დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

საპყრობილე ქართველი ექს-მინისტრისათვის 14.04.2020 11:34

რუსული გაზეთი „კომერსანტ“-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საპყრობილე ქართველი ექს-მინისტრისათვის“, რომელიც ეხება ამ დღეებში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისათვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს - იმ უკანონო ქმედებისათვის, რომელიც გასული წლის ივნისში მომხდარ პარლამენტის შტურმის მონაწილეობაში გამოიხატა.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის ბრალდება 225-ე მუხლის მიხედვით, რომელიც „ჯგუფური ძალადობის ორგანიზაციას“ და სესაბამისად, 9-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა იმავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით - „ჯგუფუს ძალადობაში მონაწილეობა“ - ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, ოპოზიციამ ექს-მინისტრს სრული სოლიდარობა გამოუცხადა და ხელისუფლებას „მძიმე შედეგებით“ (საპროტესტო აქციებით) დაემუქრა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, როცა კორონავირუსის ეპიდემია გადაივლის და საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. ოპოზიცია თვლის, რომ ირაკლი ოქრუაშვილისათვის „ესოდენ მკაცრი განაჩენის“ მიზეზი ისაა, რომ მასზე მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილია ნაწყენი.


საქმე იმაშია, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც საფრანგეთში იყო გაძევებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2007 წელს, სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ 2012 წელს შეძლო, ანუ მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა და საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.


პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური ბიოგრაფიის ზოგიერთ მომენტს, მაგალითად, იმ პერიოდს, როცა იგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო: „ამ პოსტზე ყოფნისას ირაკლი ოქრუაშვილმა რუსეთთან შეურიგებელი მოწინააღმდეგის სახელი დაიმსახურა - იგი სამხრეთ ოსეთის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის მომხრედ გამოდიოდა. 2004 წლის ზაფხულში ირაკლი ოქრუაშვილმა, შეიყვანა რა სამხრეთ ოსეთში საქართველოს შსს-ის რამდენიმე ასეული თანამშრომელი, ხელში ჩაიგდო რუსეთის მშვიდობისმყოფლების იარაღი, რითაც უკიდურესად მწვავე პროვოკაციული სიტუაცია შექმნა. მართალია, იმ ხანებში შეიარაღებული კონფლიქტის გაჩენა თავიდან იქნა აცილებული, ქართულმა მხარემ თავისი კონტინგენტი უკან გაიყვანა (სამშვიდობობების გარდა), მაგრამ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა თავისი მეგობარი თავდაცვის მინისტრად დანიშნა, ირაკლი ოქრუაშვილმა ანტირუსული დაქადნებები გააგრძელა და იკვეხნიდა, რომ „ახალ წელს ცხინვალში შეხვდებოდა“. იგი ასევე აგდებულად უყურებდა რუსეთის მიერ გამოცხადებულ  ემბარგოს ქართულ ღვინოზე - „რუსებს ხარისხი რად უნდათ, ისინი ხომ ფეკალიებსაც სვამენ“.


ამ გახმაურებული განცხადებების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი ეკონომიკის მინისტრად გადაიყვანა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით ძველ მეგობრებს შორის ბზარი გაჩნდა, ირაკლი ოქრუაშვილს მიხეილ სააკაშვილის მიმართ იმედები გაუცრუვდა, ოპოზიციაში გადავიდა და შედეგმაც არ დააყოვნა - იგი კორუფციონერად იქნა შერაცხული. დაჭერის სემდეგ მან დანაშაული აღიარა, მოინანია და საფრანგეთში იქნა გაძევებული, სადაც მან პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი მიიღო.


აი, ასეთი ბიოგრაფიის მქონე ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება  2012 წელს, შეიძლება ითქვას, მილიარდერ ბიძია ივანიშვილთან „დადებული“ გაუხმაურებელი გარიგების საფუძველზე მოხდა, მაგრამ მოგვიანებით, თავდაცვის ექს-მინისტრი, რომელსაც ფართო კავშირები ჰქონდა შენარჩუნებული ძალოვან სტრუქტურებში, კვლავ   დაუახლოვდა მათ და... „ოლიგარქისა და მისი ხროვის“ წინააღმდეგ მებრძოლად იქცა. ოპოზიცია თვლის, რომ სწორედ ამის გამოა ნაწყენი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ოქრუაშვილზე.

 

 წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4321299#id1763718

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ