დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობებმა იციან, რომ მათი ჯანდაცვის სისტემები ვირუსის ეპიდემიას ვერ შეაჩერებენ“ 20.04.2020 11:53

გერმანიის გაზეთ «Die Zeit»-ში 19 აპრილს გამოქვეყნდა ინტერვიუ თბილისში არსებული ჰაინრიჰ ბიოლის ცენტრის ხელმძღვანელთან შტეფან მეისტერთან სათაურით „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობებმა იციან, რომ მათი ჯანდაცვის სისტემები ვირუსის ეპიდემიას ვერ შეაჩერებენ“. როგორც იგი ამბობს, „რეგიონის სახელმწიფოებიდან ვირუსის შეტევას ყველაზე მომზადებული საქართველო შეხვდა. გერმანიას შეეძლო მაგალითი აეღო საქართველოსთან კორონაკრიზისის პირველ ეტაპზე. თუმცა საბოლოო ჯამში აშკარაა, რომ ისინი ეპიდემიას დაუხმარებლად ვერ შეაჩერებენ“.

 

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

 

- როგორც ამბობენ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა - საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებაზე სწრაფად და თანმიმდევრობით მოახდინეს რეაგირება... შეიძლება გერმანიამ და იტალიამ მათი მაგალითით რაიმე გაითვალისწინონ?

- საქართველოზე მართლაც ასე ითქმის. ამ ქვეყნის მთავრობამ, ვირუსის გავრცელების მიმართ, ნაბიჯები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე გადადგა და ნაწილობრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევებსაც კი დაასწრო. საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა. მთავრობამ დაუყონებლივ დახურა სასწავლო და სახელმწიფო დაწესებულებები, საზღვრებზე განახორციელა ქვეყანაში შემსვლელთა ტემპერატურის გაზომვა და ვინც საეჭვო იყო, მათი იზოლირება მოახდინა. შეწყდა სატრანსპორტო მიმოსვლა... დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ით დაავადების მხოლოდ 400-მდე შემთხვევა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, სინამდვილეში  მეტი იყოს.

 

- და სომხეთში და აზერბაიჯანში როგორია სიტუაცია?

- რადგანაც იქაური მთავრობები საქართველოსთან შედარებით უფრო დაყოვნებით მოქმედებდნენ, ვირუსით დაავადებულები უფრო მეტია. აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი გვიან დახურა... სამივე ქვეყნის მთავრობამ კარგად იციან, რომ მათი ჯანდაცვის სისტემები, საბოლოო ჯამში, კორონავირუსს ვერ შეაჩერებენ“.

 

- როგორ მოხდა, რომ საქართველომ, რომელიც პანდემიამდე რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაში იმყოფებოდა, ესოდენ ეფექტური რეაგირება მოახდინა?

- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავიდანვე ექსპერტების რეკომენდაციებით იმოქმედა და ზომებიც თანმიმდევრულად მიიღო. ასეთი ფუნდამენტური კრიზისის პირობებში [მთავრობის მხრიდან] ესპერტთა აზრის გაზიარება და გამჭვირვალედ მოქმედება  საზოგადოების მიერ დადებითად იქნა აღქმული. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ერთგვარი „ზედერის ეფექტი“ მოხდა (იგულისხმება ბავარიის პრემიერ-მინისტრ მარკუს ზედერთან დაკავშირებული პრეცედენტი, როცა მისი საქმიანობა მხარის ლანდტაგმა დადებითად შეაფასა და 2019 წელს აბსოლუტური უმრავლესობით მეორედ აირჩია პრემიერ-მინისტრად - ს.კ.).

 

- ჰყავთ თუ არა ქართველებს თავიანთი ქრისტიან დროსტენი (ცნობილი გერმანელი ვირუსოლოგი, რომელიც კორონავირუსის სპეციალისტია და ხშირად გამოდის ტელევიზიით - ს.კ.)?

- ო, რა თქმა უნდა, ჰყავთ - ამირან გამყრელიძე, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობს - იგი, შეიძლება ითქვას, დღეს ტელევარსკვლავია და საკულტო სტატუსით სარგებლობს. ამირან გამყრელიძისა და მისი მოადგილის  [პაატა იმნაძის] რჩევებს მთავრობა ყურადღებით უსმენს. გარდა ამისა, ქვეყანაში თითქოსდა ერთგვარი პაქტია დადებული ოპოზიციას, მასმედიასა და მთავრობას შორის, რომ ეს კრიზისი ერთობლივი ძალისხმევით იქნეს გადატანილი. ეს საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა საქართველოში, სადაც საზოგადოება ტრადიციულად პოლიტიკურ პოლარიზებას ამჟღავნებს. ვნახოთ, რა იქნება ოქტომბერში, როცა საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

(გაზეთის კორესპონდენტის კითხვაზე, თუ როგორი სიტუაციაა აზერბაიჯანში და სომხეთში, შტეფან მეისტერი პასუხობს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ოპოზიციას მეხუთე კოლონას უწოდებს. კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო ბევრი ოპოზიციონერი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანს კი, რომელიც დემოკრატიული ლიდერის სახელით სარგებლობს, წინა ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი მასმედია მკაცრად აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან ისინი კორონავირუსის გარცელებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციაში ამხილა).

 

- და ქართულ მასმედიაში როგორ აისახება კორონავირუსთან დაკავშირებული  კრიზისი?

- სხვათა შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, კრიტიკულებიც კი, მთავრობის მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილნი. და იმ შემთხვევებში, როცა ხელისუფლებას მაინც აკრიტიკებენ, ეს კრიტიკა ეხება ეკლესიის მიმართ გამოვლენილ დამოკიდებულებას... მედია ითხოვდა აღდგომის დღესასწაულის დროს ეკლესიების დახურვას, მთავრობამ კი არ დახურა.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.zeit.de/politik/ausland/2020-04/suedkaukasus-coronavirus-pandemie-georgien-stefan-meister

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ