დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

სიჩუანის პროვინციის მიერ საჩუქრად გადმოცემული 420 ათასი დოლარის ღირებულების სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია 18.04.2020 16:20

ჩინური მხარის ორგანიზებით, საქართველოს ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის სპეციალისტებისთვის უკვე სამჯერ ჩატარდა ვიდეო კონფერენცია. გარდა ამისა, ჩინეთი, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, სამედიცინო მატერიალურ დახმარებას უწევს საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ლი იენმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ელჩის ინფორმაციით, ჩინეთმა საქართველოს ეპიდემიასთან წინააღმდეგ საბრძოლველად კორონავირუსის დასადგენი რეაქტივების ნაკრებები და 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სწრაფი ტესტები საჩუქრად გადასცა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი უკვე საქართველოშია და დანიშნულებისამებრ გამოიყენება. გარდა ამისა, როგორც ლი იენმა განაცხადა, ნიღბები, დამცავი ტანსაცმელი და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა ჩინეთში საქართველოს საელჩოს გაეგზავნა და მათი საქართველოში ტრანსპორტირება მოხდება.

 

„ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ყურადღებით აკვირდება საქართველოში ეპიდსიტუაციის განვითარებას. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა, რის შემდეგაც ჩინეთმა ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ მიაწოდა ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლთან, დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან დაკავშირებული პროტოკოლები. ჩინური მხარის ორგანიზებით, საქართველოს ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის სპეციალისტებისთვის უკვე სამჯერ ჩატარდა ვიდეო კონფერენცია, სადაც ჩინელმა ექსპერტებმა ქართულ მხარეს სიღრმისეულად გააცნეს ეპიდემიასთან ბრძოლის ჩინური გამოცდილება და სრულყოფილად და დეტალურად უპასუხეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს, რასაც ქართველი ექსპერტების მხრიდან მაღალი შეფასება მოჰყვა.

გარდა ამისა, ჩინეთი, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, სამედიცინო მატერიალურ დახმარებას უწევს საქართველოს. ჩინეთის მთავრობის მიერ დახმარების სახით გადმოცემული ნუკლეინის მჟავის გამოყოფისა და კორონავირუსის დასადგენი რეაქტივების ნაკრებები ისევე, როგორც სიჩუანის პროვინციის მიერ საჩუქრის სახით გადმოცემული 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია და დანიშნულებისამებრ გამოიყენება. ქართულმა მხარემ დაადასტურა რეაქტივების ნაკრებების მაღალი ხარისხი. ჩინური მხარის საჩუქრების კიდევ ერთი პარტია, რომელშიც ნიღბები, დამცავი ტანსაცმელი და სხვა სამედიცინო მასალები შედის, უკვე გაეგზავნა ჩინეთში საქართველოს საელჩოს და იმედი გვაქვს, რომ მათი საქართველოში ტრანსპორტირება მალე მოხდება,“ - განაცხადა ლი იენმა.

საქართველოში ჩინეთის ელჩმა საქართველო-ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში ურთიერთმხარდაჭერის სულისკვეთება გამოიჩინა.

„ჩინეთმა და საქართველომ, როგორც ტრადიციულად მეგობარმა სახელმწიფოებმა, ეპიდემიის დასამარცხებლად თანამშრომლობის პროცესში ურთიერთდახმარებისა და ურთიერთმხარდაჭერის, სირთულეების დროს ძალების გაერთიანების სულისკვეთება გამოიჩინეს. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მალე შეძლებს ეპიდემიის შეჩერებას.

ეპიდემია ერთი დიდი გამოცდაა. იგი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების „სასინჯი ქვაა“. ცნობილი ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველი წერდა: „ოდეს კაცსა დაეჭირვოს, მაშინ უნდა ძმა და თვისი“. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთნდობა და ურთიერთმხარდაჭერა გაძლიერდა, ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობა კი კიდევ უფრო განმტკიცდა, რაც მომავალში ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარების ქვაკუთხედად იქცევა,“ - განაცხადა ლი იენმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ