დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

რას ითვალისწინებს „ღია ცის“ ხელშეკრულება 09.04.2020 12:34

დღევანდელ, 9 აპრილის საერთაშორისო მასმედიაში საქართველოს თემატიკა კორონავირუსთან დაკავშირებით, წინა დღეებთან შედარებით, საკმაოდ მცირედაა წარმოდგენილი (დილის 10 საათის მდგომარეობით) - ძირითადად გამოქვეყნებულია სტატისტიკური მონაცემები დაავადების გავრცელების შესახებ. არის აგრეთვე ინფორმაციები ევროკომისიის მიერ გაწეული დახმარების თაობაზე „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების მიმართ, კორონავირუსთან ბრძოლის ჩარჩოებში. მათში აღნიშნულია, რომ „პარტნიორობის“ ხუთ სახელმწიფოს შორის, ფინანსური დახმარების მოცულობით საქართველოს მეორე ადგილი უკავია. აი, როგორ გამოიყურება სურათი ევროკომისიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით: უკრაინა - 190 მილიონი ევრო; საქართველო - 183 მილიონი; სომხეთი - 92 მილიონი; მოლდოვა - 87 მილიონი; ბელარუსი - 60 მილიონი; აზერბაიჯანი - 14 მილიონი.

 

რუსული პრესა საქართველოს ამჯერად საერთაშორისო ურთიერთობების, კერძოდ მრავალმხრივი „ღია ცის“ ხელშეკრულების კონტექსტში მოიხსენიებს.


როგორც გაზეთ „კომერსანტ“-ში («КоммерсантЪ») გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, ამ  დოკუმენტის პრინციპები, რომელიც 1992 წლის მარტში ჰელსინკში შემუშავდა, წლების განმავლობაში 34 სახელმწიფომ აღიარა, მათ შორის აშშ-მა, რუსეთმა, საქართველომ და მისი რატიფიცირება მოახდინეს.


რას ითვალისწინებს „ღია ცის“ ხელშეკრულება?


დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერ ყველა 34 ქვეყანას, ერთმანეთთან ნდობის განმტკიცების მიზნით, უფლება ეძლევათ სადაზვერვო ფრენები აწარმოონ ერთმანეთის ტერიტორიაზე. 2002 წლიდან, როცა ხელშეკრულება მთლიანად შევიდა ძალაში, რაიმე მნიშვნელოვანი უთანხმოება არ მომხდარა, თუმცა მოგვიანებით აშშ-მა რუსეთი ხელშეკრულების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა, მაგალითად, იმაში, რომ რუსეთმა შეზღუდა კალინინგრადის ოლქის გაკონტროლება აშშ-ის მიერ. ამერიკა ასევე დარღვევად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ რუსეთი უარს ეუბნება ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებს, მათ შორის ამერიკას და საქართველოს, რომ ფრენები საზღვრიდან 10-კილომეტრიან ზოლში, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გასწვრივაც განხორციელდეს. მოსკოვი თავს იმართლებს იმით, რომ დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, „ფრენები ხორციელდება არა უახლოეს 10 კილომეტრისა იმ სახელმწიფოს საზღვრიდან, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე არ არის“. მოსკოვი აფხაზეთ//სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თვლის, თბილისი, ვაშინგტონი და ნატოს წევრები კი - საქართველოს ტერიტორიის ნაწილად.


ამ ბრალდებების მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ აშშ „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან უნდა გამოვიდეს (ანუ მისი ცალმხრივი დენონსირება უნდა მოახდინოს).


როგორც „კომერსანტის“ სტატიაში აღნიშნული, ხელშეკრულების შესანარჩუნებლად რუსეთმა ბოლო დროს გარკვეული კომპრომისი გასწია: ა) მზადყოფნა გამოხატა, რომ არ შეუქმნიდა ბარიერებს აშშ-ს კალინინგრადის ოლქის გაკონტროლებაში, გ) საქართველოსთან მიმართებით მოსკოვმა განაცხადა, რომ ნებას დართავდა აშშ-ის (ნატოს) თვითმფრინავების ფრენას რუსეთის ტერიტორიაზე, აფხაზეთ//სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან 10-კილომეტრიან ზოლში იმ პირობით, თუ საქართველოც ნებას მისცემდა რუს ინსპექტორებს სადაზვერვო ფრენები განაახლონ მის ტერიტორიაზეც (რაც 2012 წლიდან შეწყვეტილია).


აშშ-ში ამჯამად „ღია ცის“ ხელშეკრულების დაცვის კამპანია მიმდინარეობს - ცნობილი პოლიტიკოსები და ექსპერტებმა, მათ შორის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ შულცმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა უილიამ პერმა და სხვებმა წერილები და სტატიების გამოაქვეყნეს და ასევე განაცხადეს, რომ „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან აშშ არ უნდა გამოვიდეს, რადგან ამ დოკუმენტს დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების  შესანარჩუნებლად, თანაც იმ დროს, როცა მსოფლიოს ვერაგი მტერი - კორონავირუსი უტევს“.


დოკუმენტის პრინციპების დასაცავად აშშ-ის ევროპელი პარტნიორებიც გამოდიან, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ თუ ამერიკა ხელშეკრულებიდან გავა, მაშინ იგივეს გააკეთებს რუსეთიც, შესაბამისად, დასავლეთს აღარ ექნება რუსეთის სამხედრო საქმიანობის გაკონტროლების უფლება, განსაკუთრებით უკრაინისა და საქართველოს საზღვრებთან.


2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილია კონფერენციის ჩატარება, რომელზეც „ღი ცის“ ხელშეკრულების შედეგებს განიხილავენ. ასეთი ღონისძიებები ყოველ 5 წელიწადში ტარდება. თუ აშშ-ის პრეზიდენტი თავის განზრახვას შეასრულებს (სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი სექტემბრამდე აპირებს ხელშეკრულებიდან გამოსვლას), მაშინ კონფერენცია საბოლოო აღმოჩნდება, ან შეიძლება სულაც არ გაიმართოს“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4317281

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ