დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

"საზღვარს და მანძილს, რასაც აქამდე სულ უფრო მეტად ეკარგებოდა მნიშვნელობა, არა მხოლოდ საზრისი დაუბრუნდა, არამედ - ლამის ყოფნა-არყოფნის მნიშვნელობა მიეცა" 11.04.2020 13:23

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


„დარჩი სახლში!“ - რაც ამ პირველი მსოფლიო პანდომის (პანდომი - პანდემიური ომია) მთავარი დევიზია, ამ გლობალური და ტოტალური კრიზისიდან გამოსავალზეც მიანიშნებს.


„დარჩი სახლში“ ნიშნავს - დაბრუნდი შინ. „ჩამომალაბორანტეს“ ვარიანტში, მოკლედ და ზუსტად რომ ვთქვათ, „დარჩი სახლში“ - მოშინაურებაა. „შინ“ და „გარეთ“, რაც აქამდე მხოლოდ პირობითი იყო, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ამ ექსტრემალურ სიტუაციაში.


საზღვარს და მანძილს, რასაც აქამდე სულ უფრო მეტად ეკარგებოდა მნიშვნელობა, არა მხოლოდ საზრისი დაუბრუნდა, არამედ - ლამის ყოფნა-არყოფნის მნიშვნელობა მიეცა. მოშინაურება სახლეულის, შენებურისა და ჩვენებურის აღქმას და დაშორიშორებას გულისხმობს; ეს არა მხოლოდ ფიზიკური დისტანცირების აქტია, არამედ საკუთარი იდენტობის დაბრუნებასაც უკავშირდება.


გლობალური და უნივერსალიზებული მსოფლიო, რაც ამ პანდემიამდე არსებობდა, „შინსა“ და „გარეს“ შორის მხოლოდ პირობით, სრულიად უმნიშვნელო განსხვავებებს ტოვებდა, შეირყა! ეჭვს ქვეშ დადგა ის განცდა, თითქოს მოწინავე სამყარო უნივერსალური, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო, ერთიანი საერთო საცხოვრებელია, რომ იქმნება „მსოფლიო მოქალაქის“ ახალი იდენტობა. ზუსტად ისევე, როგორც „საბჭოთა ადამიანის“ გამოზრდას აპირებდნენ დედამიწის ერთ მეექვსედზე და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.


საზღვრებში მოქცევა, შინ დაბრუნება, დაშორიშორება იდენტობას ნიშნავს. იდენტობის გარეშე არც მტრობა არსებობს და არც სიყვარული! მეტიც - საზღვრებისა და მანძილის განცდის გარეშე თვით იდენტობაც აღარ არსებობს. არც სულიერი სიახლოვე და სიყვარულია ფიზიკური მანძილისა და სიშორის გარეშე. „რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები“ - ფიზიკური სიშორე სულიერი სიახლოვეცაა.


როცა საფრთხე გლობალური და ტოტალურია, იძულებითი დაშორიშორებით „მსოფლიო მოქალაქე“, როგორც ილუზორული იდენტობა, თითქოს საერთოდ გაქრა!. გარე-გარე საერთო საცხოვრებლის ძებნაში მოყიალე ადამიანს დაუბრუნდა სახლის საზრისი; დღეს, როგორც არასდროს „ჩემი სახლი - ჩემი ციხე სიმაგრეა!“


ილუზორული აღმოჩნდა, რომ ცივილიზაციებს, კულტურებს, ერებსა და სახელმწიფოებს შორის საზღვრები არ არსებობს, მოხდა დაშორიშორება და ყველას მიეთითა ჭეშმარიტი გზა - გზა შინისაკენ!


ბუნებრივია, ეს პანდომი დასრულდება და ჩაკეტილი საზღვრები კვლავ გაიხსნება, მაგრამ საკაცობრიო „მოშინაურების“ ეს უპრეცენდენტოდ მასშტაბური აქტი უკვალოდ არ ჩაივლის.


უწინარეს ყოვლისა, მოველი რომ „ოიკოფობია“ (შენი მშობლიური სახლის განცდაზე დამყარებული იდენტობის, მაშასადამე - სახლეულის, შენებურისა და ჩვენებურის მიმართ შიში და სიძულვილი), როგორც მსოფლიოში ყველაზე საშიში ტენდენცია, შეკავდება და უკან დაიხევს. მის საპირისპიროდ „ოიკოფილია“ უფრო და უფრო გაძლიერდება; მოქალაქის, პოლიტიკოსისა თუ მთავრობის „მოშინაურება“ და „გაშინაურება“ მთავარი ტენდენცია გახდება, მზერა შინისკენ შემოტრიალდება, ხოლო გაგარეულება - თუ მთლად ველურობა არ გახდება, მხოლოდღა კონტრ-ტენდენციის როლს დასჯერდება.


ინტეგრაციას ახალი საზრისი მიეცემა: არა უნივერსალური ევროპა, არამედ - საკუთარი იდენტობის მქონე ერების ევროპა! არა უნივერსალური მსოფლიო, არამედ ერების, კულტურების და ცივილიზაციების მსოფლიო. ჩვენი სახლიც აქ არის და მას თავისი გამორჩეული, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ადგილი უკავია!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ