დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ვირუსის პანდემიის გამო საქართველოში ჩარჩენილი ძიუდოისტი ვარჯიშს ახმეტაში განაგრძობს“ 04.05.2020 13:22

ინდოეთის ყოველდღიურ გაზეთ „ნიუ ინდიან ექსპრეს“-ში  («The New Indian express») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვირუსის პანდემიის გამო საქართველოში ჩარჩენილი ძიუდოისტი ვარჯიშს ახმეტაში განაგრძობს“ (ავტორი - ფიროზ მირზა), რომელშიც გადმოცემულია ინდოელი საუკეთესო მოჭიდავის, ძიუდოისტ სინგჰ საინის საქართველოში ყოფნის ამბები. იგი ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამდე ჩამოვიდა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ იძულებული გახდა საქართველოში დარჩენილიყო.


გთავაზობთ სტატიას, რომელშიც ინდოელი ძიუდოისტის ქართული თავგადასავალია ნაამბობი:


„ჯასლინ სინგჰ საინი თბილისში თავის მწვრთნელთან - მამუკა ყიზილაშვილთან ვარჯიშობდა და [ტოკიოს] ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის ემზადებოდა. მაგრამ რადგანაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო თბილისის ყველა სპორტული დარბაზი დაიხურა, სინგჰ საინს სხვა გზა აღარ ჰქონდა - იგი კახეთში, ახმეტაში გაემგზავრა, თავისი მწრთვნელის მშობლიურ ქალაქში. მას შემდეგ ინდოელი სპორტსმენი იქ ცხოვრობს და ელოდება მომენტს, როცა მშობლიურ პენჯაბს, ქალაქ გურდასპურს დაუბრუნდება.


„ჩვენ თითქმის ერთი კვირა ვვარჯიშობდით, როცა მოულოდნელად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საბედნიეროდ, ჩემი მწრთვნელის ქალაქი თბილისიდან მხოლოდ ორი საათის სავალზეა და ჩვენ იქ ჩასვლა რაიმე გართულების გარეშე მოვასწარით“, - ამბობს სამხრეთაზიური 2019 წლის ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი „ნიუ ინდიან ექსპრეს“-თან საუბარში.


66 კილოგრამიანმა ძიუდოისტმა დახმარებისთვის [ერევანში არსებულ] ინდოეთის საელჩოს მიმარტა, მაგრამ იქ მას ურციეს, რომ საერთაშორისო ავიარეისების განახლებამდე მოეცადა. „როგორც საელჩოს ჩინოვნიკებმა მითხრეს, ინდოეთისაკენ ავიარეისები, ალბათ, ივნისში განახლდება. მე მათთან მუდმივი კონტაქტები მაქვს, სხვა არაფერი დამრჩენია, თუ არა ლოდინი შეაფერის მომენტამდე“, - ამბობს  სინგჰ საინი.


ოლიმპიური თამაშები რომ არ გადადებულიყო და თავის დროზე ჩატარებულიყო, სინგჰ საინი კვალიფიკაციას ნამდვილად გაივლიდა. წინასწარი მონაცემებით, მას კონტინენტის ქვოტა მიღებული აქვს. როგორც ცნობილია, ოლიმპიადაში ყოველი კონტინენტიდან, ქულების მიხედვით, ათი ძიუდოისტი უნდა მონაწილეობდეს. სინგჰ საინი მსოფლიოში 56-ე, ხოლო აზიაში - მე-9 ადგილი უკავია.


„ჩემს წონით კატეგორიაში ინდოეთში ყველაზე მეტი ქულა დავაგროვე და შესაბამისად, კონტინენტურ ქვოტაში უპრობლემოდ მოვხვდი. თუმცა, რასაკვირველია, კვალიფიკაციის გავლა ბრძოლა იოლი არ იქნება - მე ძლიერი კონკურენტები მყავს“, - ამბობს პენჯაბელი ძიუდოისტი.


სინგჰ საინის საქართველოში ყოფნა ინდოეთის სპორტის ინსტიტუტის მიერ ფინანსდება (რომელიც ინდურ ბიზნესსტრუქტურაში -  JSW Group-ში შედის): „მე ხარჯები არ მადარდებს, რადგან ამას JSW უზრუნველყოფს. ჩემს ოჯახთანაც მუდმივი კონტაქტი მაქვს. [ვირუსის გავრცელების] აქაურ სიტუაციას თუ ინდოეთისას შევადარებთ, ჩემს მშობლებს სანერვიულო არაფერი აქვთ“, - დარწმუნებულია სინგჰ საინი.


ეხება რა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვადის გადატანას, სინგჰ საინი ინტერვიუში ამბობს: „მე ახლა მეტი დრო გამომიჩნდა მომზადებისათვის. ვიმედოვნებ, კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემა მალე მოგვარდება. ყოველდღიურად ვვარჯიშობ - დილით და საღამოთი. საბედნიეროდ, როგორც ამბობენ ხოლმე - „ზოგი ჭირი მარგებელია“: მე ჩემს მწრთვნელთან ერთად, ახმეტაში ვარ, რაც ამ სიტუაციაში ძალიან სასიკეთო და ხელსაყრელია“, - აცხადებს ძიუდოისტი.


მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.newindianexpress.com/sport/other/2020/may/04/stuck-in-georgia-judoka-saini-keeps-momentum-going-2138905.html

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ