ბრიტანული „როიტერი“ («Reuters») აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „მოხუცი ქართველი მეყვავილეები: იმედიანი სახეები კორონავირუსის ფონზე“ (ავტორი - უმბერტო ბაკი). პუბლიკაცია ეხება კახეთის რეგიონში მცხოვრები ორი მეყვავილის - 73 წლის მიხეილ ყარაულაშვილის და 63 წლის აკაკი ჯეირანაშვილის საქმიანობას, რომელიც ტიტების მოყვანით არიან დაკავებულები. მასში გადმოცემულია ისტორიები, თუ როგორ ეხმარება საზოგადოება მოხუც მოქალაქეებს.
კორონავირუსის ეპიდემიამ მცირე ბიზნესზე და კერძოდ - ყვავილებით ვაჭრობაზე უკიდურესად ნეგატიურად იმოქმედა: საკარანტინო ზომებმა მათ გასაღების ბაზარი და შემოსავლები მოუსპო: „ყვავილების გაყიდვა ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია“, - ამბობს მიხეილ ყარაულაშვილი, რომელმაც აღდგომის დღეს 70 ცალი ტიტის გაყიდვა ეკლესიის ეზოში დაიწყო, მაგრამ პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა. იგი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ბედმა გაუღიმა: მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მასმედიამ ყარაულაშვილის შესახებ მასალა გაავრცელა, მეყვავილეს მოსახლეობამ ფული შეუგროვა - 10 ათასი ლარი..
რაც შეეხება „ძია კაკოსთან“ - აკაკი ჯეირანაშვილთან დაკავშირებულ ისტორიას: როცა მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტთან საუბრისას თქვა - „გული მიკვდება, როცა ჩემს ტიტებს ვხედავ, როგორ ჭკნებიანო“, აქტივისტებმა ფეისბუქში სოლიდარობის ჯგუფი შექმნეს, ფული შეაგროვეს და მისგან 1500 ტიტა იყიდეს, რომლებიც თბილისის საავადმყოფოებში კორონავისრუსთან მებრძოლ ექიმ ქალებს საჩუქრად გაუგზავნეს. ორივე მეყვავილე დღეს ცხოვრებას უფრო იმედიანად უყურებს: „ახლა უკვე ვხედავთ, რომ ურთიერთდახმარება ისეთი ძალაა, რომელიც კორონავირუსს დაამარცხებს“, - ამბობენ ისინი. სოლიდარობის ჯგუფი, რომელმაც დღეისათვის უკვე 100 ათასი ლარის შეგროვება მოახერხა, სხვა მოხუცების ფახმარებასაც გეგმავს, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
წყარო: https://www.reuters.com/article/us-health-coronavirus-georgia-trfn/old-and-wrinkled-tulip-growers-face-of-hope-in-georgias-coronavirus-idUSKCN2242O3
მოამზადა: სიმომ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge