დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

"მოვლენები, რაც ქვემო ქართლში განვითარდა, ოპონენტებმა ქულების დასაწერად გამოიყენეს, მათი მცდელობა უპასუხისმგებლოა" 23.04.2020 15:10

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფერმერებისგან პროდუქტის შეძენის ექსკლუზიური უფლება არც ერთ კომპანიას არ აქვს. დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კომპანია „ჯიბესთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა და განმარტა, როგორ ახდენს აღნიშნული კომპანია მოსახლეობისგან პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას.

 

მინისტრის განმარტებით, „ჯიბეს“ მსგავსად ფერმერებისგან პროდუქტის შეძენას ათობით სხვა კომპანია დაუბრკოლებლად ახორციელებს.

 

„ეს მორიგი მცდარი ინფორმაციაა, რომლის გავრცელებასაც ცდილობენ ოპონენტები. ძალიან სამწუხაროა, რომ იგივე მოვლენები, რომელიც ქვემო ქართლში განვითარდა, ოპონენტებმა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენეს, თუმცა, ვფიქრობ, არ გამოვა, იმიტომ, რომ მათი მცდელობა არამორალურია მინიმუმ, უპასუხისმგებლოა და პოლიტიკურ ეთიკას სცილდება. იმ დროს, როცა ჩვენ ვხედავთ რა რთულ მდგომარეობაში არიან ჩვენი ფერმერები და ეს ყველაზე მეტად გულსატკენია ჩვენთვის. ჩვენ გულწრფელები ვართ ფერმერებთან და ვეუბნებით, რომ დღეს, ხვალ ილუზიებში არ უნდა ვიყოთ და იდეალური სიტუაცია არ გვექნება. გვესმის, რომ ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში მძიმდება და ამას საპასუხო ნაბიჯები ექნება ხელისუფლების მხრიდან. ამ დროს ცეცხლზე ნავთის მისხმა არის არამორალური ფერმერებთან მიმართებაში. ამ ნარატივიდან არის თქვენი კითხვაც, რომ ვინმემ მიიღო გადაწყვეტილება და კონკეტულად რომელიმე ქსელს მიანიჭა ექსკლუზიური უფლება. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამაზე არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ჩვენ არავინ შეგვირჩევია. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ კომუნიკაციის აწყობას ფერმერებსა და ორგანიზებულ მყიდველებს შორის. „ჯიბე“ არის ერთ-ერთი მყიდველი იმ მრავალთაგანი, რომელიც დღეს ქვემო ქართლიდან პროდუქციის რეალიზებაში ეხმარება ფერმერებს. იცით, რომ ქვემო ქართლში მკაცრი საკარანტინე პირობებია და იქედან ფერმერები ვერ გამოვლენ, მაგრამ დისტრიბუტორებს შეუძლიათ ჩასვლა და პროდუქტის გამოტანა. იცით, რომ ძირითადი ბრენდირებული სუპერმარკეტები შეზღუდული არიან ხილის და ბოსტნეულის სეგმენტში და მათ უფრო დაფასოებული სხვა ტიპის რეალიზება ან ხორცპროდუქტების და რძის პროდუქტების რეალიზება აქვთ აწყობილი. ამ შემთხვევაში „ჯიბე“ არის კომპანია, რომელმაც მოახდინა შედარებით სწრაფად გადალაგება და ერთ-ერთი საბითუმო ვაჭრობის პრინციპზეა დამყარებული და არა საცალო ვაჭრობის პრინციპზე. შეიძლება იყოს „ჯიბე“ ან ნებისმიერი სხვა მაღაზია. უბრალოდ დაემთხვა, რომ „ჯიბე“ არის საბითუმო ფორმატის მაღაზია და მან მოახდინა ორგანიზებულად უფრო მეტი პროდუქტის შეძენა და გამოტანა, ვიდრე სხვა წვრილმა მყიდველებმა. თუმცა, ათობით კომპანია შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომელიც მოსახლეობისგან შესყიდვას აწარმოებს და არანაირი ექსკლუზიური უფლება არავის გააჩნია. მადლობა მინდა თითოეულ ამ კომპანიას გადავუხადო“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

მისივე თქმით, ფერმერებისგან პროდუქტს ყიდულობს ასევე „მაგნიტი“ და „ორი ნაბიჯიც“, თუმცა, როგორც მინისტრი აღნიშნავს, როგორც კი მთავრობისგან დიდი კომპანიები დასახელდება, მაშინვე ჩნდება კითხვები ამ კომპანიებთან დაკავშირებით, რაც მისთვის მიუღებელია.

 

„მე არც ვიცი თითოეული ამ კომპანიის მფლობელობის სტრუქტურა, ეს არც მაინტერესებს და მიუღებელია ჩემთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს კომპანიები როგორ ოპერირებენ, რამდენად პატიოსნად მუშაობენ და როგორ ასრულებენ ისინი როგორც კომერციულ, ასევე სოციალურ პასუხისმგებლობას. ჩვენ რომ მარნეულში თავისუფალი მიმოსვლა დავიშვათ, ეს გამოიწვევა კოლაფსს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაზიანებას დიდწილად. ვიყოთ პასუხისმგებლიანები და რაოდენ რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს ჩვენი ფერმერებისთვის - სოლიდარულები! ჩვენ ახლა ვართ დასასრულთან ძალიან ახლოს, თითოეული დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ორშაბათიდან მეტი მობილობის პირობებში მეტად მოგვარდება პრობლემები და მეტი გაყიდვის არხის ამოქმედების საშუალებას მივცემთ კერძო სექტორს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ