დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს 21.04.2020 16:32

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებ-გვერდებთან დაკავშირებით მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას.

 

მათი თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების განხორციელება. ასეთებია: საგადახდო ბარათის ნომერი და მისი უსაფრთხოების სამნიშნა კოდი. აღნიშნული მონაცემების ხელში ჩაგდებით თაღლითები ახორციელებენ არასანქცირებულ გადარიცხვებს.

 

ეროვნული ბანკი ფინანსური ორგანიზაციის ვებგვერდის/ინტერნეტბანკის გამოყენებისას და ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან შემდეგი წესები:

  1. არ გადასცეთ სხვა პირებს საკუთარი პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღებით გადაამოწმეთ ის ვებგვერდი, რომელიც პირადი მონაცემების შეყვანას გთხოვთ.
  2. გადაამოწმეთ ვებმისამართი. ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებ მისამართი, სადაც აპირებთ მონაცემების შეყვანას. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხო ვებგვერდზე იმყოფებით, აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ვებმისამართი იწყებოდეს ‘https://’ ან ‘shttp://’-ით. ასევე დარწმუნდით, რომ ვებმისამართის მარცხენა კუთხეში განთავსებულია მწვანე, ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო (იხ. ქვემოთ). დამატებით, შეგიძლიათ დააჭიროთ ბოქლომის ღილაკს, რომ შეამოწმოთ ვებგვერდის სანდოობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  3. შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი. ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს. ვებგვერდის ტექსტი, გრაფიკა, ორგანიზაციის ლოგოები და სხვა მონაცემები ხშირად ემთხვევა ლეგიტიმური ვებგვერდის შიგთავსს. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ყალბი ვებგვერდის გამოვლენა და ზოგადად, ყალბი ვებგვერდის ნამდვილი ვებგვერდისგან გარჩევა. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, ყალბი გვერდის ვებმისამართი მცირედით განსხვავდება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მისამართისგან. ამასთან, ყალბ ვებგვერდზე გამოყენებული შრიფტი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს ნამდვილი ვებგვერდის შრიფტისგან, ან ყალბ ვებგვერდზე მართლწერისას დაშვებული იყოს შეცდომები.
  4. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შემოთავაზებებს. ყურადღებით გადაამოწმეთ სოციალური ქსელებიდან მიღებული ფინანსური შემოთავაზებები. სიფრთხილე გამოიჩინეთ აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობის განხილვისას და დარწმუნდით, რომ მიღებული შეთავაზება არის ლეგიტიმური და არ შეიცავს თაღლითობის ნიშნებს.
  5. გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი. ინტერნეტში შესაძლებელია WHOIS მომსახურების ვებგვერდის მოძიება, სადაც მომხმარებელს კონკრეტული ვებმისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. ვებგვერდის გადამოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის შექმნის თარიღს. თუ იცით, რომ ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც თქვენ უნდა შესულიყავით, დიდი ხნის მანძილზე არსებობს, მაგრამ თქვენ მიერ გადამოწმებული გვერდი ახალი შექმნილია, მოცემული გვერდი დიდი ალბათობით არ ეკუთვნის იმ ორგანიზაციას, რომლის ვებგვერდზეც თქვენ გსურდათ შესვლა.
  6. გადახდის სანდო წყარო. ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ. PayPal) მეშვეობით. თუ ვებგვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებგვერდია.

 

ცნობისთვის, თაღლითობის ზემოთ აღწერილ ფორმას ფიშინგი ეწოდება. ფიშინგი წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას მისდის შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ფორმით, იმისათვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს. ფიშინგის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამიზნეს ფინანსური ინსტიტუტები და მათი მომხმარებლები წარმოადგენენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ