დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„შეცდომაა, რომ ნატოს შავ ზღვაზე სამოქმედო სივრცე მივეცით“ 08.04.2020 13:36

თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთ“-ში («Cumhuriyet»), რომელიც ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური (ქემალისტური) პარტიის ბეჭდვით ორგანოს წარმოადგენს, გამოქვეყნდა სტატია სათაურით „შეცდომაა, რომ ნატოს შავ ზღვაზე სამოქმედო სივრცე მივეცით“ (ავტორი - მეჰმეთ ალი გიულერი). პუბლიკაციის დედააზრია ის, რომ შავი ზღვა მისი სანაპირო ქვეყნების ზღვა უნდა იყოს, იქ ამერიკას არაფერი ესაქმება. ეს თურქეთისა და რუსეთის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

„ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინასთან და საქართველოსთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება გადავწყვიტეთო. მან ამ ქვეყნების მხარდაჭერის პაკეტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაკეტი მოიცავს ნატოს სტანდარტებით მომზადებისა და სწავლების პროგრამების რაოდენობის გაზრდას, რადიოლოკატორების მონაცემების ურთიერთგაცვლას რეგიონის საჰაერო სივცეში არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით. ეს ზომები აჩვენებს, რომ აშშ შავ ზღვაზე რუსეთის შევიწროვებისა და გარშემორტყმის პოლიტიკას დააჩქარებს, რაც თურქეთსაც ეხება.

რეჯებ ერდოღანი ნატოს შავ ზღვაზე იწვევს

აშშ-მა მას შემდეგ, რაც 2008 წელს საქართველოში გეგმები ჩაეფუშა, გარკვეული დოზით აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში თავისი მიზნების რეალიზება შეაჩერა, მაგრამ იმავდროულად ჩასაფრდა და მოყუჩდა, რათა რეგიონულ ურთიერთობებში არსებული ბზარებით ესარგებლა

ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ბზარი გახდა ანკარასა და მოსკოვს შორის წარმოქმნილი კრიზისი, რომელიც რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას უკავშირდება. იმ ხანებში რეჯეფ ერდოღანმა, რუსეთის მდგომარეობა რომ გაერთულებინა, აშშ-სათვის „სათამაშო მინდორი“ გამოძებნა და ნატო შავ ზღვაში მოიწვია: „მე იენს სტოლტენბერგს შეხვედრის დროს ვუთხარი: „შეხედეთ,თქვენ [ნატოს დროშით] საერთოდ არ ხართ შავ ზღვაში, რომელიც პრაქტიკულად რუსული ზღვა ხდება“. ეს პრეზიდენტმა 2016 წლის მაისში განაცხადა.

თავის მხრივ, ამერიკამ, ისარგებლა რა რეჯეფ ერდოღანის მოწოდებით, ნატოს ვარშავის სამიტზე, 2016 წლის 8-9 ივლისს, მიაღწია დადგენილების მიღებას შავი ზღვის აკვატორიაში ალიანსის ყოფნის გაფართოების შესახებ! შესაბამისად, ცოტა მოგვიანებით გამოქვეყნდა დოკუმენტიც სახელწოდებით: „ნატო: მზადყოფნა მომავლისათვის“, რომელშიც გამოცხადდა, რომ ნატო შავ ზღვაზე თავის ყოფნას გააფართოებს. 2019 წლის აპრილში კი ნატომ შავი ზღვა „ბრძოლის არენად“ განსაზღვრა.

თურქეთის მმართველი პარტია: „სტამბოლის არხის“ გაყვანა აუცილებელია

საინტერესოა, რომ ამ დღეებში ისევ აქტუალური გახდა რეჯებ ერდოღანის პროექტი „სტამბოლის არხი“, რომელიც ბოსფორის სრუტის პარალელურად უნდა იქნეს გაყვანილი და რომელსაც მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია აუცილებლობად თვლის.

ჩვენ ბევრს ვწერდით, რომ „სტამბოლის არხის“ აშენება მონტრეს კონვენციის მოქმედებას პრობლემებს შეუქმნის, შეიძლება ხელშეკრულების გადახედვა გამოიწვიოს. იმასაც ავღნიშნავდით, რომ სტამბოლის არხი ნატოს მარშრუტი გახდება შავი ზღვის მიმართულებით.

ადრეც გვითქვამს, რომ აშშ დიდი ხანია მონტრეს კონვენციისათვის გვერდის ავლას ცდილობს იმ მიზნით, რომ შავ ზღვაში შესვლისა და იქ ყოფნისათვის განუსაზღვრელი დრო ჰქონდეს. ყურადღებას ვამახვილებდით იმაზე, რომ აშშ ცდილობს შავი ზღვის „ალყაში მოქცევას“: დასავლეთიდან - ბულგარეთი და რუმინეთი ნატოს წევრები არიან, აღმოსავლეთით - ვაშინგტონი ნატოში საქართველოს მიღებას ცდილობს, ჩრდილოეთით კი - უკრაინას.

ამის მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლებას ჯიუტად არ სურს უარი თქვას იმ არხის გაყვანაზე, რომელიც აშშ-ს შავი ზღვისაკენ შეუფერხებელ გზას გაუხსნის. იმდენად არ სურს, რომ ახლაც კი, როცა ქვეყანაში და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია ბობოქრობს, მთავრობამ არხის ასაშენებლად 26 მარტს ტენდერი გამოაცხადა. ზოგიერთები სწორედ ამ ტენდერს უკავშირებს 28 მარტს ტრანსპორტის მინისტრის გადადგომას, თუმცა, როგორც ჩანს, უსაფუძვლოდ: რეჯეფ ერდოღანმა ამ ტენდერის ჩატარების სურვილი საკმაო ხნის წინათ გააჟღერა, მის გადადგომამდე ორი კვირით ადრე, 8 მარტს.

მმართველი პარტიის ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებით

შავი ზღვა მის ნაპირზე მდებარე ქვეყნების ზღვად უნდა დარჩეს, ამერიკა მისგან შორს უნდა იყოს. საკითხის ასეთნაირად დასმა სრულიად პასუხობს როგორც თურქეთის, ასევე რუსეთის ინტერესებს. გავიხსენოთ, რომ მონტრეს კონვენცია თავისი ძალა არც მეორე მსოფლიო იმის და არც „ცივი ომის“ დროს არ დაუკარგავს. იმ წლებშიც კი ანკარა მოსკოვთან ურთიერთობას არ წყვეტდა.

ამ ისტორიული რეალობის მიუხედავად, თურქეთის დღევანდელი მთავრობა მაინც ცდილობს შავი ზღვა რუსეთთან ურთიერთობაში კოზირად გამოიყენოს. მსგავსი პოზიცია შეიმჩნეოდა არა მარტო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებული კრიზისის დროს, არამედ ცოტა მოგვიანებითაც, იდლიბის კრიზისის პერიოდშიც. დავუკვირდეთ: 2016 წელს, თვითმფრინავის განადგურებასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში, რეჯეფ ერდორანმა ნატო შავ ზღვაზე მიიწვია, 2020 წელს კი, იდლიბის კრიზისის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლიუთ ჩავუშოღლუმ დავოსში გამოსვლისას ნატოს წევრებს მიმართა - საქართველო ჩვენს რიგებში უნდა მივიღოთ, ძალიან გვჭირდება ასეთი მოკავშირეო!

რა არ უნდა გავაკეთოთ?

შავი ზღვა არ არის ის კოზირი, რომლითაც თურქეთმა უნდა ისარგებლოს რუსეთის წინააღმდეგ, ან პირიქით - რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ. შავი ზღვის უსაფრთხოება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებში შედის. შავი ზღვის კოზირად გამოყენების მცდელობა წყალს მხოლოდ აშშ-ის წისქვილზე ასხამს.

ამიტომაც ანკარამ გვერდზე უნდა გადადოს, თავი უნდა დაანებოს ყველა იმ ტაქტიკურ სვლებს, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს და ხელს უწყობს ამერიკის შეერთებულ შტატების სტრატეგიას შავი ზღვის მიმართ და თავისი საკუთარი სტრატეგია შეიმუშაოს.

ამასთან დაკავშირებით:

ა) ანკარამ მხარი არ უნდა დაუჭიროს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას;

ბ) ანკარამ ასევე უარი უნდა თქვას უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაზე;

გ) ანკარამ უნდა გააუქმოს „სტამბოლის არხის“ პროექტი, რომელიც მონტრეს კონვენციის ირგვლივ დავას იწვევს.

უფრო მეტიც - მაშინ როცა კორონავირუსის ეპიდემიის დღეებში კიდევ უფრო აშკარა გახდა, რომ აშშ-ის ჰეგემონია  სუსტდება და ნეოლიბერალური გლობალიზაციის სისტემა არ მუშაობს, ნატოში გაწევრიანება საქართველოს და უკრაინას უსაფრთხოებას კი არ მოუტანს, არამედ რეგიონთან მტრობას!


წყარო: http://cumhuriyet.com.tr/yazarlar/mehmet-ali-guller/karadenizde-natoya-alan-acma-yanlisi-1731467

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ