დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ინტერვიუ ბელგიაში საქართველოს ელჩთან - ნატალია საბანაძესთან 05.05.2020 11:31

 

ბელგიის პოპულარულმა გამოცემამ „ეურაქტივ“-მა  («EurActiv») გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ელჩთან ბელგიის სამეფოში ნატალია საბანაძესთან, რომელშიც ქართველი დიპლომატი  ევროპის საბჭოს ინიციატივის - „აღმოსავლური პარტნიორობის“ შესახებ საუბრობს და მასში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს განიხილავს.


როგორც ცნობილია, „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ ექვსი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო მონაწილეობს - ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. ივნისში დაგეგმილია სამიტი, რომელზეც ევროკომისიის მიერ მარტის თვეში წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვა უნდა მოხდეს, რომელიც კომპლექსურ გეგმას წარმოადგენს - ხუთ პრიორიტეტულ მიმართულებას, თუ რა რეფორმები უნდა განხორციელდეს, რა უნდა გაკეთდეს ვაჭრობაში, ეკონომიკაში... დოკუმენტი მოიცავს კორუფციასთან ბრძოლას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიიის განმტკიცებას.


ნატალია საბანაძის თქმით, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმა 2020 წლის შემდგომ პერიოდისათვის ძალზე შთამბეჭდავია, თუმცა პოლიტიკური ინტეგრაციის სფეროში საკმაოდ სუსტად გამოიყურება: „ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს ევროპისაკენ სწრაფვას მეტი ყურადღებას მიექცეს. სამიტმა გზები უნდა დასახოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გასაძლიერებლად. რასაკვირველია, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ გვინდა, რომ გეგმაში გარკვეული ახალი ორიენტირები იქნეს გათვალისწინებული“.


მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბოლოს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებმა - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ წამოაყენეს წინადადება ურთიერთობა „ევროკავშირს პლუს 3 ასოცირებული პარტნიორის დიალოგის“ ფორმატით განვითარებულიყო, მიმდინარე წლის მარტის თვეში გამოქვეყნებულ დოკუმენტში აქცენტი მაინც მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობაზეა გაკეთებული.


მჭიდრო ორხრივი თანამშრომლობა კი მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშე დგას: მაგალითად, ეს ეხება საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას, რომელიც უკრაინის მთავრობაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო დანიშვნასთან დაკავშირებით გარკვეულწილად დაიძაბა. ინფორმაციამ საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის სამთავრობო თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის შესახებ საქართველოში დიდი აღშფოთება გამოიწვია: შესაბამისი განცხადებები გააკეთეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ქვეყნის სხვა ხელმძღვანელებმა.


„რა თქმა უნდა, არავის არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ამ კონკრეტული შემთხვევის მიუხედავად, საქართველო და უკრაინა მაინც სტრატეგიულ პარტნიორებად ითვლებიან. გვესმის, რომ ჩვენს შორის მომხდარი უთანხმოებით შესაძლოა მტრებმა ისარგებლონ“, - ამბობს ნატალია საბანაძე ინტერვიუში.


ორივე პოსტსაბჭოთა სახელმწიფო - საქართველო და უკრაინა ცდილობენ თავიდან აიცილონ რუსეთის გავლენა, რომლის ხელშეწყობით მათ ტერიტორიებზე კონფლიქტები მიმდინარეობს.


გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ადგილობრივი პრორუსული სეპარატისტები აგრძელებენ უკანონო საქმიანობას ე.წ. „საზღვრების“ დაფიქსირების მიზნით.  ამ რეგიონების მოსახლეობას კი თბილისის იმედი აქვთ ვირუსთან წარმატებით ბრძოლაში.


„კოვიდ-19“-ის ეპიდემიით გამოწვეული სანიტარული კრიზისი შესაძლებლობას გვაძლევს დავეხმაროთ იმ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიღმა იმყოფებიან და შევქმნათ თანამშრომლობის ისეთი მექანიზმი, რომელიც ერთმანეთისათვის საინტერესო იქნება“, - აღნიშნავს ინტერვიუში ნატალია საბანაძე.


საქართველოს მთავრობამ ადრევე განაცხადა, რომ მზადაა დაეხმაროს თავის თანამოქალაქეებს პანდემიასთან ბრძოლაში, მაგრამ, როგორც ელჩი ამბობს, „ჩვენი ყველა მცდელობა ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგობას აწყდება“.


დიპლომატის თქმით, პრობლემები ნაწილობრივ იმიტომ იქმნება, რომ საქართველოს მთავრობის  მიერ გავრცელებული ინფორმაციები ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობამდე ვერ აღწევს, ისინი უმეტესად რუსული საინფორმაციო გავლენის სივრცეში იმყოფებიან. იქმნება პარადოქსული სიტუაცია, როცა რუსული დეზინფორმაციის კედლის მიღმა შეღწევა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით რთულია“, - ამბობს ელჩი.


ბოლო დროის  ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ დეზინფორმაციას წარმოადგენს ის, რომ თითქოსდა საქართველო, ლუგარის ბიოლაბორატორიის მეშვეობით, ხელს უწყობს „კოვიდ-19“-ის გავრცელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც ცნობილია, ამერიკელების დაფინანსებით აგებული რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორია ამჟამად საქართველოს კველევით ცენტრს წარმოადგენს. ეს დაწესებულება დეზინფორმაციული შეტევების ობიექტი წინა წლებშიც ხშირად ხდებოდა ხოლმე.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანა იყო, სადაც კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა, დღეისათვის ქვეყანას, მეზობლებთან შედარებით, ვირუსით ყველაზე ნაკლები დაავადებული ჰყავს და იქ ყველაზე მცირე სიკვდილიანობაა დაფიქსირებული.


ნატალია საბანაძის თქმით, ლუგარისკვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული ტესტების სწრაფი პასუხები „ძალზე სასარგებლოა კორონავირუსთან ბრძოლაში“.


წყარო: https://www.euractiv.com/section/politics/interview/georgian-ambassador-eastern-partnership-communication-weak-on-political-signalling/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ