დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიას იყენებს“ 07.04.2020 12:54

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თაობაზე სტატიების გამოქვეყნება გრძელდება რუსულ პრესაშიც.


გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ში («Московский комсомолец») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიას იყენებს“ (ავტორი - მარინა პერევოზკინა). პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზომები, რომლებიც შედარებულია რუსეთში არსებულ სიტუაციასთან.


„ვირუსის პანდემიის ფონზე რუსეთში საკარანტინო ზომების წინააღმდეგ ნამდვილი კამპანია დაიწყო. ოპოზიციური ჟურნალისტები და ბლოგერები წერენ, რომ მკაცრი კარანტინის რეჟიმი საჭირო არ არის, რადგან ვირუსისგან ვერ გვიცავს, ეკონომიკას კი დიდ ზიანს აყენებსო. თავიანთი ნათქვამის დასადასტურებლად სარგებლობენ სტატისტიკური მონაცემებით, რომ სიტუაცია ერთნაირია იმ ქვეყნებშიც, სადაც მკაცრი კარანტინია და იქაც, სადაც არ არის. მაგრამ ეს ასე არ არის და ამას აჩვენებს საქართველოს მაგალითი, რომელიც დღემდე მშვიდ კუნძულად რჩება პანდემიის მღელვარე ოკეანეში. და ეს იმის წყალობით, რომ მთავრობამ დროულად მიიღო საგანგებო მკაცრი ზომები“, - ნათქვამია სტატიაში.


ავტორი ესაუბრება თბილისის ერთ-ერთი კლინიკის ექიმს, რომელიც ანონიმურობის პირობების დაცვით, საუბრობს ქვეყნის ხელისუფლების ანტიკორონავირუსულ ძალისხმევაზე და მათ დადებითად აფასებს. განსაკუთრებით ხაზს უსვამს ქართველი ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმს და მათ შეუპოვარ მუშაობას. ექიმი აღნიშნავს აგრეთვე თბილისში მოქმედი რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორიის მიერ შეტანილ წვლილი კორონავირუსთან ბრძოლაში. „საქართველოში მოქმედი ლუგარის ლაბორატორია ტესტების დიაგნოსტიკას ექვს საათში იძლევა, აშშ-ში მოქმედ ჰოპკინსის ცენტრს კი ამისათვის რამდენიმე დღე ჭირდება“, - ამბობს იგი.


„ქართველმა ექიმმა საუბარში ლუგარის ლაბორატორია ახსენა. დიახ, ეს სწორედ ის ცენტრია, რომელსაც მოსკოვი არერთხელ უყენებდა ბრალდებას - მის კედლებში ბიოლოგიური იარაღი იქმნებაო“, - წერს ავტორი. მასთან საუბარში ამ საკითხზე კომენტარს აკეთებს ქართველი მწერალი, პუბლიცისტი გოგი ლორთქიფანიძე: „სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ხმები იმის შესახებ, თითქოსდა რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიას ბიოლოგიური იარაღთან აქვს რაიმე დამოკიდებულებაო, ძალიან გადაჭარბებულია და ჩემი აზრით, პოლიტიკურ სპეკულაციად უნდა ჩაითვალოს. აი, რაც შეეხება ინფექციასთან ბრძოლას, ლაბორატორიამ თავი გამოიჩინა, იძლეოდა სწორ ტესტებს (ფაქტიურად, ამ მხრივ ეს ლაბორატორია ერთადერთ სანდო დაწესებულებას წარმოადგენს) და მნიშვნელოვან როს ასრულებს იმაში, რომ საქართველო ჯერ-ჯერობით, მეტ-ნკლებად აკონტროლებს ეპიდემიას“.


გოგი ლორთქიფანიძე საუბრობს აგრეთვე ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პირობებში: „დღეისათვის საქართველოს ზაზღვრები დახურულია. მთავრობის ძირითადი მოწოდებაა „დარჩით სახლში!“. რასაკვირველია, მოსახლეობას შემოსავლების შემცირება და სამსახურის პრობლემები ადარდებს, მაგრამ საერთო განწყობა ისეთია, რომ ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს  ექიმ-ინფექციონისტების თავდადებული მუშაობა... ცხადია, გაურკვეველია, რამდენ ხანს იქნება შესაძლებელი ვირუსის გავრცელების კონტროლი. ყველაზე რთული სიტუაცია აპრილის მეორე ნახევარში იქნება“, - ამბობს ჟურნალისტთან საუბარში ქართველი მწერალი.


ავტორი აღნიშნავს მთავრობის ძალისხმევას დაეხმაროს ქართულ ბიზნესსა და მოსახლეობას კრიზისის გადატანაში, აგრეთვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციასაც, რომელიც გარკვეულ დათმობებზე წავიდა.


„საქართველოს მაგალითი თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ ეპიდემიასთან წარმატებით ბრძოლა პირდაპირ არის დაკავშირებული საკარანტინო ზომების სიმკაცრესთან. ამ საკითხში საქართველო ნამდვილად მისაბაძი ქვეყანაა“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.mk.ru/social/2020/04/06/gruziya-na-borbu-s-koronavirusom-brosila-laboratoriyu-po-razrabotke-biologicheskogo-oruzhiya.html

 


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ