საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ანტივირუსულ ზომებს და ამასთან დაკავშირებით ქართული ეკლესიის პოზიციას რუსული პრესაც მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს: გაზეთ „კომერსანტ“-ის («КоммерсантЪ») დღევანდელ, 17 აპრილის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ვირუსი ვეფხვისტყაოსანი: „ათასობით კუბოს“ საფრთხის წინაშე მდგარმა საქართველომ რადიკალური ნაბიჯი გადადგა და ქალაქები დახურა“ (ავტორი - გიორგი დვალი). პუბლიკაციაში საუბარია ქვეყნის მთავრობის ძალისხმევაზე როგორც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, სურსათის მარაგის შექმნისათვის და ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ასევე მის მიერ გადადგმულ მკაცრ ნაბიჯებზე, რომელიც შექმნილმა არასახარბიელო სიტუაციამ გამოიწვია - მხედველობაშია საქართველოს მსხვილ ქალაქებს შორის საავტომობილო მოძრაობის სრული აკრძალვა, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით მიღებული შემზღუდავი ზომები და სხვა გადაწყვეტილებები.
სტატიის ავტორის აზრით, საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოსთან გამართული მოლაპარაკების დროს გარკვეულ წარმატებას მიაღწია. საქმე იმაშია, რომ ბოლო დრომდე ეკლესია აღდგომის დღესასწაულის დროს მინიმალურ შეზღუდვებზეც კი უარს აცხადებდა, ამ დღეებში კი, როცა ქვეყნის პრემიერი საპატრიარქოს რამდენჯერმე ეწვია, ეკლესია მაინც დათანხმდა „ნახევარზომების“ მიღებაზე: 18 აპრილს, აღდგომის ღამეს, კომენდანტის საათის დროს მრევლი ეკლესიებში იქნება, დაიცავს დისტანციას და ყოველივე ამას პოლიცია მკაცრად გააკონტროლებს.
როგორც სტატიაში აღნიშნული, ასეთი „ნახევარდათმობაც“ კი ქართული ეკლესიის ზოგიერთ გავლენიან იერარხს არ მოეწონა: მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა, გააკრიტიკა რა ქადაგების დროს ხელისუფლების „ღვთისმგმობელი“ გადაწყვეტილება, განაცხადა, რომ უღმერთო მთავრობას და უღმერთო ექიმებს ხალხი სულიერი დაღუპვისაკენ მიჰყავთ. უფრო მეტიც - მიტროპოლიტმა ხელისუფლება „მსოფლიო მასონობისადმი სამსახურში“ დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ „კორონა ვირუსის დახმარებით მასონები კაცობრიობიაზე კონტროლის განხორციელებას ცდილობენ“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4323453
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge