დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

რა საბუთს მოგვთხოვენ უცხოეთში გასამგზავრებლად 01.05.2020 15:24

“კორონავირუსმა არა მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების დღის წესრიგი შეცვალა, მომავალიც განსაზღვრა, - ვირუსმა, პრაქტიკულად, საკუთარი “ადგილი” დაიკავა ადამიანების გვერდით. იმისათვის, რომ ტურისტული სფერო აღდგეს, რომელსაც COVID-19-ის პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა, ევროკავშირი დღეს უკვე ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობს, სადაც ასევე კორონავირუსი ფიგურირებს, - სახელწოდებით კოვიდ-პასპორტი, რომელსაც უსაფრთხოების სერტიფიკატის მნიშვნელობა მიენიჭება. მსოფლიო საზოგადოება უკვე მიხვდა, რომ ვირუსი გაქრობას არ აპირებს და ადამიანებს მასთან ერთად მოუწევთ თანაცხოვრება, როგორც ეს მაგალითად, წითელას, “ღორის გრიპისა” თუ სხვა დაავადებების შემთხვევაში მოხდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა საბუთს მოგვთხოვენ უცხოეთში გასამგზავრებლად / კოვიდ-პასპორტიზაცია, - კორონავირუსის გამო, ტურისტებს სხვა დოკუმენტებთან ერთად, უსაფრთხოების სერტიფიკატის წარდგენა მოუწევთ.


“მედიის ინფორმაციით, კოვიდ-პასპორტთან დაკავშირებით არსებული იდეა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის ტურიზმის მინისტრ ჰარი კაპელის ეკუთვნის. მისი შექმნა ევროკავშირის ქვეყნების ტურიზმის მინისტრების ვირტუალურ კონფერენციაზე შეთანხმდა. “მინისტრები თანახმა არიან, შეიქმნას საერთო დოკუმენტი პირობითი სახელწოდებით კოვიდ-პასპორტი, რომელიც მთელი ევროკავშირის მასშტაბით იმუშავებს”, - აღნიშნა კაპელიმ. მისი თქმით, ახალი დოკუმენტი ნებისმიერი სახეობის ტრანსპორტით მოძრავ ტურისტებზე გაიცემა, იქნება ეს ავტომობილი, მატარებელი, თვითმფრინავი თუ საზღვაო ხომალდი. ამასთან, ხორვატია, თავის მხრივ, მზადაა, მაისის ბოლოს ნაწილობრივ გახსნას საზღვარი ზოგი ქვეყნიდან ჩასული ტურისტებისთვის. ხორვატიის პოზიციას მხარს უჭერენ ჩეხეთი, იტალია და ესპანეთი, რომელთა ეკონომიკაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურისტების რაოდენობაზე. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, მსგავსი დოკუმენტის შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პანდემიასთან ბრძოლასა და კორონავირუსის გაკონტროლების საკითხებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“გასაგებია, რომ ეს კოვიდ-19-ის წინააღმდეგაა მიმართული და სავარაუდოდ, ტურისტულ ინდუსტრიაზე ჩაბმულ ქვეყანაზე იქნება გავრცელებული. ნებისმიერი ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ პანდემია არ განმეორდეს. როგორც ჩანს, ევროპა იმ მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მან კოვიდ-19-ის შემოტევის შედეგად მიიღო და რომელსაც დიდწილად მოუმზადებლად შეხვდა, ცდილობს შეიმუშაოს ამ პანდემიასთან გამკლავების მეთოდები. კოვიდ-პასპორტიზაციაც ერთ-ერთია, რომელსაც ევროკავშირი შეიმუშავებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

 

“ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებები საჭირო და აუცილებელია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის. “კოვიდ-პასპორტს მნიშვნელობა ენიჭება იმ მხრივ, რომ აღმოფხვრილ იქნეს პანდემია და მიღებულ იყოს პრევენციული ზომები კორონავირუსის გავრცელების კუთხით. დღეს 3 მლნ ადამიანი არის დაინფიცირებული. აქედან წამყვანი პოზიციები აშშ-ს შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებს უკავიათ, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი - საფრთხე ევროპაში არსებობს. მოვა დრო და ეს რეჟიმი მოიხსნება. იმიგრანტთა უდიდესი ტალღა ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილდება. კორონავირუსი არ არის პირველი შემთხვევა, ვიცით, რომ სხვა ვირუსებიც გავრცელებულა”, - თქვა ჩიტაძემ. რაც შეეხება საქართველოს, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება. ნათია თურნავას თქმით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებით დაზარალდა და ამდენად, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს”, - დასძენს გამოცემა.

 

“მინისტრის განცხადებით, სანამ ტურიზმის სექტორი მის წინაშე არსებულ გამოწვევებს დაძლევს, მას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. მისი თქმით, შეხვედრები ტურიზმის სექტორთან სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა დარგის წინაშე არსებული პრობლემური საკითხები სწრაფად და ეფექტურად გადაიჭრას. ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ საქართველოც ერთ-ერთი ქვეყანა იქნება, რომელიც მსგავსი დოკუმენტით გადაადგილების საკითხს უზრუნველყოფს. “ალბათ (კოვიდ-პასპორტიზაცია) საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ. კონკრეტული მექანიზმები უნდა იყოს ამოქმედებული, რადგან ჩვენ ვსაგრებლობთ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირთან, მომავალში შეიძლება მაკონტროლებელი მექამიზმები იყოს ამოქმედებული”, - მიიჩნევს ჩიტაძე. ცნობისათის, ევროპამ კორონავირუსული პანდემიის გამო საზღვრები 17 მარტს ჩაკეტა. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში შეზღუდვები ძალაში მაისის შუა რიცხვებამდე რჩება. ამასთან, მანამდე განიხილებოდა ტურიზმის სექტემბრამდე აკრძალვის საკითხი, თუ კოვიდ-19-ის მეორე ტალღის საფრთხე გაჩნდება. ფრენების აღდგენა ივლისის თვეშია მოსალოდნელი. ევროკავშირის ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, რომ წარადგინოს გაკეთებული ტესტის პასუხი. მაგალითად, თუ გერმანიის მოქალაქეს საბერძნეთში შემოსვლა მოესურვება, კორონავირუსზე ტესტი უნდა გაიკეთოს გერმანიაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა გამომგზავრების უფლება”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ