დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

კორონავირუსი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში 13.04.2020 11:34

გერმანული რადიოსადგურის „დოიჩე ველეს“ 12 აპრილის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭომ“ (DGAP) გამოაქვეყნა მოხსენება სათაურით „კორონავირუსი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში“.


ვრცელ ანალიტიკურ მასალაში განხილულია უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების ძალისხმევა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, ყურადღება ეთმობა მათი ჯანდაცვის სისტემების მდგომარეობას, უცხოეთის მიერ გაწეულ დახმარებას, მოსალოდნელი რისკებს. მოხსენებაში მოცემულია რეკომენდაციებიც.


გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ექვსი ქვეყნის მთავრობებმა მოახლოებული პანდემიის პირობებში რეაქცია სხვადასხვანაირად გამოავლინეს: „იმ დროს როცა საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაუყონებლივ მიეღო რადიკალური გადაწყვეტილებები (რის შედეგადაც, როგორც თვლიან, ამ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით დაავადების რაოდენობა შედარებით დაბალ დონეზეა შენარჩუნებული), დანარჩენმა ქვეყნებმა ზომები დაგვიანებით მიიღეს“. მოხსენებაში ასევე საუბარია ადგილობრივი მთავრობების მიერ შექმნილი კრიზისის მართვის საბჭოების ნეგატიურ მხარეზე - მათში ძირითადად ჩინოვნიკები დომინირებენ, სამედიცინო სფეროს მუშაკები წარმოდგენილნი არ არიან. „ამ მხრივ საქართველო შეიძლება კარგ გამონაკლისად ჩაითვალოს: უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოში სამი მედიცინის სფეროს სპეციალისტია შეყვანილი“, - ხაზგასმულია მასალაში.


მოხსენების თანახმად, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნები კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს უმუშევრობის სწრაფი ზრდისა და მთლიანი შიდა პროდუქტის მკვეთრი შემცირების წინაშე დადგებიან, რასაც სოციალური მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში საზღვარგარეთიდან ბევრი მიგრანტი დაბრუნდა, რომლებიც უმუშევართა რიგებს შეავსებენ და შესაბამისად, მატულობს დესტაბილიზების რისკები. მით უმეტეს, რომ მოლდოვასა და საქართველოში შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.

 

მოამზადა სიმონ კლაძემ

წყარო: https://dgap.org/de/node/33650

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ