დღევანდელ, 16 აპრილის უცხოურ მასმედიაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მასალებს თან ახლავს კორონავირუსის ფონი და შეიძლება ითქვას, ეპიდემია „წითელ ზოლად“ გასდევთ: სტატიებში ძირითადად ინფექციასთან დაკავშირებული საკითხებია განხილული.
სომხური და აზერბაიჯანული მედია ყურადღებას უთმობს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილს ვიდეოსაუბარს თავის აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან - ილჰამ ალიევთან და არმენ სარქისიანთნ. ამასთან დაკავშირებით, ბაქოს გაზეთი „კასპიი“ («Каспий») აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით „ვიდეოკავშირის ფორმატით: აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიიდენტების საუბარი“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლება აქტიურად ახორციელებს კორონავირუსის პანდემიის წინაააღმდეგ მიმართულ ზომებს, ერთმანეთს სოლიდარობას უწევენ და ეხმარებიან, თანამშრომლობენ რიგი საკითხების მოგვარების მიზნით. ასეთ რთულ ვითარებაშიც კი გრძელდება ტრადიციული ურთიერთობა, სპეციალური წესების დაცვით მოძრაობს ტრანსპორტი, თავის ფუნქციას ასრულებს საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანი.
ერევნის გამოცემამ, კერძოდ - სააგენტო „არმენპრეს“-მა («ArmenPress») გაავრცელა მასალა სათაურით „სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს კოორდინირებულ მოქმედების მნიშვნელობას პანდემიის ფონზე“, რომელშიც აღნიშნულია ორი მეზობელი ქვეყნის ლიდერების პოზიცია ვირუსთან ერთობლივი ბრძოლის მიზნით: მუდმივი კონტაქტები, კოორდინაცია, ურთიერთდახმარება და სოლიდარობა. საუბრის დროს ხაზი გაესვა სატრანზიტო გადაზიდვების მნიშვნელობას, სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს და სხვა მომენტებს.
წყაროები:
http://www.kaspiy.az/news.php?id=123988#.XpfSVht7nIU
https://armenpress.am/rus/news/1012329/
მოამზადა - სიმონ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge