დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რუსული დიპლომატიის ძირითადი მიმართულებები პოსტსაბჭოთა სივრცეში 15.04.2020 12:05

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველთვიურ ჟურნალის „მეჟდუნაროდნაია ჟიზნ“-ის («Международная жизнь») აპრილის ნომერში სათაურით „რუსული დიპლომატიის ძირითადი მიმართულებები პოსტსაბჭოთა სივრცეში“, გამოქვეყნებულია მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დიპლომატიის კათედრის დოცენტის ოლღა ლებედევას ვრცელი სტატია, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის საგარეო პოლიტიკა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ. 

 

ვრცელი სტატიის ერთ-ერთი ნაწილი ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ქვესათაურით „კონფლიქტის ზონა - საქართველო“. მასში, კერძოდ, ნათქვამია: „რუსეთს ყველაზე მწვავე ურთიერთობები პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოსთან და უკრაინასთან აქვს. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, მასთან ურთიერთობაში რამდენიმე პერიოდი გამოიყოფა: პირველი - 1990-იანი წლების დასაწყისიდან 2004 წლამდე, მეორე - 2004 წლიდან 2013 წლამდე და მესამე - თანამედროვე პერიოდი. 

 

პირველ პერიოდში, პრობლემების მიუხედავად (აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საკითხში), პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მეტ-ნაკლებად ვითარდებოდა, ორივე მხარე უფრო მეტად საკუთარი ეკონომიკის საბაზრო მოდელზე გადასვლით იყო დაკავებული. 

 

მეორე პერიოდში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გაუარესდა: 2006 წელს რუსეთმა ქართულ პროდუქციას - ღვინოს და მინერალურ წყლებს თავისი ბაზარი დაუხურა. ოფიციალური მიზეზი ვითომდა „უხარისხო პროდუქციის მიწოდება“ იყო, მაგრამ სინამდვილეში რუსეთმა ეკონომიკური ემბარგო საქართველოს პროდასავლური ორიენტაციასთან დაკავშირებით გამოუცხადა. ამ პერიოდის კულმინაციას 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტი წარმოადგენდა: საქართველომ სამხრეთ ოსეთის არღიარებულ რესპუბლიკაში ჯარები შეიყვანა, რუსეთი ჩაერია და თბილისი კონფლიქტის შეწყვეტაზე აიძულა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტა.

 

თანამედროვე პერიოდში რუსეთისა და საქართველოს ურთიერთდამოკიდებულება ძირითადად ჟენევის დისკუსიის [და „აბაშიძე-კარასინის“] ფორმატებით გამოიხატება, თუმცა ხდება ინციდენტებიც: 2019 წლის ზაფხულში ორი მეზობლის ურთიერთობამ გამწვავების მორიგი ტალღა გადაიტანა, რის შედეგადაც შეწყდა რუსი ტურისტების ნაკადი საქართველოში. ამის მიუხედავად, ეკონომიკური კავშირები მაინც ბოლო დრომდე გრძელდებოდა“, - აღნიშნავს ავტორი სტატიაში, რომელიც, როგორც ჩანს, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებამდეა დაწერილი.

 

სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ რუსეთს, მართალია, გარკვეული პრობლემები აქვს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან ურთიერთობებში, მაგრამ მოსკოვი ცდილობს ბალანსის დაცვას კონკურენციასა და პარტნიორობას შორის. სწორედ ბალანსის შენარჩუნებაა მთავარი ამოცანა მოცემულ გეოპოლიტიკურ სივრცეში - არამარტო მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც. გარდა ამისა, მოსკოვმა ყურადღება უნდა მიაქციოს თანამედროვე მსოფლიოს ბიპოლარულობის გაძლიერების ტენდენციასაც და ეს ფაქტორი პოსტსაბჭოთა სივრცეში დიპლომატიური სცენარებისათვის გაითვალისწინოს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://interaffairs.ru/jauthor/material/2307

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ