დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

23 მარტიდან დღემდე, 152 მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდა 17.04.2020 20:33

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, ქვეყნის მასშტაბით, 23 მარტიდან დღემდე, 152 კომპანია დაჯარიმდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, როგორც სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, ასევე პირბადისა და ხელთათმანების გარეშე მუშაობისთვის. ამასთან, დაჯარიმებულ კომპანიებს შორის არიან, როგორც დიდი ჰიპერმარკეტები, ასევე მცირე და საშუალო ზომის მარკეტები.

 

„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-7 და მე-9 მუხლების, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისი ნორმების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტროლს აღნიშნული დადგენილების აღსრულებაზე. კონტროლში მოიაზრება იმ მეწარმე სუბიექტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერებული აქვთ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. ამასთან, მონიტორინგს ექვემდებარებიან ის მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ ეკრძალებათ ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ თავიანთ საქმიანობა უნდა განახორციელონ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით, 23 მარტიდან დღემდე, დაჯარიმებულ იქნა 152 მეწარმე სუბიექტი (საერთო ღირებულებით 1 137 000 ლარი. მათ შორის 69 ფაქტი სხვადასხვა რეგიონში, ხოლო 83 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, როგორც სოციალური დისტანციის დაცვის დაუცველობის გამო, ასევე პირბადისა და ხელთათმანების გარეშე მუშაობისთვის. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ დაჯარიმებულ კომპანიებს შორის არიან, როგორც დიდი ჰიპერმარკეტები, ასევე მცირე და საშუალო ზომის მარკეტები. სამართალდარღვევის ოქმი, ასევე შედგენილ იქნა 3 ბაზრის მომწყობი ორგანიზაციის მიმართ. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გააგრძელებს უმკაცრეს მონიტორინგს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებზე, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტურობას განსაზღვრავს“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ