დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

დეგლობალიზაცია, ავტარკია და პირბადიანი ტურიზმი 14.04.2020 16:51

ეკონიმიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"დეგლობალიზაცია, ავტარკია და პირბადიანი ტურიზმი


დღეს დასავლეთის ინტელექტუალური წრეები სულ უფრო აქტიურად იხრებიან იმ თვალსაზრისისაკენ, რომ რაც ხდება არ არის მხოლოდ ლიბერალური ეკონომიკური პარადიგმების მსხვრევა, უბრალოდ ამ ვირუსულმა შოკმა კატალიზატორის როლი ითამაშა. კაცობრიობა შედის ახალ, ზე -სახელმწიფოების დაპირისპირების ერაში, რომელიც იძენს განსხვავებულ კონტურებს, ვიდრე ბოლო ათწლეულებში გლობალიზმის დოგმად ქცეული ნეო ლიბერალური დღის წესრიგი იყო.


სიტუაცია იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ საკმარისი იყო გაკეთებულიყო სახელმწიფოების ნაწილის მხრიდან განცხადებები საკარანტინო ღონისძიებების შერბილებაზე, იქვე მოყვა ჯანმოს სპრესსპიკერის სკანდალური განცხადება ვირუსულ ეპიდემიასთან დაკავშირებით, პირბადეებით ცხოვრების წესის შეგუებაზე.


ან როგორი წარმოსადგენია პირბადეებიანი ტურიზმი?, მით უმეტეს გართობის ტურიზმი, რაც ჩვენთან იყო წამყვანი მიმართულება. მართალია, ტურიზმს შეუძლია მომავალში სტრუქტურულად გადაწყობა, რეკრეაციული ან კულტურული ტურიზმის, თუნდაც შიდა ტურიზმის სახით, მაგრამ ეს სწრაფად, და ვერც ერთ და ორ წელიწადში ვერ მოხდება. არადა მარტო ტურიზმიდან ჩვენი შემოსავლები, მშპ-ის თითქმის მეხუთედი იყო. სხვა მომიჯნავე დარგებს, მათ შორის ტურისტულ სააგენტოებს, სასტუმროებს და რესტორნების ქსელებს სულაც თავი რომ დავანებოთ.


რეალურად მსოფლიოში სახეზეა მომსახურების სერვისების შოკი, რომლის ზეგავლენა ჩვენზეც ცალსახად ნეგატიური იქნება და რაც უკვე აისახა ეკონომიკის ვარდნაში.


ამ ავტარკიული ტენდენციებისას ცალკე საკითხია სასურსათო უსაფრთხოება, ქვეყნები უკვე იწყებენ სურსათის ექსპორტზე კვოტების დაწესებას ან აკრძალვას, ამას რუსეთიდან და დსთ-ის ქვეყნებიდან წიწიბურას ექსპორტის გაუქმების გადაწყვეტილებაც ადასტურებს. მალე იგივე იქნება სხვა პროდუქტებზე, და პირველ რიგში ხორბალზეც. ეს კი დეგლობალიზაციის ტენდენციების და ავტარკიის ანუ თვითკმარი ეკონომიკის გაძლიერებას გამოიწვევს.


ავტარკიულ ეკონომიკაზე გადასვლა ჩვენთვის იქნება მეტად მტკივნეული, მაგრამ არა შეუძლებელი. ჩვენ პრაქტიკულად ყველა ძირითადი სასურსათო საქონლის წარმოება და ჩანაცვლებაც კი შეგვიძლია, მაგრამ ამას მომსახურების სერვისებზე მდგარი ეკონომიკის მთლიანი გადაწყობა დაჭირდება და საგარეო დახმარება იქნება თუ შიდა რესურსები სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული.


ზოგი ჭირი მარგებელიაო, შემთხვევით კი არ უთქვამთ, ჩვენს წინაპრებს!


მიწებიც უნდა დაიხნას და დამამუშავებელი მრეწველობაც უნდა ამუშავდეს!


კორონიადის შედეგი დიდი ალბათობით სწორედ ავტარკია იქნება. ისე ევროკავშირი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე აქამდეც ატარებდა ავტარკიულ პოლიტიკას.


ავტარკია განაჩენი არ არის, მომავლის არ შეგეშინდეთ!" - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ