22:38 06.04.2020
რა სთხოვეს რუსული ტრიუმფის ავტორს, ანატოლი ტარასოვს პარტიულმა ბოსებმა და რით უპასუხეს მის უარს - ბანალური საბჭოთა ამბავი

 

ნიკა თოხაძის ბლოგი:

 

 

 

 

 

საბჭოთა სპორტის ისტორიაში, 1972 წელს ე.წ. შაიბიან ჰოკეიში საბჭოთა კავშირის ნაკრებსა და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ კანადის ნაკრებს  შორის გამართული  სუპერსერიის მატჩები ერთ-ერთ განსაკუთრებულ მოვლენად ითვლება.  საბჭოთა ჰოკეისტებმა 1963-72 წლებში მოიგეს ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა: ოლიმპიადა ( 1964, 1968 და 1972 წელს) მსოფლიო ჩემპინატი ზედიზედ ცხრაჯერ, ევროპის პირველობა რვაჯერ და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი. მართლაც შთამბეჭდავი შედეგია, თუმცა...დასავლური პრესა დიდად არ ჩქარობდა საბჭოთა ჰოკეისტების  ტრიუმფის აღიარებას იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ ტურნირებში არ მონაწილეობდნენ  პროფესიონალი, ანუ  NHL -ში მოამაე ამერიკელი და კანადელი ჰოკეისტები. განსაკუთრებული აქცენტი სპორტის ამ სახეობის ფუძემდებლებზე -კანადელებზე კეთდებოდა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში კანადელ პროფესიონალებთან სუპერსერიის მატჩების გამართვას დაჟინებით ითხოვდა ანატოლი ტარასოვი, რომელიც არკადი ჩერნიშოვთან ერთად 14 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საბჭოთა ნაკრებს და გამარჯვებების ცხრაწლიანი შეუწყვეტელი სერია სწორედ ამ ტანდემის დამსახურება იყო. ტარასოვი გაუთავებლად წერდა წერილებს საკავშირო სპორტკომიტეტში, პარტიის ცენტრალურ კომიტეტში...ამბობენ, რომ სსრკ-ს მაშინდელ მმართველ ნიკიტა ხრუშჩოვს, იური გაგარინიც კი მიუგზავნა თხოვნით  და,  თითქოს პარტიული ბოსის თანხმობაც მიიღო, მაგრამ 1964 წელს ხრუშჩოვი ბრეჟნევმა შეცვალა და კანადელბთან მატჩის გამართვაც გაურკვეველი ვადით გადაიდო.


რუსული ჰოკეისთვის ანატოლი ტარასოვი შეუფასებელი ფიგურაა. ნაკრებში მუშაობისას მიღწეული საუკეთესო შედეგების გარდა მან გაზარდა ლეგენდარული ჰოკეისტების მთელი თაობა: ვალერი ხარლამოვი, ანატოლი ფირსოვი, ბორის მიხაილოვი, ვლადისლავ ტრეტიაკი, ალექსანდრე რაგულინი, ვლადიმერ პეტროვი... არაადამიანური ფიზიკური დატვირთვები, უმკაცრესი დისციპლინა მოედანზე და მოედნის გარეთ, თავდაუზოგავი ბრძოლა მოედნის ყოველ სანტიმეტრზე - ასე იხსენებდნენ მოგვიანებით ტარასოვის ფორმაციის ნაკრებში გატარებულ წლებს ვარსკვლავებადქცეული ჰოკეისტები. ნაბიჯ-ნაბიჯ, წლების განმავლობაში დაუღალავი შრომით და ბრძოლით, ტარასოვის  შექმნილი ნაკრები მსოფლიოს დაანახებს რუსული ჰოკეის ძალას და იმდროინდელი საბჭოთა ნაკრების სიძლერეს. ეს მოხდება 1972 წლის სექტემბერში, კანადაში-მონრეალის ყინულზე, სუპერსერიის პირველივე შეხვედრაში, მაგრამ ამ ტრიუმფის ავტორის-ანატოლი ტარასოვის გარეშე, ის კანადაში არაა, ის გუნდთან ერთად არაა, ის სუპერსერიის მატჩებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩამოაშორეს ნაკრებს, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამუდამოდ...

 

მიზეზი ბანალური: ტარასოვმა არ შეასრულა პრტიული ჩინოვნიკების „თხოვნა“. 1972 წლის საპოროს ოლიმპიადის  ჰოკეის ტურნირის ბოლო შეხვედრაში, სსრკ ნაკრები  ხვდებოდა ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს. შეიქმნა ისეთი სატურნირო მდგომარეობა, რომ სსრკ-ჩეხოსლოვაკიის შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში ჩეხები ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლების მფლობელები ხდებოდნენ, დამარცხების შემთხვევაში კი მეორე ადგილს ამერიკელები დაიკავებდნენ. 1968 წლის პრაღის ცნობილი მოვლენების შემდეგ, პარტიულმა ბოსებმა, ჩეხი ხალხის კეთილგანწობის მოპოვების მიზნით ტარასოვს ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან შეხვედრის ფრედ დასრულების „რჩევა“ მისცეს. შეხვედრა დასრულდა 5-2 საბჭოთა ნაკრების სასარგებლოდ.


1972 წლის 21 მარტს, სუპერსერიის მატჩების დაწყებამდე ხუთი თვით ადრე ანატოლი ტარასოვი ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს. ადამიანი, რომელიც თითქმის ათი წელი იბრძოდა სუპერსერიის მატჩების ჩატარების ნებართვისთვის, რომელმაც შექმნა ტრიუმფატორი ნაკრები, 1972 წლის 3 სექტემბერის საღამოს ისევე ადევნებდა თვალს საბჭოთა ტელევიზიით სსრკ-კანადის სუპერსერიის პირველი მატჩის ვიდეოჩანაწერს (რეალურად შეხვედრა მოსკოვის დროით დილის 4 საათზე დაიწყო) როგორც ჰოკეის მილიონობით რიგითი გულშემატკივარი. 1974 წელს კანადელებმა ანატოლი ტარასოვი ტორონტოს „ჰოკეის დიდების დარბაზის“ წევრად აღიარეს.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge