრთხოდ“, - განაცხადა თურნავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ