დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

რა მოხდა ყინწვისის მონასტერში სინამდვილეში და რა გახდა სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი 23.04.2020 16:55

“მოხდა თუ არა რეალურად სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება და რატომ უარყოფენ ყინწვისის მონასტრის ბერები აღნიშნულ ფაქტს, მალავს თუ არა ეკლესია ორ სასულიერო პირს შორის მომხდარ დაპირისპირებას? ფაქტი ერთია, რომ მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტროში გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყო. მონასტერში მოღვაწე ბერების ნაწილი ჟურნალისტებთან საუბარზე უარი აცხადებს, ნაწილი კი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. თუმცა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა აღნიშნული ინფორმაცია ანონიმურად დაადასტურა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა მოხდა ყინწვისის მონასტერში სინამდვილეში და რა გახდა სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი.


“მისი თქმით, მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ხელში მსუბუქად დაჭრა. მათ შორის დაპირისპირება დავით აქიაშვილისთვის მამა საბას მხრიდან იარაღის ტარების გამო შენიშვნის მიცემას მოჰყვა. მამა დავითი მიტროპოლიტ იობის უახლოესი გარემოცვაა და რუის-ურბნისის ეპარქიაში განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობს, ამიტომაც მისთვის ხმის გაცემას ვერავინ ბედავს. „იარაღით დადის და მისთვის შენიშვნის მიცემას ვერავინ ბედავს. არქიმანდრიტ საბასა და დავით აქიაშვილს შორის დაპირისპირება არაერთხელ მომხდარა. მამა საბას გარდა, მას ხმის გაცემას ვერავინ უბედავს. ყველა ჩუმად ყოფნას ამჯობინებს, რადგანაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს და მას პირადად მიტროპოლიტი იობი მფარველობს. როგორც ამბობენ, სწორედ იარაღის გამო შელაპარაკდნენ. უთქვამს, იარაღით რატომ დადიხარო. უჩხუბიათ და გასროლაც იყო. თავად მამა საბა ამბობს, დაჭრილი არ ვარო. აქ არის სრული განუკითხაობა და ყველა ყველაფერს მალავს”, - ამბობს სასულიერო პირი “რეზონანსთან”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“როგორც ცნობილია, ამ დაპირისპირების მიზეზები იცის ეპარქიის მმართველმა მეუფე იობმა, თუმცა მან “რეზონანსის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მამა ისაია კი აცხადებს, რომ ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია და არანაირი იარაღი და ჩხუბი არ ყოფილა. მისი თქმით, ყველაფერი გამოგონილი ამბავია. სავარაუდო სისხლიან გარჩევაში მონაწილე სასულიერო პირი მამა საბა (ჟღენტი) კი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ის არის სასულიერო პირი და საიდუმლოს შენახვის უფლება აქვს, რასაც ნახავს და რაც თავს გადახდება, ყველაფერი რომ ილაპარაკოს, მაშინ სასულიერო პირი აღარ იქნება”, - დასძენს გამოცემა.

 

“აქედან გამომდინარე, საუბრისგან თავს შევიკავებ. მე ვის რა დავაბრალო, არ ვიცი. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, არაფერი არ არის დაფარული, რომელიც არ გაცხადდესო. ყველაფერი გამოჩნდება და გამოცხადდება. აქ არავინ არ ამოსულა, არაფერი არ მომხდარა. დაჭრილი კიდევ მე არ ვარ. აგერ ორივე ხელს ვამაოძრავებ. დაჭრილი თუ არის კაცი, წაქცეული უნდა იყოს. დღევანდელი წირვაც ჩავატარე”, - ამბობს მამა საბა. გამოძიება კი 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დამატებით სხვა კომენტარს ამ ფაქტთან დაკავშირებით საპატრიარქო არ აკეთებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ