დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ადამიანების უმრავლესობა სახლში უხელფასოდ ზის, მაშინ, როცა იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ქუჩა ჰქონდა გადაკეტილი, აქვთ საშუალება, შედარებით იაფად, მაგრამ მაინც გაყიდონ“ 22.04.2020 21:44

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულში, რამდენიმე სოფლის მოსახლეობის მიერ გამართული საპროტესტო აქცია პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკურად გამოიყენეს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ აქცია მათ მიერ არის ორგანიზებული. სოზარ სუბარის განმარტებით, მარნეულის, ბოლნისისა და საქართველოს ყველა რეგიონის მიმართ მთავრობის განცხადება თავიდანვე მკაფიო იყო, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ადამიანებს პრობლემები არ ექნებოდათ და მიწების დამუშავებაში, ხვნა-თესვასა და მოსავლის მოყვანის მხრივ მოქალაქეებს დახმარება მაქსიმალურად გაეწეოდათ. ამასთან, სოზარ სუბარის თქმით, მარნეულთან მიმართებაში, დღეს პოლიტიკურის მიღმა იყო ობიექტური პირობები, როდესაც მოქალაქეებს აუხსნეს, რომ პროდუქციის რეალიზება შარშანდელი ფასის მიხედვით ვერ მოხერხდებოდა.

 

„ადამიანებს ავუხსენით, რომ ის ფასი, რაც ადრე იყო, დღეს ვერ იქნება იმიტომ, რომ ჩაკეტილია გარე ბაზრები, საქონელი ექსპორტზე ვერ გავა, მთელს მსოფლიოში არის კრიზისი და მთელს მსოფლიოში მოხდა ფასების რყევა. ადამიანების უმრავლესობა დღეს სახლში უხელფასოდ ზის, მაშინ, როცა იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი, აქვთ საშუალება, რომ შარშანდელთან შედარებით ნაკლებ ფასად, მაგრამ მაინც გაყიდონ. თუმცა, ის, რომ ნაკლებია ფასი, ცხადია, იწვევს მათ უკმაყოფილებას. ეს გამოიყენეს პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკურმა ლიდერებმა, როგორც ადგილობრივმა, ისე როგორც ჩანს, თბილისიდან. იმიტომ, რომ მე იქ ვიყავი და არ მომისმენია, მაგრამ როგორც მერე ყური მოვკარი, მაგალითად გიგა ბოკერიას პირდაპირ უღიარებია, რომ ეს არის მათი ორგანიზებული. მთელი დღეების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ გამოეწვიათ ასეთი აქცია. ზოგადი კრიზისი, რაც მთელს მსოფლიოში არის, ეს გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებისათვის, ეს არის უბრალოდ, სირცხვილი და დაუშვებელი.

 

ჩვენ ვხედავთ აქციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, აშშ-ში ადამიანები ითხოვენ საწარმოების გახსნას, მაგრამ იქ არ დამინახავს გამოსულიყო პოლიტიკური პარტია, მცდელობა ჰქონოდა და გამოეყენებინა საკუთარი მიზნების მისაღწევად. გარდა ამისა, ყოფილმა, გაქცეულმა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაც გაავრცელა ამასთან დაკავშირებით უბრალოდ, სირცხვილია, როდესაც ადამიანები ვერ ხედავენ, რასაც მივაღწიეთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მისი თქმით, ვირუსის პრევენციისთვის მოსახლეობა და ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებენ ამ დროს კი „ვიღაცები გამოდიან და ქუჩებს კეტავენ, იმისათვის, რომ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ, ეს არის სირცხვილი“. ამასთან სოზარ სუბარმა ისაუბრა ოპოზიაციაზე, რომელთაც ვირუსის პრევენციისთვის ქვეყანაში არსებულ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა. „ჯერ იყო და ეს ადამიანები ითხოვდნენ სასწრაფოდ გაგვემკაცრებინა ზომები და პასუხს გვთხოვდნენ, ზომებს არ ამკაცრებთო. დღეს მხარი არ დაუჭირეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. არც გვჭირდება მათი მხარდაჭერა. უბრალოდ, მათ სჭირდებოდათ ერთხელ მაინც მოქცეულიყვნენ ადამიანურად და პოლიტიკურად საღი ნაბიჯი გადაედგათ“,-აღნიშნა სუბარმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ