დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მიხეილ სააკაშვილი სავარძელს ვერ პოულობს: როგორ შეხვდა ოდესის ექს-გუბერნატორს უკრაინული პოლიტიკა 29.04.2020 11:45

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად სავარაუდო დანიშვნას, ბოლო დღეებში ეს საკითხი ორი ქვეყნის ურთიერთობაში ერთგვარ „სასინჯ ქვად“ იქცა. ბუნებრივია, მასზე წერს როგორც უკრაინული, ასევე რუსული პრესაც.


გავეცნოთ გაზეთ „კომერსანტ“-ის («КоммерсантЪ») დღევანდელ, 29 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „მიხეილ სააკაშვილი სავარძელს ვერ პოულობს: როგორ შეხვდა ოდესის ექს-გუბერნატორს უკრაინული პოლიტიკა“.


„საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა, რომელიც ახალ თანამდებობას - რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტს უმიზნებდა, გადაიდო და შეიძლება საერთოდ არც განხორციელდეს. საქმე იმაშია, რომ მან ვერ მოახერხა, ვერ შეძლო უკრაინის ვერხოვნა რადაში დეპუტატების უმეტესი ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება, უკრაინის ლიდერი ვლადიმერ ზელენსკი კი მიხეილ სააკაშვილის ღიად ლობირებაზე თავს იკავებს. თუმცა, ამის მიუხედავად, კაცმა რომ თქვას, საქართველოს ექს-პრეზიდენტის დაბრუნება უკრაინის პოლიტიკაში უკვე მოხდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2020 წელი ქვეყანაში წინასაარჩევნო წელია, მალე გახდება ნათელი, რომელი კურსით მიმართავს თავის ენერგიას ტემპერამენტული პოლიტიკოსი.


„დანიშვნა-არდანიშვნა - საკითხავი აი ეს არის“


მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ერთი კვირის წინ თანხმობა გამოაცხადა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეთავაზებაზე უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობის დასაკავებლად, ჯერ-ჯერობით ისევ კანდიდატის სტატუსით რჩება, მაგრამ უკვე გაურკვეველი ვადით. მისი კანდიდატურა აგერ უკვე ერთი კვირაა იხილება, მასზე მსჯელობენ, მაგრამ უკრაინის პარლამენტში დასამტკიცებლად მინისტრთა კაბინეტის მიერ ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის შეტანილი.


უფრო მეტიც - ბატონ ვლადიმერ ზელენსკის, რომლისგანაც, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი მისამართით შეთავაზება იყო გაკეთებული, დღემდე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს ექს-ლიდერის შესაძლო დანიშვნაზე უკრაინის ხელისუფლებაში.


მივყვეთ მოვლენათა ქრონიკას:


22 აპრილს პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს შეხვდაო, მაგრამ არაფერი თქმულა იმის შესახებ, გაუწევს თუ არა ლობირებას უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ვიცე-პრემიერად დანიშვნისათვის. მასში მხოლოდ აღნიშნული იყო, რომ ბატონი ვლადიმერ ზელენსკის აზრით, მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი სპეციალისტია, მას აქვს რეფორმების წარმატებით გატარების გამოცდილება. შესაბამისად, ვლადიმერ ზელენსკიმ მას შესთავაზა, რომ თავისი იდეები მთავრობისათვის და ვერხოვნა რადისათვის გაეზიარებინა.


როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის ნათქვამი სამოქმედო სახელმძღვანელოდ მიიღო, აქტიურად მოჰკიდა საქმეს ხელი და ქვეყნის მთავარ ინფორმაციად გადააქცია. 23 აპრილიდან დაიწყო ინტერვიუების მარჯვნივ და მარცხნივ დარიგება, დადიოდა რეიტინგულ თოქ-შოუებზე - მაგალითად, ტელეკომპანია „უკრაინის“ პროექტ „სავიკ შუსტერის თავისუფალ სიტყვაში“ და ყველაგან ლაპარაკობდა, ყველას უყვებოდა, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს პანდემიით გამოწვეული კრიზისი დროს უკრაინის ეკონომიკის გადასარჩენად... „მე მზად ვარ ჩემი გამოცდილება ყველას გავუზიარო... ასევე შემიძლია ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გამოვიყენო ჩემი ფართო ნაცნობობა უცხოეთის ქვეყნების ლიდერებთან“, - არწმუნებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინელ პოლიტიკოსებს და საერთოდ, ტელემაყურებელს.


მიხეილ სააკაშვილი 26-27 აპრილს პრეზიდენტის პარტიის „ხალხის მსახურისა“ და იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრებს შეხვდა, 28 აპრილს კი კონსულტაციები გამართა ფრაქცია „ხმის“ (გოლოს“) წევრებტან. როგორც დეპუტატმა იულია კლიმენკომ განაცხადა, ფრაქციის წევრებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, ხმას მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას ერთი უბრალო მიზეზის გამო - ვერხოვნა რადის მუშაობის დღის წესრიგში მისი ვიცე-პრემიერად დანიშვნა-დამტკიცების საკითხი არავის არ შეუტანია.


მიხეილ სააკაშვილი - „საქორწინო გენერალი“?


„როგორც ჩვენ გავიგეთ, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. „საქორწინო გენერლის“ თანამდებობა შესთავაზეს. მას, თავისი ქარიზმის გარდა, არანაირი ბერკეტი არ ექნება. ვიცე-პრემიერი ერთი ადამიანია 20-კაციანი სამდივნოთი, რომლებიც ქაღლდებს აქეთ-იქით დაატარებენ. მას არ ექნება ინსტრუმენტები, რომლებიც ნებას მისცემენ რეფორმები გაატაროს“, - აღნიშნა დეპუტატმა იულია კლიმენკომ და დაამატა, რომ მიხეილ სააკაშვილის ბედი დამოკიდებულია არა იმდენად მთავრობაზე, არამედ პარლამენტში მის მიმართ არსებულ განწყობებზე. „ექს-პრეზიდენტისა და ყოფილი გუბერნატორის კანდიდატურას ვიცე-პრემიერად დანიშვნისათვის ოფიციალურად მაშინ წარმოადგენენ, როცა „ხალხის მსახურში“ კონსენსუსი იქნება. ცხადია, მას ეს არ უთქვამს, მაგრამ ჩვენ თვითონაც კარგად გვესმის სიტუაცია“, - ხაზი გაუსვა დეპუტატმა.


რასაკვირველია, თვით პარტია „ხალხის მსახურს“, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, თეორიულად შეუძლია მიხეილ სააკაშვილის სამთავრობო თანამდებობაზე დამტკიცება, სხვა ფრაქციების დაუხმარებლად, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ „ხალხის მსახურები“ თავიანთი იდეის პრაქტიკულ განხორციელებას ვერ ახერხებენ: მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. როგორც „კომერსანტმა“ შეიტყო, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა-დამტკიცების სასარგებლოს რადაში ხმების საჭირო რაოდენობა არ გროვდება. „ჯერ-ჯერობით საკმარისი ხმები არ არის, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაც ჭიანურდება. საერთოდ კი, ჩვენ, დეპუტატები, არაპროგნოზირებული ხალხი ვართ და ვნახოთ, სიტუაცია როგორ განვიტარდება“, - იხუმრა „კომერსანტ“-თან მოსაუბრე ერთ-ერთმა პარლამენტარმა.


პარტია „ხალხის მსახურიდან“ ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, თუ საკმარისი ხმები არ მოგროვდება, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის განხილვა რადაში არ მოხდება. ამასტან, მან არ გამორიცხა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის წამოყენება სხვა თანამდებობის დასაკავებლად. თითქმის იგივე თქვა პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებულმა პიროვნებამაც: საბოლოო გადაწყვეტილება, რას შესთავაზებენ მიხეილ სააკაშვილს, თუ ვიცე-პრემიერად მისი დანიშვნის იდეა არ განხორციელდება, ჯერ მიღებული არ არის.


ოდესის ნაგუბერნატორალი - ოდესის მერად?


მიხეილ სააკაშვილის შესაძლო „გადასროლა“ სხვა პოლიტიკურ ფრონტზე  იულია კლიმენკოსაც დასაშვებად მიაჩნია: მისი თქმით, ფრაქცია „ხმის“ წევრებტან სეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტის ოფისში და სავარაუდოდ, არაა გამორიცხული სხვა თანამდებობაზე მისი დანიშვნის ვარიანტი. უკრაინულ მასმედიაშიც გაიჟონა ინფორმაციამ, რომ შესაძლოა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინელებს ამჯერად ოდესის მერის ამპლუაში მოევლინოს. დღეს ქალაქ გენადი ტრუხანოვი ხელმძღვანელობს, რომლის სახელი ხმაურიან კორუფციულ სკანდალებს უკავშირდება.


უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარება შემოდგომისთვისაა განზრახული. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ვიცე-პრემიერის პოსტს ვერ მიიღებს, მაშინ შეუძლია ორიოდე თვის შემდეგ ახალ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს. მით უმეტეს, როცა მისი სახელი მასმედიაში უკვე რეინკარნირებულია და კარგად აჟიტირებული. სხვათა შორის, გასულ კვირას „ხალხის მსახურებთან“ შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილმა ერთგულება შეჰფიცა მათ და თქვა, რომ პრეზიდენტის პარტიას ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო გუნდად თვლის და თუ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობს, მხოლოდ „მსახურებთან“ ერთად.


მოკლედ, უკრაინის ხელისუფლებისათვის მიხეილ სააკაშვილი იმ ჩემოდნად იქცა, რომელსაც სატარებლად სახელური არ აქვს, მისი გადაგდება კი უკვე შეუძლებელია.


წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4334002

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ