ავსტრიის ქალაქ გრაცის გაზეთ «Annenpost»-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ თბილისში მყოფ ავსტრიელ მოქალაქე ანდრე პლანკთან სათაურით „კორონა საზღვარგარეთ: თბილისი“, რომელშიც იგი პოზიტიურად საუბრობს საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე ვირუსთან ბრძოლაში. იმავდროულად ხედავს ზოგიერთ ნეგატიურ მოვლენასაც.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით.
კითხვაზე, „საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შესახებ ავსტრიაში ცოტა რამ თუ იციან. შეგიძლია მოკლედ მიმოიხილო სიტუაცია?“, ანდრე პლანკი პასუხობს: „ავსტრიასთან შედარებით საქართველომ კორონავირუსის მიმართ გასაოცრად სწრაფი რეაგირება მოახდინა. საზღვარზე პირველი დაავადებულის დაფიქსირებიდან მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში დაინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა საკმაოდ დაბალ დონეზე შენარჩუნდა. მთავრობის დადგენილების შედეგად ჩაიკეტა საზღვრები, შეიზღუდა მაღაზიების უმეტესობის მუშაობა, დაიხურა კაფე-რესტორნები... და ეს იმ დროს, როცა ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტურიზმზე. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი, არ მუშაობენ კომპანიები, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი... ბუნებრივია, ასეთი სიტუაცია მუშა-მოსამსახურეებისათვის ძალზე არასასიამოვნოა.
ავსტრიელი სტუდენტის თქმით, მოსახლეობის უმეტესობა პირბადეებს ატარებს, რაც აუცილებელი ატრიბუტია დახურულ შენობებში შესასვლელად: „სუპერმარკეტებში ყველა დეზინფექციას იკეთებს, პლასტიკურ ხელთათმანებს იცვამს, რაც იმედის გრძნობას აჩენს“.
კითხვაზე, „როგორ შეაფასებ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას და საერთოდ, მოსახლეობის ცხოვრების დონეს“, ავსტრიელი სტუდენტი პასუხობს: „თბილისში საკმაო ხანია ვიმყოფები და ამ პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მხოლოდ ერთხელ მოვხვდი, იანვარში. საერთოდ, საქართველოში ბევრი საავადმყოფოა, რომლებიც მეტ-ნაკლებად კარგად არიან აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით. პირადად მე კარგი ექიმი შემხვდა, თუმცა ერთმა ნაცნობმა ქართველმა მითხრა, რომ ჩვენი საავადმყოფოები ავსტრიის კლინიკებს ბევრად ჩამოუვარდებიანო. შეიძლება ასეცაა, თუმცა ქვეყანაში ჯანდაცვის განვითარებას ყურადღება ექცევა... საქართველოში საშუალო ხელფასი მხოლოდ 300-დან 400 ევრომდეა. რასაკვირველია, აქაური ცხოვრების დონე ავსტრიულს ბევრად ჩამოუვარდება, თუმცა გაზი და ელექტროენერგია, ბინის ქირა შედარებით იაფია. ქართველები დღეს იძულებულნი არიან ყოველ ლარს გაუფრთხილდნენ. ამჟამად ბევრი მოსამსახურე დისტანციურად მუშაობს და ამიტომ ინტერნეტი ზოგჯერ გადატვირთულია... მე ევროპული სტანდარტებით ვცხოვრობ, შესაბამისად ინტერნეტიც კარგი მაქვს. რაც შეეხება სურსათით უზრუნველყოფას, მაღაზიები მომარაგებულია, თუმცა ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ზოგიერთ მაღაზიაში აჟიოტაჟი იგრძნობოდა“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: http://www.annenpost.at/2020/04/19/corona-im-ausland-tiflis/
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge