აშშ-ის „მემკვიდრეობის ფონდის“ გამოცემამ The Daily Signal-მა გამოაქვეყნა ანალიტიკოს ენტონი კიმის პუბლიკაცია სათაურით „საქართველო - აშშ-ის ერთგული მოკავშირე საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში“, რომელშიც მიმოხილულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები. დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აქცენტი გადატანილია კორონავირუსთან ერთობლივ ბრძოლაზე, რომელშიც რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია აქტიურ როლს ასრულებს.
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
„სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ქართველი ერი აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია მთელი რიგი გლობალური პრობლემების საკითხში. საქართველო - ეს პატარა, მაგრამ სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყანა რუსული ექსპანსიონიზმის შემაკავებელ წინა ხაზზე იმყოფება. გარდა ამისა, თბილისმა ათასობით სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა ერაყსა და ავღანეთის სამშვიდობო მისიებში აშშ-ის ძალისხმევის დასახმარებლად. ამჟამად საქართველო აშშ-სტან კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში თანამშრომლობს.
თბილის-ვაშინგტონის პარტნიორობაში ცენტრალური ადგილი უკავია რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს - აშშ-ის მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას, რომელიც თბილისი გარეუბანში მდებარეობს. ეს დაწესებულება შეიქმნა „სასიკვდილო პათოგენებით გამოწვეული დაავადებების წინააღმდეგ, და მიმართულია რეგიონში ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ შემუშავებული ბიოლოგიური ომის პროგრამის შედეგთა აღმოსაფხვრელად“.
ლაბორატორია 2013 წლიდან მუშაობს და ამჟამად კორონავირუსთან ბრძოლის საკვანძო რესურსად გადაიქცა, სადაც ასეულობით ტესტების შედეგები სწრაფად, 24 საათის განმავლობაში ხდება ცნობილი. ლაბორატორიას, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიური პოტენციალი გააჩნია, ასევე თავისი დიდი წვლილი შეაქვს იმ საერთაშორისო კვლევაში, რომელიც ვირუსის მოქმედების გასარკვევადაა მიმართული.
აშშ-ის ჯანდაცვის სისტემასთან პრაქტიკული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად მომგებიანია საქართველოსთვის - ქვეყნისათვის, რომელიც მართალია, სწრაფად ვითარდება, მაგრამ ევროპაში მაინც ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად რჩება. (...)
როგორც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა ამას წინათ, „კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველომ ძალზე აქტიურად გადადგა ნაბიჯები როგორც დაავადების გავრცელების შესაჩერებლად, ასევე მისი შედეგების მინიმალიზებისათვის“. 7 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ვირუსით მხოლოდ სამი ადამიანია გარდაცვლილი.
ისევე როგორც ადრე მომხდარი კრიზისებისა და გამოწვევების დროს, საქართველო ამ პანდემიის დროსაც ადასტურებს, რომ ის აშშ-ის საიმედო მოკავშირეა. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე სახელმწიფო მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების ტემპების მხრივ შესამჩნევი შედეგებით გამოირჩევა [2019 წლის მონაცემების მიხედვით]. ბოლო 25 წლის განმავლობაში ქვეყანამ უდიდეს პროგრესს მიაღწია დასავლეთთან ინტეგრაციასა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში. ყოველწლიური „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ ბოლო მონაცემების მიხედვით, ქართული ეკონომიკა მნიშვნელოვნად აღემატება რეგიონისა და მსოფლიოს რიგი ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს, ხოლო მრავალმა განხორციელებულმა რეფორმამ ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაცია განაპირობა. „მემკვიდრეობის ფონდის“ მიერ 20202 წლის კვლევის მიხედვით, პრაქტიკულად, საქართველომ უკან ჩამოიტოვა აშშ და ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მე-12 ადგილი დაიკავა.
აშშ-საქართველოს თანამშრომლობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებს მოიცავს - მაგალითად, შავ ზღვაზე მშენებარე ღრმაწყლიან ნავსადგურის მშენებლობას (რომელიც ამჟამად დროებით შეჩერებულია), ასევე სავარაუდოა დაიდოს ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, გრძელდება ძალისხმევა სამხედრო კავშირების გასაღრმავებლად როგორც ორმხრივ საფუძველზე, ასევე ნატოს ჩარჩოებში.
საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე ურთიერთობა საერთო ფასეულობებსა და ერთობლივ ინტერესებს ემყარება, რაც ორივე ქვეყნისთვის მომგებიანია. შეიძლება იტქვას, რომ საქარტველო აშშ-ის საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს.
საქართველომ მართლაც დაამტკიცა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს აშშ-სთან მხარდაჭერას და მასთან უფრო ძლიერ, მტკიცე ალიანსს.
წყარო: https://www.dailysignal.com/2020/04/07/nation-of-georgia-is-americas-proven-ally-in-fighting-common-challenges/
მოამზადა - სიმონ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge