30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17,627 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8,728 მოქალაქე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანში და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოები, საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ აქტიურ მუშაობას საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით.
„30 აპრილს, თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ავტობუსით, ანტალიიდან სტუდენტები და ანტალიაში მომუშავე ახალგაზრდები სამშობლოში გამოემგზავრნენ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით და საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით,ასევე თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დახმარებით, 28 აპრილს, რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შედეგად და არსებული აკრძალვების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა 5 ქართველი მეზღვაურის თურქეთის ტერიტორიაზე შემოყვანა და ქ. იალოვადან სამშობლოში გამომგზავრება. აღსანიშნავია, რომ თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეგულაციების ფარგლებში, უცხოელ მეზღვაურებს ეკრძალებათ თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლა. ამის მიუხედავად,ანკარაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გამონაკლისის სახით მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, ქართველი მეზღვაურების თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ პროცესში ასევე ჩართული იყო თურქეთის საგარეო საქმეთა და ჯანმრთელობის სამინისტროები.
29 აპრილს, საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, ორგანიზება გაუწია საქართველოს 75 მოქალაქის სამშობლოში ტრანსპორტირებას სახმელეთო გზით. საელჩო მუდმივად უწევს ორგანიზებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესს. 24 აპრილს, საელჩომ ასევე უზრუნველყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი, საქართველოს 35 მოქალაქის ტრანსპორტირება სამშობლოში სახმელეთო გზით. ასევე საყურადღებოა, რომ 27 აპრილს,აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ და კონსულმა ნათია წერეთელმა მოინახულეს ქ. ბაქოში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, აგრეთვე შშმ პირები, გაეცნენ მათ საყოფაცხოვრებო პირობებს. საქართველოს მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარების სახით, გადაეცათ საკვები პროდუქტების ამანათები, პირველადი მოხმარების საგნები, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები და ქართული წარმოების პირბადეები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge