ბესიკ ლაგვილავა სოციალურ ქსელში წერს:
"გარდაუვალი კატასტროფა ახლოვდება.
ვეჭვობ, დედამიწაზე მცხოვრებთა დიდი უმრავლესობისთვის სრულიად უცნობია, რომ ჩვენი გალაქტიკისკენ, რომელსაც "ირმის ნახტომს" ("რძიან გზას") ეძახიან და რომელსაც ეკუთვნის ჩვენი მზის სისტემა , კოსმოსური სისწრაფით მოიწევს სხვა გალაქტიკა "ანდრომედა".
ჩვენი "ირმის ნახტომის" გალაქტიკა თავისი სიდიდით, ორასი მილიარდი ვარსკვლავით, რომელთაგან უამრავი მზეზე ათასჯერ დიდია, სამყაროს უდიდეს გალაქტიკათა შორის საპატიო პირველ ათეულში მაინც არის და მას მრავალგზის გადაუტანია მსგავსი შეჯახება, გაუმარჯვნია და თავად გადაუყლაპავს სხვა მცირე გალაქტიკები, მაგრამ ამჯერად, სხვა შემთხვევაა...
თავად ანდრომედას გალაქტიკა ერთ-ერთი უდიდესია სამყაროში და მასთან შეჯახება გამოიწვევს ჩვენი გალაქტიკის გარდაუვალ კატასტროფას... ვარსკვლავები აფეთქდება, მათ შორის, მზეც და დედამიწა ან გასროლილ იქნება უზარმაზარ კოსმოსურ სივრცეში ან ნაწილებად დაიშლება და მისი ნაწილები იმოძრავებს, როგორც უსიცოცხლო, უზარმაზარი, სხვა პლანეტებისთვის სიკვდილის მთესველი ასტეროიდები. გამოიყოფა უზარმაზარი ენერგია და ჩვენი გალაქტიკის ცენტრი - ე.წ. "შავი ხვრელი" შეუერთდება "ანდრომედას" ცენტრს "შავ ხვრელს".
იმას კი, რაც ამის შემდეგ მოხდება, ვერ აღწერს ვერც ნიუტონის და ვერც აინშტაინის თეორიები.. ეს სულ სხვა ფიზიკა იქნება... ის ფიზიკა კი მხოლოდ ღმერთმა იცის !
დედამიწაზე ყოველ 30-40 მილიონ წელში ხდებოდა კატასტროფები, რომელიც ხან უზარმაზარი ასტეროიდების დაცემით იყო გამოწვეული ან უზარმაზარი ვულკანების ამოფრქვევით... ყველა მათგანი ცხოველთა იმ სახეობებს სპობდა, რომლებიც დედამიწაზე გაბატონებული იყვნენ კატასტროფის ჟამს! უკანასკნელმა დიდმა კატასტროფამ შეიწირა, მაშინ დედამიწაზე მაშინ გაბატონებული დინოზავრები.. დღეს დედამიწაზე გაბატონებული ცოცხალი არსება ადამიანია!
გამოსავალი თქვენ წარმოიდგინეთ არსებობს და ის... დაზღვევაა! დიახ დაზღვევა..
მაგრამ "ვენის სადაზღვევო ჯგუფის", ან "ლოიდის" სადაზღვევო აგენტი, რომ არ გეგონოთ, გეტყვით, რომ ეს დაზღვევაა - მოიძებნოს საცხოვრებლად ვარგისი სხვა პლანეტა.
შორს წავიდაო იტყვის ვიღაც, მაგრამ ჩემზე შორს წავიდა ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სამყაროს კვლევის სამმართველო - NASA და მან უკვე დაიწყეს კოსმოსურ ხომალდზე მუშაობა, რომელმაც ადამიანის გენი, უნდა გადაარჩინოს და საცხოვრებლად ვარგის ადგილზე გადაიყვანოს...
ის პირდაპირ კოსმოსში აიგება...
გესმით საით მიდის ეს ყველაფერი?! თუმცა, ეს შოკოლადის კანფეტებია იმასთან შედარებით, რაც ჩვენს გალაქტიკასთან გალაქტიკა "ანდრომედას" დაჯახების შედეგად მოხდება... ამისგან დაზღვევა უბრალოდ არ არსებობს - რადგან რაც მოუვა მზეს და დედამიწას მოუვა, ყველა სხვა ვარსკვლავს და პლანეტას!
ამაზე ვფიქრობდი, როცა ძაღლთან ერთად სეირნობის შემდეგ, ჩემს ქუჩაზე ამოვდიოდი. იქ ქუჩაში მეზობლები შემხვდნენ. ერთს გარაჟიდან ღვინო გამოეტანა და სხვა მეზობლისთვის დაესხა. მეორეს თავისი ვერანდიდან თავი ჰქონდა გადმოყოფილი და ხელში საკუთარი ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა, მეზობელმა მხატვარმა კი თავისი სახელოსნოს ფანჯრიდან არაყი გამომაწოდა...
აუცილებელ "სოციალური დისტანციაზე" ცოტა მეტიც კი დაცული გვქონდა, როცა "ჯანმრთელობისა" დავლიეთ;
როცა არაყმა გლანდებთან ჩამიარა და ყელი ჩამწვა, უცებ გამახსენდა, რომ ... რა ჯანმრთელობა, რა სასაცილო კორონოვირუსი...
ამ ხალხმა არ იცოდა, რომ ჩვენი გალაქტიკისკენ "ირმის ნახტომისკენ" კოსმოსური სისწრაფით მოიწევს გალაქტიკა "ანდრომედა" თავისი ორასი მილიარდი ვარსკვლავით და ამ ვარსკვლავების გარშემო მბრუნავი პლანეტებით და შეტაკება გარდაუვალია!
ვიამაყოთ! სამყაროს წარმოქმნიდან ცამეტნახევარი მილიარდი წლის განმავლობაში ჩვენს გალაქტიკას უამრავი ასეთი "თავდასხმა" მოუგერებია, თავადაც "დასხმია" თავს სხვა გალაქტიკებს და ყოველთვის გაუმარჯვნია, მაგრამ...
მაგრამ მორიგ შეტაკებას გამარჯვებული არ ეყოლება! ჩვენც და "ანდრომედაც" ავფეთქდებით!
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული!
კიდევ კარგი... კიდევ კარგი...
კიდევ კარგი, რომ ეს ყველაფერი... ორი მილიარდი წლის შემდეგ მოხდება!
იქამდე კი კარგად გაიაზრეთ, რა საოცარი და გიგანტურია სამყარო... რა პატარა ჩვენი დედამიწა, მით უმეტეს საქართველო და მთლად წერტილი - ადამიანი! რა სასაცილო და უმნიშვნელოა კორონოვირუსის საფრთხე ამ სამყაროსთან და მოსალოდნელ კატასტროფებთან შედარებით.
დატკბით ცხოვრებით!
ვისაც დრო ცოტა გაქვთ - აქ დაამთავრეთ კითხვა! ვისაც ბევრი დრო გაქვთ - მათთვის P.S....
P.S. "საქართველოში გრძელდება დებატები ეკლესიაში ერთი კოვზით ზიარებასთან დაკავშირებით. ეკლესია უკან იხევს, მაგრამ ლიბერალურად განწყობილ ჯგუფებს, სურთ ბოლომდე მიიყვანონ საქმე," - ჩაწერა თავის მოხსენებაში რუსეთის ეფესბეს მაიორმა სვირიდოვმა, რომელიც ეფ ეს ბე- ს კავკასიის განყოფილებაში, საქართველოს მიმართულების კურატორია, სასწრაფოდ საჭიროა ზომების მიღება, ბოტების და ტროლების ქარხნის ჩართვა, ჩვენი აგენტურის გააქტიურება, რომ საზოგადოებაში დაპირიპირების სიმწვავე არ დაიკარგოს.." - გააგრძელა მან თავისი "Доклад"-ი.
'საქართველო საკმაოდ წარმატებულად ართმევს თავს, კორონოვირუსის ეპიდემის გავრცელებასთან ბრძოლის ამოცანებს... " - დაიწყო თავისი "Report"-ი საქართველოზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანამშემწის თანაშემწის მესამე ასისტენტმა - ჯულიუსმა.
"დროზე მითხარი რა გინდა! ხომ იცი დრო ცოტა მაქვს!"- უთხრა უფალმა, მის კარებთან მორიდებით მდგომ ფრთებიდან ბუმბულგაცვენილ, სამოს შემოძარცვულ, მხრებში მოხრილ ანგელოზს და მასთან ერთად სათამაშო მაგიდასთან მჯდომმა ბრწყინვალედ მოსილმა, სხივმოფენილმა ანგელოზებმა ხორხოცი შეწყვიტეს. .
ხავერდგადაკრული სათამაშო მაგიდის თავში მჯდომი უფალი მაგიდის გარშემო მჯდომ ბრწყინვალე ანგელოზთაგან ფსონებს იღებდა...
იქვე, მაგიდასთან ვირტუალურ ეკრანზე მოჩანდა სამყაროს რუქა, რომლის ნახვა ფრთებგაქუცულ ანგელოზში მუდამ გაოცებას იწვევდა... როცა კი მოხვდებოდა ამ ოთახში, ის ჰიპნოტიზირებული შეჰყურებდა ამ რუქაზე გალაქტიკების, გალაქტიკების შიგნით ვარსკვლავების, ვარსკვლავების გარშემო პლანეტების და პლანატების გარშემო თანამგზავრების მოძრაობას... ხანდახან კომეტა ჩაიქროლებდა და ფრთებზე ბუმბულშემოძარცვულ ანგელოზს ახსენდებოდა დრო, როცა ამ კომეტებივით ლაღად ფრენა შეეძლო!
ეეჰ... პირველი ბუმბული დიდგორზე ბრძოლისას ურჯულოს ხმალმა მოასხიპა... მაშინ გაეცინა, ის ურჯულო ხმლით ადგილზე გააპო და ბრძოლა ხალისით გააგრძელა... როცა, მტერი გაიქცა, ბრძოლის ველზე დაბრუნდა, თავისი ბუმბულის მოსაძიებლად, მაგრამ მოჭრილი ბუმბული ვეღარ იპოვა...
შემდეგ... შემდეგ... პირველად ფრთა მდინარე იპრთან ცნობილი ბრძოლის დროს გერმანული არტილერიის ნასროლი ყუმბრის ნამსხვერვმა მოატეხა, როცა ბრძოლის ველზე გაშვებული მხუთავი გაზით გზაარეულს და დაბრმავებულს ვერ გაეგო საით გაფრენილიყო! ამის შემდეგ ფრენა ტანჯვად ექცა... ერჩინა ფეხით ევლო, სანამ ქერჩთან ფეხში არ დაიჭრა... ამის შემდეგ სიარულის დროს ფეხსაც წვალებით მიათრევდა...
"საქართველოში დღის მთავარ თემად ისევ რჩება ერთი კოვზიდან ზიარების საკითხი," - ხმის კანკალით თქვა მორიდებულმა ანგელოზმა, - არც კი ვიცი, როგორ გადავწყვიტოთ...", - ხმაში გაუბედაობა დაეტყო ანგელოზს და სამყაროს რუქისკენ გაიხედა, სადაც ვარსკვლავი ვარსკვლავს შეეჯახა და უცებ ყველაფერი ცისფრად გაანათა.
- რა ერთი კოვზით... რა...ვერაფერი გავიგე, " - მოუთმენლად გააწყვეტინა უფალმა;
- კორონოვირუსის ეშინიათ... ლიბერალებს ამ მოტივით სარგებლობა და ეკლესიის დახურვა სურთ! - ნერვიულობისგან აკანკალებული ხმით თქვა ანგელოზმა.
- შეხედე, შეხედე, როგორ მიიწევს წინ "ანდრომედა"... სულ მალე "ირმის ნახტომს" დაეჯახება... აი, იქნება ფეიერვერკი და სანახაობა... - მისი ნერვიულობისთვის ყურადღება არ მიუქცევია და სამყაროს სივრცითი, ელექტრონული რუქის ყურება განაგრძო უფალმა, - აი, ეს იქნება საოცარი სანახაობა... ორი უდიდესი გალაქტიკა განადგურდება და შეიქმნება ახალი... კიდევ უფრო დიდი... გრანდიოზული! - შემდეგ ფიქრიანი მზერა მოაშორა რუქას და თქვა, - აბა, როგორ ფიქრობთ რომელი შთანთქავს მეორეს... "ირმის ნახტომი' "ანდრომედას" თუ პირიქით... ან იქნებ შეერწყან ერთმანეთს და ეს შეტაკება ფრედ დამთავრდეს?! - თქვა, პულტზე ხელი დააჭირა და ელექტრონილ დაფაზე ცხრილი გამოისახა - "1, X, 2".
ბრწყინვალე ანგელოზები, რომელთაც აბჯრები კი არა, სხეულზე ბრწყინვალედ მორგებული ფრაკები ეცვათ და ფრთის ბუმბული უბზინავდათ, ოდნავი ირონიით შეხედეს კოჭლ, ფრთამოტეხილ და ბუმბულგაცვენილ ანგელოზს, რომელსაც სირცხვილისგან თავი ჩაქინდრული ჰქონდა და ახმაურდნენ - ერთი! იქსი! ორი! - გაუსმოდა ხან მარჯვნიდან და ხან მარცხნიდაან...
"რაც შეეხება კორონოვირუსს და ერთი კოვზით ზიარებას... - ფრთამოტეხილ ანგელოზს შეხედა უფალმა, - მე ხომ ადამიანებთან ვიქადაგე?! ხომ ჩავედი დედამიწაზე და და მათი ცოდვების გამოსასყიდად ჯვარზეც ავედი? - უცებ სახელო გადაიწია და მაჯაზე ნაიარევი მოისრისა, - ხანდახან ამინდის ცვლილებისას დღესაც მაწუხებს ტკივილი. ფრთას კი ვხედავ რა დღეშიც გაქვს და როგორ გაქვს ფეხი? - მზრუნველი ხმით კითხა ანგელოზს.
- არა მიშავს, დავფორთხავ ჯერ! - უთხრა საწყალი ღიმილით. უნდოდა ეთქვა, რომ ფეხის ტკივილის დასაწყნარებლად კარგი იქნებოდა მისი ბადენ-ბადენში სამი კვირით მაინც გაშვება, მაგრამ მოერიდა. ადგილზე აწრიალდა ფრთამოტეხილი ანგელოზი და ბორძიკით განაგრძო, - თქვენ კი იყავით, მაგრამ მგო...მგო..ნი მაინც ვერაფერი გაიგეს.... იმდენი უბედურება დაატრიალეს, რომ - ხმა უწყდებოდა ანგელოზს.
- აბა სად მაქვს ამდენი დრო - ერთი და იგივეზე რამდენჯერმე ვილაპარაკო?! თუკი ჩემს მცნებებს და შეგონებებს არ მიყვებიან მიყვნენ, თავიანთი კუმირებისას! ეეჰ, ისე როგორი მეფეები და მმართველები მახსოვს დედამიწაზე ... ალექსანდრე მაკედონიიდან, იულიუს კეისარი, კარლოს დიდი, ჩინგის ხანი, მეფე-მზე ლუი, ნაპოლეონი, ჰიტლერი, სტალინი, რონი რეიგანი... მგონი მის შემდეგ არც არავინ ყოფილა ისეთი... რა დრო დადგა დედამიწაზე! რას დაემგვანნენ... რას დაემგვანნენ... ქალი კაცისგან ვერ გაგირჩევია!
ანგელოზმა თავი დახარა.
- მე "ირმის ნახტომის" და "ანდრომედას" დაჯახების პროგნოზზე და შემდგომ ფიზიკაზე ვმუშაობ! ერთი კოვზის თუ პლასტმასის კოვზების საკითხი, როგორმე... როგორმე უჩემოდ გადაწყვიტეთ! შენ გადაწყვიტე!
- გასაგებია! - უკან-უკან სიარულით წავიდა ფრთებგაქუცული, ანგელოზი. უნდოდა ეთქვა, კი ვცადე, მაგრამ ერთი ტელევიზიით იმდენი მაგინეს, ვერაფერი გავაწყვეო, მაგრამ მოერიდა.
- შეხედე! შეხედე! რა საინტერესოა! ძალიან საინტერესო მოდელი გამომივა! - აღტაცებული შეჰყურებდა ერთმანეთისკენ მიმავალი გალაქტიკების მოძრაობას უფალი, - შენ ტანსაცმელი რომ შემოგძარცვია... ასე გაღარიბდნენ, რომ შენს ხატთან ხურდასაც აღარ ყრიან ქართველები?!
ფრთებიდან ბუმბულგაცვენილმა ანგელოზმა, ის კეთილი იუმორი დაიჭირა უფლის ხმაში, რომელსაც პასუხი არ სჭირდებოდა და ხმის ამოუღებლად გასვლას აპირებდა, მაგრამ უფალმა გააჩერა - "ვხედავ გაწუხებს იარები. აი, ეს კრემი იხმარე. თუ ვერ მოგირჩინა, ტკივილს მაინც მოგიხსნის! - უთხრა, თვალი ჩაუკრა, უცებ მაუდგადაკრულ მაგიდასთან მჯდომ ბრწყინვალე ანგელოზებს ცალი თვალით გახედა და მათ რომ ვერ გაეგოთ ისე ჩასჩურჩულა, - თავს მოუარე! ბრძოლა გველის! დიდი ბრძოლა! - შემდეგ უცებ შეტრიალდა და ხმამაღლა თქვა, - აბა, 1, X, 2... დადეთ უკვე ფსონები?
- მესმის! - მაუდგადაკრულ სათამაშო მაგიდასთან შეკრებილ ბრწყინვალე ანგელოზებს წამით შეხედა და ოთახიდან ფრთაშესხმული გამოვიდა ფრთამოტეხილი ანგელოზი. მოეჩვენა, რომ ფრთა აღარ სტკიოდა!
P.P.S. ეს ჩვენ მიგვაჩნია თუ მიგვაჩნევინეს კორონოვირუსი ჯერ არნახულ "კატასტროფად"...
იმდენად უსუსურია, ადამიანთა შორის ყველაზე მდიდარიც, მცოდნეც და გავლენიანიც, რომ ჩვენთვის, ორი მილიარდი წელი კი არა, რომელიც "ირმის ნახტომის" გალაქტიკის "ანდრომედასთან" დაჯახებისგან გვაშორებს, სამი თვის შემდგომი პოსტკორონაკრიზისული მომავალიც ბუნდოვანია! უფლისა და სამყაროსთვის - ორი მილიარდი წელი - ერთი წამია. კორონოვირუსი კი... თფუი! არარაობა!
სწორედ ამიტომ გამოვაქვეყნე წინა სტატუსი - https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2482673691834052&id=100002743374253, რომ დამენახვებინა,"- წერს ის.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge