დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ჯანდაცვის სისტემა დღეში 100-დან 200-მდე ახალი პაციენტის მიღებას გაუძლებს 06.04.2020 16:36

“როგორ ემზადება და გაუძლებს თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის შემოტევის პიკურ სტადიას, რომელსაც აპრილის შუა რიცხვებიდან ელოდებიან? სპეციალისტები აცხადებენ, რომ თუკი ქვეყანაში დღის განმავლობაში ვირუსით დაინფიცირების 100-დან 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, ამას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს. ამაზე მეტი კი უკვე კრიზისს შექმნის და იტალიის მაგალითს მივიღებთ. ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება მოხდეს, რადგანაც გადატვირთული საავადმყოფოები ვირუსის კიდევ უფრო მასშტაბური გავრცელების მიზეზი გახდება და ყველაზე მძიმე პაციენტების მკურნალობა გაჭირდება. ამიტომაც აუცილებელია, რომ ოჯახის და სოფლის ექიმების გადამზადება სასწრაფოდ მოხდეს, რათა მოსახლეობის ნაწილმა, რომლებიც რისკ-ჯგუფს არ განეკუთვნებიან, კორონავირუსი სახლის პირობებში გადაიტანოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ჯანდაცვის სისტემა დღეში 100-დან 200-მდე ახალი პაციენტის მიღებას გაუძლებს.

 

“ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანას ამ ეტაპზე 3500-მდე საწოლი აქვს და ეს, ყველა სცენარის გათვლით, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ იმ დაინფიცირებულ ადამიანებს უმკურნალონ, ვისთვისაც საავადმყოფოში დაწოლა აუცილებელი იქნება. ტიკარაძის განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის კონტროლი დაიწყო ორი თვის წინ და რეგულირების სააგენტოს მიერ დეტალურად შემოწმდა ყველა ინფრასტრუქტურა, რომელიც უკვე ეტაპობრივად ჩაერთო კოვიდინფექციის მართვაში. მისი თქმით, საქართველოს სტაციონარებში არის 15 ათასამდე საწოლი და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტი საწოლის დატვირთვა კოვიდინფიცირებული პაციენტებით. “საერთო ჯამში, გვაქვს პროგნოზი, რომ შეგვიძლია ვმართოთ 3500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში საშუალო და რთული შედეგებით და ასევე გვაქვს იმის საშუალება, რომ 5000-ზე მეტი პაციენტი ვმართოთ უკვე საკარანტინო ზონებში, რომელთა მეთვალყურეობასაც დატრენინგებული ოჯახის ექიმები და ეპიდემიოლოგები განახორციელებენ. აქედან გამომდინარე, ის საშუალო რიცხვი, რომელიც დღეს საქართველოს შეუძლია მართოს, არის დაახლოებით 10 ათასამდე, თუმცა ჩვენი ჰოსპიტალური სერვისების რესურსიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ იცით, რომ საქართველოში არის 15 ათასამდე საწოლი, ჩვენ შეგვიძლია, საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი საწოლის დატვირთვა კოვიდინფიცირებული პაციენტებით“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ, რომლის განმარტებით, “სამინისტრო მუშაობს ყველა იმ ექიმის მობილიზაციასა და დატრენინგებაზე, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება გახდეს საჭირო, რომ ჩაერთოს კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პიკური პერიოდის პირობებში 3500-მდე საწოლი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ საავადმყოფოებმა პაციენტები მიიღონ. მისი თქმით, რთულია მათემატიკურად განვსაზღვროთ დღეში საავადმყოფოებისთვის მიმართვინაობა რამდენჯერ გაიზრდება, თუმცა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და ის საავადმყოფოები, რომლებიც ახლა მზად არიან პაციენტების მისაღებად, დღეში 100-დან 200-კაცმადე მიმართვას გაუძლებენ. მისივე თქმით, ახლა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამდენი საწოლიც არ დაგვჭირდეს. ზოიძე ამბობს, რომ პიკურ სტადიაზე საუბარს აზრი აღარ აქვს, რადგანაც შესაძლოა ძალიან ბევრ ადამიანს საავადმყოფოში მკურნალობა არც დასჭიდეს და ისე გადაიტანონ ვირუსი, რომ მას გართულებული ფორმები არ ჰქონდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ჩვენი ამოცანა ახლა ისაა, რომ ყოველდღიურად რაც შეიძლება ცოტა შემთხვევა დაფიქსირდეს და ქვეყანაში გადადების მასშტაბი არ გაიზარდოს. თუკი ჩვენი თანამოქალაქეები იმ ფიზიკურ დისტანციას დაიცავენ, რა რეკომენდაციებიც არსებობს და კარანტინის ყველა წესებს დაიცავენ, დამერწმუნეთ, რომ საავადმყოფოში მიმართვიანობა ყოველდღიური კი არა, ორ დღეში ერთხელ იქნება. თუმცა, თუკი მასშტაბის ზრდა იქნება, და ამას წინასწარ ვერავინ ვერ განსაზღვრავს, ჩვენი ჯანდაცვის სიტემა სრულიად მზად არის იმისთვის, რომ დღეში 100-დან 200-მდე კაცი მიიღოს. თუმცა, პარალელურად უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ ყველა საავადმყოფოში ვერ დაწვება. მსუბუქის შემთხვევაში ადამიანი მკურნალობას ოჯახის ან სოფლის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის. ეს კი ჩვენს ჯანდაცვის სისტემას ნაკლებად გადატვირთავს. დანარჩენი, ვისაც ჰოსპიტალიზაცია დასჭიდებათ, ველით, რომ ეს ნაკადი არცთუ დიდი იქნება და მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ნაკლებ მწვავე ფორმით გადაიტანს. 3500 საწოლი შესაბამისი ეკიპირებით, აღჭურვილობით მზაობაშია და ვფიქრობ ეს ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად საკმარისია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

 

“ერთ პაციენტს საშუალოდ ორი კვირა სჭირდება იმისთვის, რომ საავადმყოფოში დაყოვნდეს. შესაბამისად, დღეში, როგორც აღვნიშნე 200-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში არ უნდა შევიდეს. ეს არის ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა და ვნახოთ, საზოგადოებაც ხელს როგორ შეგვიწყობს, დამოკიდებული მაგაზეც იქნება. ჯერჯერობით, უარესი სცენარის შემთხვევაშიც, 3500-საწოლი საკმარისია. კრიტიკას მაშინ მივმართოთ, როცა ეს ამბავი დასრულდება და შედეგს ყველა ერთად ვნახავთ. პირველი ამაზე საუბარს მე დავიწყებ. პერსონალის გადამზადება მიდის და ვიცი, რომ როგორც ცხელების ცენტრების ექიმები, ასევე სოფლის და ოჯახის ექიმებიც ყველაფრისთვის მზად არიან. ჩვენთან სატელეფონო მართვის ცენტრები არსებობს და ყველამ ერთად ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ იმუშავებს. ნახავთ, რომ ეს 3500 საწოლიც არ დაგვჭირდება“, - დასძენს აკაკი ზოიძე.

 

“ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პიკური ეტაპი, რომელიც საქართველოში ვირუსის გავრცელების კუთხით დაიწყება, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისიც შეიძლება იყოს. ჩიხლაძე ამბობს, რომ ქვეყანაში თუკი ვირუსის გავრცელების მასშტაბი სწრაფად გაიზრდება, მაშინ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც რისკ-ჯგუფს არ მიეკუთვნება საავადმყოფოში აღარ უნდა დაწვეს. მისი თქმით, ოჯახის და სოფლის ექიმების გადამზადება იანვარში უნდა დაწყებულიყო და ქვეყანას ამ კუთხით დრო უნდა მოეგო. თუკი საქართველოში მოსახლეობის დავირუსების დღეში 700-დან 1000-მდე შემთხვევა გვქონდა, ეს უკვე ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას გამოიწვევს და სავალალო შედეგს მივიღებთ. ამიტომაც სანამ კიდევ დრო დაგვრჩენია, ექსპერტი ფიქრობს, რომ სასწრაფოდ ყველა პროფილის ექიმის გადამზადება უნდა მოხდეს. მისივე ცნობით, საქართველოში 30 ათასამდე ექიმი და 18 ათასამდე მედდა გვყავს, რომლებიც კორონავირუსის პიკური პერიოდისთვის ყველანაირად გადამზადებული უნდა იყოს. ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანაში მალე დადგება ის ეტაპი, როცა ყველა, ვისაც კორონვირუსი დაუდგინდება, საავადმყოფოში ვერ მოხვდება და ამ კუთხითაც მოსახლეობის მომზადება უკვე უნდა ხდებოდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ოჯახის ექიმების გადამზადება იანვარში უკვე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. კარგი, ამბობდნენ, რომ ჯერ ქვეყანაში ვირუსისი შემთხვევა დაფიქისრებული არ იყო. თუმცა თებერვალში, როდესაც საქართველოში უკვე პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, არა მარტო ოჯახის და სოფლის ექიმების გადამზადება, არამედ ყველა პროფილის ექიმის დატრენინგება უნდა მომხდარიყო. საბედნიეროდ, სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ ერთი და ორი თვე მოვიგეთ და ეს პერიოდი უნდა გამოგვეყენებინა. ამიტომ ცოტა არათანმიმდევრული ნაბიჯებია და ჯანდაცვის პირველივე რგოლის გადამზადება აქამდეც უნდა მომხდარიყო. მხოლოდ ცხელების ცენტრების გახსნა, თუკი ყოველდღიურად ბევრი შემთხვევები დაფიქსირდა, ვერ გვიშველის. ჯერ, როგორც ვხედავთ, კორონავირუსიის გამოვლენის დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. ეს რატომ ხდება ასე - ცალკე თემაა. როდესაც დღეში 70 ტესტს აკეთებ და არა 1000-ს, რა თქმა უნდა, გამოვლინება ნაკლები გვექნება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერგი ჩიხლაძე.

 

“3500-საწოლი კი გვაქვს, მაგრამ გააჩნია დღიურად დავირუსების რა მაჩვენებელი გვექნება. პაციენტების დიფერენცირება და გაცხრილვა უნდა მოხდეს. ვისაც ინტენსიურ პალატაში მკურნალობა და ხელოვნური ვენტილაცია არ აჭირდება, მათი ბინაზე მკურნალობა მოხდება. გვეყოლება ბევრი უსიპტომო ვირუსის მატარებელი, რომლებიც სახლის პირობებში იზოლაციაში უნდა იყოს. ზუსტად ამიტომ ყველა სამედიცინო პერსონალის გადამზადება გვჭირდება. დღეში საავადმყოფოებს 700-დან 1000-მდე ადამიანმა რომ მიმართოს, ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. კი ამბობენ, რომ 2000-მდე ხელოვნური სუნთქვის აპარატი გვაქვსო, მაგრამ აქედან რაღაცა პროცენტი ხომ უკვე დაკავებულია”, - დასძენს ჩიხლაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ