დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„უსწრაფესად უნდა გადავიდეთ, არა უბრალოდ ინკლუზიურ ზრდაზე, არამედ ინდუსტრიული განვითარების სტრატეგიაზე 13.04.2020 17:32

გიორგი ცუცქირიძე: „უსწრაფესად უნდა გადავიდეთ, არა უბრალოდ ინკლუზიურ ზრდაზე, არამედ  ინდუსტრიული განვითარების სტრატეგიაზე“.


ფაქტია, რომ მსოფლიო იცვლება და ის იცვლება ჩვენს თვალწინ, იცვლება ეკონომიკური მიდგომებიც. როდესაც გასული საუკუნის 50 -იან წლებში კეინსიანიზმის ერა დასრულდა, მზად იყო ლიბერალური ეკონომიკის დოქტრინა, როგორც თეორიულ, ისე კულტუროლოგიურ ასპექტებში. დღეს ჩვენ ვაკვირდებით ღია ბაზრის დოქტრინების რევიზიებს, რაზეც იდგა გლობალური ეკონომიკა და რომლის განმსაზღვრელი ვექტორები საერთაშორისო ვაჭრობის სტიმულირებაზე და ფინანსურ ბაზრებზე იყო აგებული.

 

სახეზეა მზარდი საერთაშორისო დაძაბულობა ზე-სახელმწიფოებს შორის, რაც სიმპტომატურად აისახება ნავთობის ფასშიც. კიდევ არ ვიცით კორონა ვირუსის ზარალის მაშტაბები და აფეთქების პერიოდები, გლობალური კონკურენცია გადავიდა სახიფათო ფაზაში,  რესურსების, კაპიტალის და შრომის საერთაშორისო დანაწილების კრიზისიც უკვე სახეზეა.

 

ჩვენ, პოსკრიზისულ პერიოდში  გვჭირდება არა უბრალოდ ეკონომიკის ძველ ნიშნულზე დაბრუნება, არამედ ეკონომიკის სწრაფი გადაწყობა.  ხვალ ამის დროს შეიძლება აღარ გვქონდეს ან ძალიან დაგვიანებულიც იყოს. პოსკრიზისული პერიოდი არ გულისხმობს ვირუსული ეპიდემიის  ჩაქრობას. არავინ იცის ხვალ როდის იფეთქებს ახალი ძალით. ეკონომიკის გადაწყობაში იგულისხმება ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ეკონომიკური სტრუქტურა, რომელიც მესამე სექტორისკენ ანუ მომსახურების სერვისებისკენ იყო მკვეთრად გადახრილი, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიის პრიორიტეტით. საქმე ის არის, რომ ტურისტული ინდუსტრიაც ვეღარ აღდგება იმ სტრუქტურით, რაც იყო თუნდაც ბოლო წლებში განვითარების მთავარ ვექტორალური- გართობის ტურიზმის სახით.

 

ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის ახლებული ბალანსი, სადაც უსწრაფესად უნდა გადაეწყოს მომსახურების სერვისებზე ბაზირებული ეკონომიკა, პირველადი და მეორადი სექტორების მიმართულებით.  პირველადი დამუშავების დარგები, პირველ რიგში აგროსექტორი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, და მეორადი დარგები დამამუშავებელი მრეწველობის მოდერნიზაციის მიმართულებით.

 

ქვეყნის სტრუქტურული ტრანსფორმაციას ისიც აქტუალურს ხდის, რომ  ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის  პარამეტრები არსებითად განსხვავდება ევროპის  ქვეყნების ანალოგიური პარამეტრებისაგან. თუ თვალს გადავლებთ ევროპის ქვეყნების დინამიკას, როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ისე ბებერი კონტინენტის  მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 5-6 % ს არ აღემატება, სადაც 15 % მდეა დასაქმებული.

 

მართალია, ჩვენთან აგროსექტორის წილი მშპ-ში იდენტურია, მაგრამ დასაქმებით დასაქმებული მოსახლეობის 40 % ზე მეტია, რაც საშუალო ევროპულ დონეს 8 ჯერ აღემატება!  ადამიანური რესურსების დისბალანს რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკის დაბალპროდუქტიულობასაც  უსვამს ხაზს.  გარდა ამისა, ეს პრობლემა იმითაც რთულდება, რომ იგივე სიტუაციაა  ინდუსტრიაში დასაქმებულთა და დამამუშავებელი მრეწველობის მაჩვენებლებთან მიმართებაში.  თუ ევროპის ქვეყნებში დასაქმებულების პროცენტული მაჩვენებელი საშუალოდ 25 % ია, ჩვენთან ასიმეტრია კიდევ უფრო თვალსააჩინოა და მრეწველობასა და მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის ორჯერ ნაკლებია 14 %, ხოლო მომსახურების სექტორში 44.4 % -ია დასაქმებული.  აღსანიშნავია, რომ გარდა დასაქმების სტრუქტურის ასიმეტრიისა, მომსახურების სერვისების დიდი ნაწილი, გარდა საბანკო მომსახურებისა, ძირითადად დაბალკვალიფიციური და შესაბამისად, დაბალპროდუქტიულია,  განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც  ეტაპობრივად მოხდა დეინდუსტრიალიზაცია ანუ  სერვისებში  გადასვლა.

 

რაც მთავარია, ჩვენ ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით საშუალო ევროპულ  დონეს მშპ-ს მაჩვენებელით ერთ სულ მოსახლეზე  მიმართებაში, თუ PPP ანუ მსყიდველობითი უნარიანობის პარიტრეტის მიხედვით ავიღებთ, დაახლოებით 4 ჯერ ჩამოვრჩებით ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რაც  დიდწილად განსაზღვრავს ცხოვრების დონეს და კეთილდღეობის მაჩვენებელსაც. ამის მთავარი მიზეზი, სწორედ ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურაა,  რადგან GDP per capita პირდაპირპროპორციულია ინდუსტრიაში დასაქმებულებისა და დამამუშავებელი მრეწველობის  წილისა მშპ-ში, დამატებითი ღირებულების მაღალი გენერაციიდან გამომდინარე.

 

ეკონომიკის სწრაფი ტრანსფორმაციის აუცილებლობას, ტურისტული ინდუსტრიის გაურკვეველი მომავალიც ქმნის. შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2019 წელს რეკორდულ მაჩვენებელს – 3.2  მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მშპ-ის 18.4 %-ს შეადგენს. დღეს ტურისტული ინდუსტრია არის გაჩერებული.   კრიზისამდე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების დამატებითი ღირებულების გათვალისწინებით, ტურიზმის წილი პირდაპირი და არაპირდაპირი კონტრიბუციის გათვალიწინებით, 11.5 % -ს შეადგენდა. თუმცა, ტურიზმიდან მიღებული  შემოსავლების გავლენა შეზღუდულია ეკონომიკურ ზრდასა  და მიმდინარე ანგარიშზე, რადგან  ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 35-40 % იმპორტის სახით გაედინება უკან. აღნიშნული მიანიშნებს, რომ მომსახურების სექტორის განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია წარმოების და აგროსექტორის სექტორის პირდაპირი ბმა ტურისტულ ინდუსტრიასთან, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მეტ დამატებულ ღირებულებას ქვეყანაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის მხადაჭერის პარარელურად,  2016 წლიდან მოყოლებული ადგილობრივი წარმოების და აგროპროდუქციის ხელშესაწყობად, ბევრი რამე გაკეთდა  სახელმწიფო პროგრამების „აწარმოე საქართველოში“ თუ „იაფი აგროკრედიტის“ ფარგლებში, შეიქმნა და გადაიარაღდა არაერთი მცირე და საშუალო საწარმო, და სასათბურე მეურნეობა, მაგრამ დღეს სხვა მოცემულობაში ვიმყოფებით. განვითარების სხვა დინამიკა და ახალ დროში ადაპტირებადი ეკონომიკური სტრატეგია გვჭირდება.

 

ტურიზმის, ეკონომიკაში კონტრიბუციის, ეკონომიკური კანონზომიერების შესაფასებლად, ევროკავშირის ქვეყნებიდან შეგვიძლია განვიხილოთ ისლანდია და ხორვატია, რომლებიც ჩვენს სიახლოვეს არიან როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი კონტრიბუციის თვალსაზრისით.

 

ისლანდიის მთლიანი შიდა პროდუქტი 2018 წელს  25,9 მლრდ აშშ დოლარი იყო, ხოლო  მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 2018 წელს შეადგენდა 74,515 აშშ დოლარს.  ისლანდია თავისი მოსახლეობის ცხოვრების დონის თვალსაზრისით, მე -7 ადგილზეა 196 ქვეყანას შორის. ისლანდია უმუშევრობის დონით ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო, რაც 3.5 % -ს შეადგენდა.

 

რაც მთავარია, ისლანდია არის დამამუშავებელ მრეწველობაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა. ისლანდიის მთავარი საექსპორტო საქონელი იყო ალუმინის ნედლეული, ასევე თევზის ნაწარმი, როგორც ფილე ისევე ცოცხალი და გაყინული თევზეული და ცხოველთა კვება; გასაღების ბაზრები ევროკავშირი და აშშ.  იგივე შეიძლება ითქვას ხორვატიაზეც, რომელიც ტურიზმთან ერთად, ასევე გადამამუშავებელი მრეწველობის პრიორიტეტს ანიჭებს უპირატესობას. 2017 წელს ხორვატიამ ექსპორტზე გაიტანა 8.16 მლრდ აშშ დოლარი.  ხორვატიის მშპ იყო $ 55.2 მლრდ, ხოლო მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე $ 26.3 ათასი აშშ დოლარი.

 

ისლანდიის და ხორვატიის მაგალითი აქარწყლებს მოსაზრებას, თითქოს  მცდარი იყო საქართველოს ხელისუფლების ტურისტულ ინდუსტრიაზე ორიენტირება, რაზეც ახლა ოპოფლანგი გადაჯდა, და კრიტიკის საგნად აქცია. თუმცა ამავდროულად აჩვენებს, რომ მომსახურების ექსპორტის ზრდა შეიძლება პოზიტიურიც იყოს, როდესაც ქვეყანას აქვს დამატებით ღირებულებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა, გასაღების განვითარებული ქვეყნების ბაზრები და შესაბამისად, დაბალი სავაჭრო ბალანსის დეფიციტი. ყველა წარმატებული ქვეყანა გამოდის თავის ისტორიული, ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსების, ასევე ფარდობითი უპირატესობის შესაძლებლობიდან და არა აკვიატებული იდეა ფიქსიდან!

 

საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციის მთავარი ამოცანაც უნდა იყოს დამატებითი ღირებულების წილის ზრდა ეკონომიკაში, დღეს ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სამომავლოდ ტურიზმის სექტორის განვითარების სცენარის მიუხედავად, მნიშვნელოვანია შეიქმას ძლიერი საწარმოო სექტორი.

 

აგროსექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ უნდა უზრუნველყოს, დასაქმებულთა შემცირება სოფლის მეურნეობაში და სამაგიეროდ, ზრდა ადგილობრივ მრეწველობაში, რადგან  მშპ-ში მრეწველობის წილის გაზრდას  მოყვება ქვეყნის ექსპორტის ზრდასთან ერთად, შემოსავლების ზრდაც და შესაბამისად მშპ-ს გაზრდა ერთ სულ მოსახლეზე, როგორც მიმდინარე ფასებში ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში.

 

ჩვენ გაცილებით თვითკმარ ეკონომიკაზე გადასვლით შევძლებთ კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, გლობალური რელოკაციები ჩვენც გვაძლევს ამ ამოცანის რეალიზაციის კარგ შანსებს, როგორც ტერიტორიული მიმზიდველობის, ისე სტარანსპორტო და ენერგო არტერიების თვალსაზრისით. ამის დადასტურებაა თუნდაც იაპონიის გადაწყვეტილება ჩინეთიდან გაიტანოს თავის საწარმოების დიდი ნაწილი. ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს პროცესი ამით არ დასრულდება. სამხრეთ კორეული გიგანტის „სამსუნგის“ მაგალითიც კმარა, რომელმაც დაიწყო საწარმოო სიმძლავრეების ჩინეთიდან გატანა. მთავრობის სტრატეგიული ამოცანაც სწორედ ამ მიმართულებით მოძრაობაშია განსახილველი, პირველ რიგში ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან საინვესტიციო შეთავაზებების პაკეტების თვალსაზრისით.

 

აგროსექტორის სტრუქტურული მოდერნიზაცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის ერთიან სტარატეგიაში. იმპორტული პროდუქტიდან, რაც მონაწილეობს სასურსათო კალათაში პრაქტიკულად ყველაფრის წარმოება შეიძლება –  მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი,  ხორბლის ფქვილი, თუ პარკოსნები, აღარაფერს ვამბობ ნიორზე;

 

აგრო სექტორის მოდერნიზაცია, ისედაც გამოიწვევს თვითდასაქმებულების დიდი არმიის  შემცირებას სოფლის მეურნეობაში,  მომსახურების მესამე სექტორში სერვისების სტრუქტურაც შეიცვლება და  გადავა  დისტანციური მომსახურების სულ უფრო მზარდ პლათფორმაზე, რაც უზრუნველყოფს   სერვისების  სახეცვლილებას ადგილობრივი სამრეწველო პროდუქციის სერვისების მიმართულებით.



სრატეგიულ ამოცანად უნდა იქცეს  ინდუსტრიის წილის მშპ-ში მკვეთრი ზრდის უზრუნველყოფა. თვალსაჩინოებისათვის ავღნიშნავ, რომ დამამუშავებელი ინდუსტრიის წილი მშპ-ში ჯერ ისევ არის ძალზე დაბალი, და იგი დღევანდელი 14 % დან მინიმუმ  20 %-მდე მაინც  უნდა ავიდეს უახლოეს 2-3 წელიწადში, ხოლო 5 წლის თავზე 2025 წლისათვის სულაც 25 % ზე მეტი უნდა იყოს.

 

ინდუსტრიის დაბალი წილი მშპ-ის ფორმირებაში, გამოწვეული იყო  ეკონომიკის განვითარების არასწორი სტრატეგიის შედეგად, რაც ნაციონალების დროს დაიწყო. ითვლება, რომ ეს იყო მიზანდასახული დეინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა, რომელიც მიმდინარეობდა იმპორტის მკვეთრი სტიმულირებით. ამის შედეგი იყო2006-2010 წლებში, საგადამხდელო ბალანსის სარეკორდო 18 %-იანი დეფიციტი  და იმპორტიზაციის მაღალი დონე, რომლის დამღუპველ შედეგებს დღემდე ვიმკით.

 

რეინდუსტრიალიზაციის სტრატეგიაზე სწრაფი გადასვლის ეკონომიკური კანონზომიერების შესაფასებლად,  ვიტყვი, რომ ინდუსტრიის ნაკლებპრიორიტეტულობის პირობებშიც კი საქართველოს მრეწველობაში სოფლის მეურნეობასთან შედარებით დასაქმებულია ხუთჯერ ნაკლები და სამაგიეროდ, ქმნის 2-ჯერ მეტ დამატებულ ღირებულებას!.

 

აქედან გამომდინარე, სწორედ დამამუშავებელი მრეწველობაში უნდა მოხდეს   სახელმწიფოს მხრიდან ახალი  ინდუსტრიული პოლიტიკის გატარება.

 

ეკონომიკის სტრუქტურული გადაწყობა და საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა უმჯობესია განხორციელდეს სახელმწიფო პროგრამების „აწარმოე საქართველოში“ კომპონენტების გაფართოებით და „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ოღონდ გაზრდილი და სახეშეცვლილი საბანკო დაფინანსების გზით, საკრედიტო საგარანტიო სქემების აქტიური გამოყენებით. ცალკე უნდა შემუშავდეს „სტარტ აპების“ დაფინანსების არსებული პროგრაების გადახედვით, განსაკუთრებით ინოვაციური და მარალტექნოლოგიური პროდუქტების დაფინანსების მიმართულებით. ამ მოდელზე გადასვლა, რაც თავის დროზე წარმატებით გამოიყენა ყველა ექსპორტიორმა ქვეყანამ, საშუალებას მოგვცემს შეიცვალოს საბანკო საკრედიტო პორთფელიც, საცალო დაკრედიტებიდან ბიზნეს დაკრედიტებაზე გადაწყობით, რაც ჭარბვალიანობის პრობლემასაც მოხსნის და რისკის ზომასაც შეამცირებს. ამასთან,  გაზრდის კაპიტალის დაცულობასაც ადექვატურობის თვალსაზრისით შეამცირებს კონტრციკლურ ბუფერსაც.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა განხორციელდეს მრეწველობის ქვედარგების სტრუქტურის დეტალური შესწავლა და შედარებით მაღალმწარმოებლური მიმართულებების სტიმულირება, როგორიც არის თუნდაც ელექტრონული მანქანები და აპარატები, მათ შორის სამედიცინო დანიშნულების,  რომლებიც როგორც ვირუსულმა ეპიდემიამ აჩვენა ისედაც პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა ვაქციოთ.

 

მიზანშეწონილია, ეკონომიკის სამინისტროსთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ეკონომისტების და პრაქტიკოსი მენეჯერებისაგან, რომლელიც ამ სტრატეგიას ჩამოაყალიბებს.

 

ჩვენ  უსწრაფესად უნდა გადავიდეთ, არა უბრალოდ ინკლუზიურ ან მდგრად ზრდაზე, არამედ ინდუსტრიული განვითარების სტრატეგიაზე. ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია, არა მხოლოდ გაზრდის დამატებულ ღირებულებას, გაზრდის დასაქმებასაც და რაც მთავარია ექსპორტის ზრდით და სავაჭრო დეფიციტის შემცირებით, გადავალთ უფრო სწრაფ, საშუალო 7-8 %-იან  ზრდაზე ვიდრე აქამდე გვქონდა.

 

ახალ რეალობაში მოგვიწევს  ეკონომიკის გადაწყობა. ბოლო მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აღიარა, რომ ინტელექტუალურად სკანდინავიის სოციალური მოდელები არის ზრდის უთანასწორობის ალტერნატივა რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის გლობალური გაჯანსაღება აქამდე აპრობირებული ნეო-ლიბერალური რეცეპტებით ისედაც საეჭვოა და დიდი ალბათობით მისი გადასინჯვა მოხდება.

 

ჩვენ, გარდა არაორდინარული გადაწყვეტილებებისა მოგვიწევს საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებაც, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების და აგროპროდუქციის სტიმულირებაზე. აქ შეიძლება გამოვიყენოთ დამამუშავებელი მრეწველობის ახალგახსნილი საწარმოებისათვის, რომლებიც მოიხმარენ ადგილობრივ ნედლეულს, როგორც საგადასახადო არდადაგები. ამასთან, გარედან შემოტანილი საწარმოო ხაზების ახალგახსნილი საწარმოების გადაიარაღებისათვის, შეღავათიანი დღგ-ის რეჟიმი, ცალკეულ შემთხვევებში 1 %-იანი განაკვეთითაც კი, რაც წარმატებით იქნა თავის დროზე „აზიურ ვეფხვებში“ გამოყენებული ანუ დაბეგრა საბოლოო პროდუქციაზე უნდა განხორციელდეს; უნდა განხორციელდეს დემპინგის მკაცრი რეგულირება იმპორტულ აგროპროდუქცაზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს აგროსექტორის განვითარებას.

 

სამეწარმეო პოლიტიკაზე გადასვლით იქმნება კარგი შესაძლებლობა ადამიანისეული კაპიტალის განვითარებისათვისაც, რაც გაზრდის მოთხოვნას კვალიფიკაციურ სამუშაო ძალაზე და განათლების რეფორმასაც შეუწყობს ხელს.

 

ახალ რეალობაში, სადაც გლობალური მაშტაბით, ასე გაზრდილია მოთხოვნა სასურსათო უზრუნველყოფაზე და ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაზე, ვერავინ დაგვაბრალებს პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას, ვერც საერთაშორისო ორგანიზაციები და ვერც იმპორტიორი ქვეყნები, მით უმეტეს ჩვენ არ ვკეტავთ ბაზარს და არც საიმპორტო კვოტებს ვაწესებთ.  დარწმუნებული ვარ მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების შემთხვევაში ეს საკითხიც  უპრობლემოდ გადაიჭრება.

 

გიორგი ცუცქირიძე, ეკონომიკის დოქტორი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ