დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

1982 წელს ესპანეთში გამართულ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მეტად „ვარსკვლავურმა“ შემადგენლობამ მოიყარა თავი 10.04.2020 17:26

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ნიკა თოხაძის ბლოგს:

 

1982 წელს ესპანეთში გამართულ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მეტად „ვარსკვლავურმა“ შემადგენლობამ მოიყარა თავი. არგენტინის, გერმანიის, ბრაზილიის, საფრანგეთის, იტალიის და სხვა „დიდი“ გუნდების გარდა, მუნდიალზე მონაწილე თითქმის ყველა ნაკრებში იყო მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი მინიმუმ ერთი ფეხბურთელი: სმოლარეკი, ლატო, შარმახი, ბონეკი (პოლონეთი),  კუბილასი (პერუ), პეცაი, პროჰასკა, შახნერი, კრანკლი (ავსტრია), პფაფი, ვან-დერ ელსტი, კულემანსი (ბელგია).  საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ყავდა სსრკ ნაკრებსაც, რომლის შემადგენლობაში ესპანეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩივაძემ, სულაქველიძემ, შენგელიამ და დარასელიამ ითამაშეს. თავად ჩემპიონატის ფორმატიც განსხვავებული იყო: ჯგუფური ეტაპის ორი  გამარჯვებული (სულ 12 ნაკრები) აგრძელებდა ასპარეზობას მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც ოთხი სამგუნდიანი ჯგუფის გამარჯვებული ქმნიდა ნახევარფინალურ წყვილებს და შემდეგ უკვე ფინალი... შეიძლება სწორედ ამ უცნაური ფორმატის „ბრალი“ იყო, რომ მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ იხილა რამდენიმე გამორჩეული მატჩი, რომელიც სწორედ მეორე ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა.


მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ერთ ქვეჯგუფში მოხვდა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა, ბრაზილიის ვარსკვლავური ნაკრები და სამი ქულით მეორე ეტაპზე ძლივს გაღწეული იტალიის ნაკრები. შემადგენლობით არც იტალიის ნაკრები ჩამორჩებოდა ფავორიტ გუნდებს, მაგრამ პირველ ეტაპზე ძალიან უღიმღამო და უსახური თამაშით ჯგუფში სამივე შეხვედრა ფრედ დაასრულა და კამერუნის ნაკრებს მეორე ადგილისთვის ბრძოლაში გატანილი გოლებით აჯობა. ასე თუ ისე, იტალია მეორე ეტაპზე გავიდა და  არგენტინა-ბრაზილიის ნაკრებებთან მოუწევდა „ომი“. დრამატული მატჩებით 1982 წლის ჩემპიონატი ნამდვილად გამორჩეულია, მაგრამ მეორე ჯგუფურ ეტაპზე იტალია-ბრაზილიის შეხვედრა, რომელიც „სკუადრა აძურამ“ 3-2 მოიგო, ალბათ განსაკუთრებულია.

 


იტალია 82 - ბრაზილიასთან მატჩის წინ, პირევლ რიგში: როსი, კონტი, ორიალი, კაბრინი, ტარდელი მეორე რიგში: ძოფი, ანტონიონი, შირეა, ჯენტილე, კოლოვატი, გრაციანი.

 

ესპანეთში იტალიის ნაკრები ჩაიყვანა ენცო ბეარზოტიმ,  რომელიც ნაკრების მთავარ მწვრთნელად 1977 წელს დაინიშნა. მისი თაოსნობით ნაკრებმა 1978 წლის არგენტინის მუნდიალზე მეოთხე ადგილი მოიპოვა, 1980 წელს კი საკუთარ კედლებში გამართულ ევროპის პირველობაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პენალტების სერიით ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან დამარცხდა და საბოლოოდ მეოთხე პოზიციას დასჯერდა, რის გამოც ჟურნალისტებმა და გულშემატკივრება რბილად რომ ვთქვათ აითვალწუნეს ნაკრების ბოსი და უმოწყალოდ აკრიტიკებდნენ.

 


 

ბეარზოტის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა  ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დროს. ნაკრები ძალიან „მძიმედ“ და უსახურად გამოიყურებოდა. იუგოსლავიის და საბერძნეთის ნაკრებებთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრებმა და ლუქსმბურგთან მინიმალური სხვაობით გამარჯვებამ (1-0) არამხოლოდ ჟურნალისტების და გულშემატკივრების რისხვა გამოიწვია, ახლა უკვე ზოგიერთი საფეხბურთო სპეციალისტიც მხრიდანაც ისმოდა ხმამაღალი კრიტიკა.


იტალიამ ესპანეთის ჩემპიონატის საგზური მაინც მოიპოვა.


ბეარზოტი კიდევ ერთხელ გახდა განკითხვის ობიექტი, როცა მან ჩემპიონატზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სია გამოაქვენა. განსაკუთრებით აკრიტიკებდნენ ნაკრებში დინო ძოფის (ასაკის გამო) და პაოლო როსის გამო. 1980 წელს იტალიაში აგორდა სკანდალი ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩებთან დაკავშირებით,  ყველასათვის გასაკვირად ამ ამბავში ჩართული აღმოჩნდა პაოლო როსიც, რომელსაც ცოტა ხნით ციხის საკანშიც მოუხდა ყოფნა, თუმცა საბოლოოდ ორწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს. ცხადია, ორი წლის განმავლობაში უთამაშებელი ფეხბურთელის ჩემპიონატზე წაყვანა ბეარზოტის არ მოუწონეს. იტალიელთა თავკაცი კი რატომღაც დარწმუნებული იყო საკუთარი არჩევანის სისწორეში და როგორც შემდეგ გაირკვა, არც შემცდარა. 41 წლის დინო ძოფიმ უმაღლეს დონეზე ჩაატარა მთელი ტურნირი, პაოლო როსი კი ჩემპიონატის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამიტომ 1982 წელს ესპანეთის მსოფლიო პირველობაზე იატალიის  ნაკრების ტრიუმფი დიდ წილად ენცო ბეარზოტის დამსახურებად შეიძლება ჩავთვალოთ. 44 წლიანი პაუზის შემდეგ  იტალია ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.


ვინჩენცო (ენცო) ბეარზოტი 1927 წელს დაიბადა, დიდად წარმატებულს მის საფეხბურთო კარიერას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. თამაშობდა„კატანიაში“, მილანის „ინტერში“ (46 მატჩი), ყველაზე ხანგრძლივად „ტორინოში“ (205 მატჩი), იტალიის ნაკრებში ითამაშა ერთხელ.  რომ არა 1982 წელს მიღწეული წარმატება, მის შესახებ ალბათ ბევრს არავის ეცოდინებოდა. თავისებური, განსხვავებული შეხედულებები ქონდა ყველაფერზე. მაგალითად, თვლიდა, რომ მისთვის დი სტეფანო უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა მსოფლიო ფეხბურთში ვიდრე პელე. სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩად იხსენებდა არგენტინის მუნდიალზე გერმანიასთან გამართულ უგოლოდ დასრულებელ შეხვედრას - ამბობდა, რომ იტალია იმ შეხვედრაში უძლიერესი იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში ბრაზილიური ფეხბურთი სამბას შეადარა, იტალიური-ვალსს, როდესაც ანგლოსაქსურ ფეხბურთზე ჰკითხეს თქვა, რომ მათი თამაში სასულე ორკესტრის მიერ შესრულებულ მარშს მაგონებსო... ფეხბურთელში ფიზიკური გამძლეობის და ფსიქოლოგიური სტაბილურობის გარდა დიდად აფასებდა აზროვნების უნარს. ამბობდა, რომ ფეხბურთელისთვის მხოლოდ კუნთები და მყარი ფსიქიკა არაფერია,  ყველაზე მთავარია ტვინი...


ესპანური ტრიუმფის შემდეგ  მექსიკის 1986 წლის მსოფლიო პირველობაზეც თავკაცობდა „სკუადრა აძურას“, მაგრამ მისი გუნდი მერვედფინალს ვერ გასცდა და ბეარზოტი ნაკრებს დაემშვიდობა. 


ენცო ბეარზოტი 2010 წელს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2013 წელს „World Soccer” -მა მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელა შორის იგი ოცდამეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ