ჩინელი ჟურნალისტები, რომლებიც უჰანში კორონავირუსის გაჩენის და გავრცელების ფაქტებს იძიებდნენ, გაუჩინარდნენ მხილებების გამოქვეყნების შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.სამი რეპორტიორი, ჩენ ქიუში, ფანგ ბინგი და ლი ცზეჰუა შეეცადნენ ეჩვენებინათ ეპიდემიის ნამდვილი მასშტაბი და YouTube-სა და Twitter- ზე გამოაქვეყნეს გადავსებული საავადმყოფოებისა და მორგების ვიდეო ჩანაწერები. ისინი 06-26 თებერვლის შუალედში გაუჩინარდნენ, მას შემდეგ მათი ადგილსამყოფელი უცნობია. თავდაპირველად ერთ-ერთი ჟურნალისტი დააპატიმრეს, ქსელში გამოჩნდა კადრები, სადაც ის ცდილობდა თავი დაეღწია პოლიციის ოფიცრებისგან, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის ტემპერატურა გაეზომათ. მეორე რეპორტიორით საიდუმლო პოლიცია მას მერე დაინტერესდა, როდესაც მან უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მოინახულა. მესამე ჟურნალისტი გეგმავდა ქალაქის დროებით ჰოსპიტალში შეღწევას და იქიდან რეპორტაჟის გაკეთებას.
აპრილის დასაწყისში კი უჰანის ცენტრალური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების დირექტორი აი ფენი გაუჩინარდა. მანამდე მან გამოააქვეყნა სტატია, რომელშიც დაავადების საწყისი სტადიის გამოვლენის პერიოდში ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებდა. 16 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამივე ჟურნალისტი, ვინც აპირებდა გამოეშკარავებინა სიმართლე ეპიდემიის შესახებ, ორი თვის წინ გაუჩინარდნენ და ჯერ კიდევ კავშირზე არ გამოდიან. ხელისუფლება მომხდარზე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს.
წყარო: news.ge
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge