დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"შეკითხვები მიჩნდება დისტანციური სასამართლო პროცესის „ნამდვილობასთან“ 13.04.2020 12:36

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ამ ექსტრემალურ ვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია - „დისტანციურ ტექნოლოგიებთან“ „ცოცხალი“ პროცესების ადაპტირება; ცხადია, აქაც ზომიერება და ადექვატურობა არ უნდა დავკარგოთ, რაც ნიშნავს, რომ უნდა გავაცნობიეროთ ტექნოლოგიების გამოყენების ფარგლები.


სასამართლო პროცესის, ანდა ზოგადადაც, ადმინისტრაციული ორგანოების, განსაკუთრებით - კოლეგიური ორგანოთა, საქმისწარმოებისას დისტანციურობის დაშვებას დიდი სიფრთხილე სჭირდება, რომ ცოცხალი პროცესის ნაცვლად, სინამდვილის ვირტუალური იმიტაცია არ მივიღოთ.


პირადად მე, შეკითხვები მიჩნდება დისტანციური სასამართლო პროცესის „ნამდვილობასთან“. ცოცხალი სასამართლო პროცესი, რაც მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული, რეალურ ფიზიკურ გარემოებებს, დაწყებული სასამართლო დარბაზის სივრცის ორგანიზებიდან, სადაც ყველას თავისი ფიზიკური ადგილი აქვს მიჩენილი, დასრულებული მხარეთა ცოცხალი კამათიდან, როცა მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თითოეული ნათქვამი სიტყვის შინაარსს, არამედ თითოეულ ცოცხალ ინტონაციას, მიმიკას, გამოყენებულ ჟესტებს, ე.ი. „ფიზიკურ“ დამაჯერებლობას, სიცრუის „ფიზიკურ“ გამოაშკარავებას, დაცვისა თუ ბრალდების მიერ ფიზიკურად გამოყენებულ „ილეტებს“ (მაგ. „კავკასიური ცარცის წრის“ აზდაკის მიერ ჩატარებულ - სასამართლო ექსპერიმენტს, რაც დისტანცირებულად წარმოუდგენელია!) საბოლოო ჯამში - ცოცხალი სიტყვის „ფიზიკური“ ზემოქმედების ძალას არა მხოლოდ მხარეებსა თუ მოსამართლეზე, არამედ დამსწრე პუბლიკაზე (დისტანცირებისას კი „დასწრებაც“ თავისთავად პრობლემაა) იურიდიული სინამდვილის კატეგორიას ანიჭებს; არსებითია, რომ კანონმა აქ და ახლა, ამ ფიზიკურ გარემოებებში, ცოცხლად იმუშაოს და აბსტრაქციიდან, „ჯერ არსის“ კატეგორიიდან მართლმსაჯულების ცოცხალ, კონკრეტულ გამოხატულებად და იურიდიულ შედეგად იქცეს.


ცოცხალი პროცესის დისტანცირებულად წარმართვა, თუნდაც იმიტომ, რომ სასამართლო დარბაზის სივრცის დისტანციური იმიტირება წარმოუდგენელია, უაღრესად რთულია და ზოგჯერ ისეთივე წარმოუდგენელი, რომ მაგ. მესი და რონალდუ არა საფეხბურთო მოედანზე, რეალურად დაუპირისპირდნენ ერთი-მეორეს, არამედ „სახლიდან“ დისტანციურად გაეჯიბრონ სხვადასხვა საფეხბურთო ილეთების უკეთ შესრულებაში. ცხადია, „ტექნოლოგიურად“ ესეც შესაძლებელია, მაგრამ ის სულ სხვა თამაში იქნება და არა ფეხბურთი!


ბუნებრივია, ექსტრემალურ პირობებში, რათა მართლმსჯულება არ შეფერხდეს, გარკვეული ფარგლებით, იმ სავალდებულო პირობით, რომ მხარეები და მოსამართლე ამას თანხმდებიან, მაინც შესაძლებელია დისტანციური სასამართლო პროცესის დაშვება, მაგრამ ზომიერად, კონკრეტული საქმის ადექვატურად, მხოლოდ გარკვეული, ე.ი. ad hog და არა ყოველი შემთხვევისთვის. ხოლო როდის არის ეს შესაძლებელი და როდის არა, საპროცესო კანონმდებლობამ მკაფიოდ უნდა გვითხრას!


პირადად მე, საერთოდ წარმოუდგენელი მეჩვენება პოლიტიკური კოლეგიური ორგანოების, პარლამენტის ან საკრებულოს, სხდომათა „გადისტანციურება“. ამას რამდენიმე პრინციპული მიზეზი აქვს:


1. მაგ. პარლამენტის შეკრების ნამდვილობა წევრთა ფიზიკურ შეკრებას ნიშნავს და არა დისტანციურს, ეს ცალსახად ასეა კონსტიტუციით და ასეც იქნება, სანამ კონსტიტუცია „დისტანციურ შეკრებას“ პირდაპირ არ დაუშვებს; მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალური მიზეზია;


2. მთავარი კი ეს არის: არსებითი პროცესუალური ზეგავლენა შედეგზე, ე.ი. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თუკი პარლამენტი დისტანციურად იხილავს და წყვეტს საკითხს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წევრთა მიერ სათითაოდ, დისტანცირებულად მიღებული ცალკე ინდივიდუალური გადაწყვეტილებების ერთგვარი მექანიკური ჯამია, რაც შესაძლებელია აბსოლუტურად განსხვავებული იყოს, ცოცხალ პროცესში, როცა კოლეგიალობის ზეგავლენა დისტანცირებული, არაპირდაპირი და „ვირტუალური“ კი არ არის, არამედ რეალური, პირდაპირი და უშუალოა, მიღებული გადაწყვეტილებისგან. პრინციპული პრობლემა ესაა: ვინაიდან დისტანციურად მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია განსხვავდებოდეს და საპირისპიროც კი შეიძლება იყოს პარლამენტის ცოცხალ შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებისგან, რომელია ამ შემთხვევაში „ჭეშმარიტი“ და ნამდვილი? არა მგონია, ვინმემ დაასაბუთოს, რომ „დისტანცირებული“, ე.ი. გარკვეული ხარისხით მაინც ვირტუალური, რეალურზე უფრო ნამდვილია!


ზოგადი დასკვნა ესაა: ადმინისტრაციული ორგანოების ტექნოლოგიური ადაპტირება უწინარესად მოითხოვს ტექნოლოგიების გამოყენების ფარგლების დადგენას. ჩვენი ადმინისტრაციული კანონმდებლობა ამჟამად ტექნოლოგიურად ადაპტირებული იმდენად არ არის, რამდენადაც - ეს ფარგლები უცნობია. საგანგებო მდგომარეობის შემდგომ ამ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს!" -წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ