15:27 05.05.2020
"მსოფლიოში ორი პანდემია მძვინვარებს, ერთი COVID-19-ს, მეორე შეთქმულების თეორიების" - ამირან სალუქვაძე

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელშ წერს:

 

მსოფლიოში ორი პანდემია მძვინვარებს, ერთი COVID-19-ს, მეორე შეთქმულების თეორიების.

საკითხები:

1. კონსპიროლოგია

2. COVID-19-ს ეპიდემიის უარყოფა;

3. ე.წ. ჩიპიზაცია/ვაქცინაცია და გლობალური კონტროლი

4. 5G ტექნოლოგიები.

5. რჩევები

5.1. როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან?

5.2. როგორ დავიცვათ თავო მობილური ტელეფონის მავნე ზემოქმედებისგან

ამ თემებზე ვიდეო ბლოგის ჩაწერას ვაპირებდი, მაგრამ დაწერა გადავწყვიტე. ვიდეოს მოსმენა ყველას არ უყვარს.

ეს თემები მეტწილად, ხელოვნურადაა აწეული, მართვადია და კონკრეტულ მიზნებს ისახავს.

 

1. კონსპიროლოგია

მსოფლიოს ისტორიაში ვერ იპოვით ეპიდემიას ან სხვა კრიზისს, ომებს, მნიშვნელოვან მოვლენებს,  რომლებსაც თან არ ახლდა ჭორები, შიშები, დეზინფორმაციები, შეთქმულების თეორიები, კონსპიროლოგია.

1816 წლიდან 1975 წლამდე მსოფლიომ ქოლერის 7 ეპიდემია გადაიტანა.

მეორე ეპიდემია რუსეთ-სპარსეთის 1828-29 წლების შემდეგ დაიწყო და მთელ რუსეთს მოედო.

ქოლერის პირველი შემთხვევბი 1930 წელს თბილისსა და ასტრახანში აღმოაჩინეს. ეპიდემიამ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს 1931 წელს მიაღწია.

როგორც რუსეთის მთელ იმპერიაში, ისე მის დედაქალაქში ბუნტები დაიწყო (გენიშნათ?).

მოქალაქეებს, რომლებმაც იცოდნენ, რომ ინფექცია ორგანიზმში ცუდი საკვების და წყლის მეშვეობით ხვდებოდა, ეგონათ რომ მათ სპეციალურად ხოცავდნენ. დაიწყეს საავადმყოფოების დაზიანება, კლავდნენ ექიმებსა და პოლიციელებს.

მთელ ეპიდემიას არ აღვწერ. მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი ნდობის ამაღლება დაიწყო, როცა მოქალაქეები ხედავდნენ საავადმყოფოებიდან მასობრივად ცხედრების გამოსვენებას.

მაშინაც კარანტინი და თვითიზოლაცია მთავარი მეთოდი იყო. ადამიანები, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, საცხოვრებელ ადგილებს არ ტოვებდნენ.

მოკლედ, მე-19 საუკუნეშიც იგივე ჭორები იყო. ახლაც ხომ იგევე ეჭვებს აღვივებდნენ, რომ მსოფლიო მთავრობა სპეციალურად ხოცავს მოხუცებს... თუმცა, ბევრ ქვეყანაში, დაავადებულთა ნახევარი 40 წლამდე ასაკისაა. ე.ი. მოხუცებს არ ხოცავენ, ხომ ასეა? 

დღეს ხელისუფლება დიდძალ რესურსებს ხარჯავს ადამიანების სიცოცხლის გასაფრთხილებლად. არადა, ჭორები, ხმები ვრცელდება...

ჩვენს სივრცეში გავრცელებული ჭორების, ინფორმაციების ლომის წილი რუსულენოვანია. თუმცა, შეთქმულების თეორიები სხვა ქვეყნბშიც ფართოდ ვრცელდება.

მაგალითად, ამერიკის მოსახლეობის 29%-ს სჯერა კოვიდ-19-ს ხელოვნური წარმომავლობა. ლევადა-ცენტრის მიერ მარტში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთში მოსახლეობის მხოლოდ 24%-ს არ სჯერა კორონავირუსის შესახებ მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის. აპრილში ამ განწყობებმა იმატა და 59% შეადგინა. თებერვალში დაინფიცირების შიში მხოლოდ 30%-ს ჰქონდა. მარტის ბოლოს კი მათი რიცხვივ44%-მდე გაიზარდა.

თებერვალში "ფრანს პრესმა" გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ სოციალურ ქსელში, რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში აქვეყნებდა ინფორმაციებს კოვიდ-19-ის გავრცელებაში აშშ-ს სპეცსამსახურების ბრალეულობის შესახებ. რუსეთმა ეს ბრალდება, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყო.

ეპიდემიებს ახასიათებთ მოსახლეობის აქტივობები სხვადასხვა ხასიათის მოძიებული ინფორმაციების გავრცელების, ერთმანეთში გაცვლის კუთხით. ზოგი აზიარებს სხვისი აზრის გაგების მიზნით, ზოგი განზრახ ავრცელეს სიცრუეს, ზოგი კეთილი ზრახვებით, რათა სხვებსაც გააგებინოს "სასარგებლო" ინფორმაცია. მთლიანობაში, ამ ყველაფრის გამო, დიდი აჟიოტაჟი იქმნება.

რა ხასიათის ინფორმაციებს ავრცელებენ ყველაზე მეტად:

- ოფიციალური ვერსიების, განცხადებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ან გაყალბება;

- სახალხო რეცეპტები, ლიცვები;

- ფსევდოექიმების რჩევები;

- ისტორიები პირველწყაროს მითითებით. მაგალუთად, "ჩემი ახლობელი მუშაობდა უხანში და ყვება, რომ..." "ან ჩემმა ნათესავმა იტალიიდან მომიყვა, რომ იქ არაფერი ხდება";

- ისტორიები ვირუსის წარმომავლობის შესახებ;

- პანიკური, შეუმოწმებელი ინფორმაციები. მაგალითად, "დღეს ღამით თვითმფრინავებით მოხდება ქალაქის დეზინფექცია. შეხვდით ღია ფანჯრებით" და ა.შ.

 

რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორისების, განსაკუთრებით ეპიდემიების და სხვა განსაცდელის დროს?

ამ თემაზე ნაშრომების დაწერა შეიძლება და წერენ კიდეც. ამ მცირე ფორმატში მთელი ანატომიის აღწერა რთულია.

ადამიანს, როგორც გონივრულ არსებას, ყოველთვის აქვს მიდრეკილება გაარკვიოს პრობლემების, საფრთხეების მიზეზები, თავად ჩასწვდეს საკითხების არსს. ვის რამდენად გამოსდის, სხვა საკითხია. ფიქრების, ტვინის ჭყლეტის შედეგად, თუ მიაკვლევს მისთვის სასურველ ვერსიას, მისი გადარწმუნება შეუძლებელი ხდება. ვეღარ ჭრის ვერც მეცნიერება, ბერც ლოგიკა, ვერც საღი აზრი...

განსაცდელის დროს ადამიანს ყველაზე მეტად აწუხებს გაურკვევლობა. შესაბამისად, ის  ცდილობს მონახოს პასუხები ყველაფერზე, რაც მას აფიქრებს, განსაკუთრებით პრობლემის წარმომავლობაზე, მისი გაჩენის მიზეზებზე და მომავლის პროგნოზირებაზე.

სხვათაშორის, მკითხაობაც (მარჩიელობაც) ადამიანის ამ განცდებს უფუძნება. მკითხავი უშუალო კონტაქტშია პირთან, აქვს შესაძლებლობა დააკვირდეს რეაქციებს, მისგანაც მოიპოვოს დამატებითი ინფორმაციები, შეთქმულების თეორიების ავტორებს ამის ფუფუნება არ აქვს.

მკითხავისთვის მნიშვნელოვანია კლიენტმა დაიჯეროს, რადგან ეს პირდაპირ აისახება ანაზღაურებაზე. კონსპიროლოგს ეს არ ადარდებს. ის მასებზე, კონკრეტულ ტიპაჟებზე და სამიზნე ჯგუფებზე მუშაობს. არ დაიჯერებს ერთი, დაიჯერებს სხვა. ვინც არ დაიჯერებს, თუ დაეჭვდა მაინც, ისიც შედეგია.

იმისათვის, რომ ინფორმაციები, ვერსიები, თეორიები, დამაჯერებელი იყოს, ის დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და გაანალიზებული, "გამყარებული" სხვადასხვა ფაქტებით.

კოვიდ-19-ს შესახებ გავრცელებულ რამდენიმე აფსურდულ ვერსიას გავიხსენებ:

"ვირუსი მოიგონეს, რათა შეეწყვიტათ საჰაერო მოძრაობა და კოსმოსური აპარატები განეთავსებინათ". ამ ტექსტის დამწერს, ან მის გამავრცელებელს ვინმე დააჯერებს რა სიმაღლეზე დაფრინავენ თვითმფრინავები და რა სიმაღლეზეა ორბიტალური სადგურები? ან სკოლაში თუ არა, ინტერნეტში წაუკითხავთ რა არის ტროპოსფერო, სტრატოსფერო, მეზასფერა და ა.შ.? ან გააგებინებთ, რომ თანამგზავრების გაყვანა კოსმოსური რაკეტებით ხდება და საჰაერო მოძრაობას ხელი არასდროს შეუშლია მათ გასაშვებად? ალბათ არ დაიჯერებენ.

კიდევ ასეთი პოსტი გამოქვეყნდა. ერთმა გადაიღო fligtjradar24-ის საიტზე დროის რეალურ მომენტში ევროპის საჰაერო სივრცეში არსებული საჰაერო ვითარების ფოტოასლი და გამოაქვეყნა ტექსტით: "ნახეთ რამდენი თვითმფრინავი დაფრინავს. არანაირი შეზღუდვები არ არსებობს". რეალურად, ფოტოზე ბევრი თვითმფრინავია, რამდენიმე ასეული. მაგრამ რამდენი დაფიქრდება იმაზე, რომ 1-2 თვის წინ, შეზღუდვებამდე, იყო 2-3-ჯერ მეტი? 

ადამიანები დაფიქრდებიან, რომ ყველა ქვეყანას არ დაუწესებია შეზღუდვები, ან ის, რომ არსებობს ჩარტერული რეისები, ან ის რომ საჰაერო ტვირთების გადაზიდვა გრძელდება და, შესაბამისად, გარკვეული რეისები სრულდება?

დაფიქრდება ვინმე, რომ ჩვენი ცა გადასერილი იყო ტრანზიტული ფრენებით და დღეს სიცარიელეა? ან ვინმე დაფიქრდება შეამოწმოს რამდენჯერ იკლო ფრენების რიცხვმა რომელიმე ქალაქის აეროპორტში, თუნდაც თბილისში? რა თქმა უნდა არა.

ასეა, სანდო საიტიდან აღებულ ფოტო ასლს, ინფორმაციას, მიაბამენ მთელ კონსპიროლოგიურ ბოდვას, რაც ამ ბოლოს ვრცელდება, და არკვიე სადაა სიცრუე და სად სიმართლე.

ასეთი "ფაქტის" ნახვის შემდეგ, 100-დან რამდენი ადამიანი დაინტერესდება ავიაკომპანიების გადაზიდვების სტატისტიკით?

აეროფლოტის მაგალითს მოგიყვანთ. დღე-ღამეში ასრულებდა 800 რეისს და გადაჰყავდა 110-120 ათასი მგზავრი. ამჟამად, ასრულებს 50-80 რეისს და გადაჰყავს 3-5 ათასი მგზავრი, მეტწილად შიდა რეისებზე.

კონსპიროლოგიურ ინფორმაციებს აქვს გარკვეული მახასიათებლები, სიტყვათა წყობა, ლოგიკა. მის გამავრცელებლებს კი ახასიათებთ შემდეგი ტიპის ფრაზები: "რაღაც არ მჯერა", "კი მჯერა, მაგრამ", "ნახე რა ვიპოვე დღეს ქსელში" და ა.შ.

მთავარი ისაა, რომ კონსპიროლოგიურ თეორიებს ისეთი ლოგიკა აქვთ, რომ მათი გაბათილება რთულია, პირდაპირი მტკიცებულებებითაც კი.

რა უნდა დაუპირისპირო ასეთ მტკიცებას: "5G-ს მილიმეტრული მაღალი სიხშირის გამოსხივება აღწევს ორგანიზმში, ზემოქმედებს ატომებზე, რის გამოც ისინი ვეღარ უკავშირდებიან ჰემოგლობინს და სისხლში ჟანგბადს ვეღარ აწვდიან".

ასეთი "თეორიებით" არის "გამყარებული" 5G ტექნოლოგიების ირგვლივ ატეხილი ისტერია, რომ "სახლში გამოგვკეტეს, რათა ანტენების დამონტაჟებას ხელი არ შევუშალოთ." ამას ემატება ჯანმო-ს ირგვლივ ატეხილი ფსიქოზი, მისი კავშირები ბილ გეიტსთან და ა.შ.

ასეთ "თეორიას" როცა წაიკითხავს ადამიანი, განსაკუთრებით ვისთვისაც სკოლის ფიზიკა უღრანი ტყეა, მას როგორ უნდა აუხსნა, რომ მთავარი სიხშირე კი არა, სიმძლავრეა. ან აუხსნი რა არის იონიზირებადი და არაიონიზირებადი გამისხივება?

ისეთი აქტიური კონსპოროლოგ-პროპაგანდისტიც ვნახე, რომელსაც სიხშირე და სიმძლავრე ერთმანეთში ერევა. 

შეხვდებოდით ალბათ, სინქროფაზატრონით დარეტიანებული ნიუტონის შთამომავლის ამაღელვებელ "მიმართვას", "მე ვარ ყოფილი სამხედრო მეკავშირე და ვიცი რა ზიანს აყენებს ადამიანს 5G 60 გგჰ სიმძლავრის გამოსხივება. თქვენი შვილები მაინც შეიცოდეთ (აქ საქსრთველოს დროშა აქვს ჩაწებებული, მეტი დამაჯერებლობისთვის).

როცა კითხულობთ "სამხედრო მეკავშირე"-ს, ინფორმაციის სანდოობა მატულობს. თქვენ ხომ არ აქცევთ ყურადღებას, რომ გიგაჰერცებში (გგჰ) სიმძლავრეს არ ზომავენ? ასეთ "მეკავშირეს" დიპლომი უნდა გაუუქმო, დიპლომის გამცემს კი ლიჩენზია.

შემდეგ წერს, რომ 5G წინამორბედებთან შედარებით 20-ჯერ მძლავრია, "რაც ადამიანების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად"-ო.

ჯერ ერთი, 20-ჯერ მეტი სიხშირეა და არა სიმძლავრე, სიმძლავრე კი პირიქით, 4G-ს გაცილებით მეტი აქვს. რაც შეეხება "ხალხის შეცდომაში შეყვანას", ამის დამწერს უბრალოდ ლოგიკასთან და ელემენტარულ უნარებთან აქვს პრობლემა. "მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა", ამ კონტექსტში, არაკორექტულადაა გამოყენებული. ის უფრო მიკვირს, ასეთ აბრაკადაბრას უამრავი ადამიანი რომ იჯერებს და აზიარებს, 

და ბოლოს, ვრცელდება ასეთი თეორიებიც, რომ თითქოს პანდემია სპეციალურად მოაწყვეს და მიზნად ისახავს როგორც გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევას, ასევე მსხვილი კორპორაციების გამდიდრებას. არგუმენტებად მოჰყავთ ვარაუდები, რომ ბევრი კომპანია გაკოტრდება და მათ იაფად შეისყიდიან.

მსგავსი პროცესები, ვიღაცის გაკოტრება, სხვისი გამდიდრება, ყოველთვის ახლავს კრიზისებს. რატომ არ ვუშვებთ ვერსიას, რომ როგორც სახელმწიფოები, ასევე კომპანიები, ვითარების შესაბამისად მოქმედებენ და ცდილობენ ნაკლები დანაკარგებით გამოვიდნენ სიტუაციიდან და, შეძლებისდაგვარად, მეტი სარგებელი ნახონ?!

ქვეყნის მთავარი ასტროლოგი, იზიარებს საერთაშორისო ფსიქოზს და ტელეეთერით ქადაგებს, რომ მსოფლიოს მმართველები (მასონები და ა.შ. მასონების ხსენება ყველაზე დამაჯერებელია) გეგმავენ 7,5 მილიარდი ადამიანიდან 6,5 მილიარდის დახოცვას და მილიარდის დატოვებას.

ჯერ ერთი, თუ ამდენი ადამიანის დახოცვას აპირებენ, ასეთი ნელი ტემპებით რატომ "მუშაობენ"? 4 თვეში 250 ადამიანი დაიღუპა. მეორე, დანარჩენებს რატომ მკურნალობენ ასეთი თავგამოდებით? 1 მილიონზე მეტია გამოჯანმრთელებული?! მესამე, წელიწადში მილიონიც რომ დაიღუპოს კოვიდ-19-თ, 6,5 მილიარდის კი არა, მილიარდის დახოცვას, ამ ტემპებით, 1000 წელი მოუნდებიან.

სანამ ასეთ "ვერსიებს" გაიმეორებთ, იქნებ ლოგიკა ჩართოთ?!

ამ დღეებში კიდევ ერთი მავნე ვიდეო ვრცელდება, გერმანიიდან. პირი მანქანაში ზის, "ლაივში" გვიყვება, აი ახლა, ამ წამს გადმოსცა რადიომ, რომ უნობელესლაურეატეს მეცნიერებმა დაადგინეს COVID-19 კლავს მხოლოდ 0,37% (ორჯერ გაიმეორა 0,37%) შემთხვევაშიო. სხვა არანაირი ინფორმაცია. კითხვა, ეს 0,37% გერმანული მიდგომების შემთხვევაშია, როცა დროულად გამოავლენ, სწორად უმკურნალებ და გადაარჩენ, თუ შვედურ ვარიანტში, როცა სიცოცხლეზე წინ ეკონომიკას აყენებ და მიუშვებ თვითდინებით?

ამ ვიდეოს შემდეგ ქართული გარდიანი ავრცელებს ჰამბურგელი მეცნიერების კვლევის მონაცემებს და სათაურში გამოაქვთ, რომ მათი კვლევების თანახმად გარდაცვლილებში კოვიდ-19-ს კვალი არის 0%, ხოლო სტატიის გერმანულ წყაროში 0% ვერ ვიპოვე.

მსგავსი ინფორმაციების გავრცელება, რომლებიც უპირისპირდებიან მსოფლიოს ქვეყნების, მათ შორის ჩვენი მთავრობის ოფიციალურ ვერსიებს, რაც დაბალი პროფილაქტიკური საქმიანობის და ინფორმირების ფონზე, იწვევს მოსახლეობაში წინააღმდეგობის გაღვივებას.

პირველი საკითხის დასასრულს, ეპიდემიის საწყისი ეტაპის ერთ-ერთ შიშს გაგახსენებთ, შიშს სურსათის შესაძლო დეფიციტთან დაკავშირებით. გაიხსენეთ რა დღეში იყო მოსახლეობა, როგორ იმარაგებდა სურსათს და როგორი პანიკური ინფორმაციები, გაფრთხილებები ახლდა თან ამ პროცესს. "ახლობელმა მითხრა, სურსათი გაგქრება", "ერთმა სანდო ადამიანმა გამაფრთხილა სურსათის პრობლემები შეიქმნება" და ა.შ. ვის ახსოვს ახლა ეს აუდიო თუ ტექსტური შეტყობინებები?!

შიში დეზინფორმაციის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

 

2. COVID-19-ს ეპიდემიის უარყოფა.

ამჟამინდელ ეპიდემიას სხვადასხვა კონსპიროლოგიური თეორიები ახლავს. ჩიპიზაციის და 5G ტექნოლოგიების გარდა, ბევრი ვერსიებია ვირუსის წარმომავლობის და მისი არსებობის შესახებ.

ზოგი ვარაუდით ვირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან "გაექცათ", ზოგიერთით კი ნოვოსიბირსკიდან. ზოგი ამერიკელებს აბრალებს, თითქოს სპორტული ფორუმის დროს გაავრცელეს.

ბევრი ავრცელებდა ძველ სტატიებს, გაოცებული კომენტარებით, ნახეთ, რომ ამბობენ ახალი კორონავირუსიაო, არაა ახალი, ადრეც იყოო და აფრიალებენ გაყვითლებული საბჭოთა გაზეთებიდან "აღმოჩენების" ფოტო ასლებს.

ამ ვერსიებზე მსჯელობას არ შევუდგები. მერწმუნეთ, ზემოთ ჩამოთვლილ, ასევე სხვა სახელმწიფოებს, უზარმაზარი პოტენციალი აქვთ სიმართლის დასადგენად. თუმცა, ამ სიახლის დადგენაში, ურთიერთბრალდებების, ხანგრძლივი საინფორმაციო ომის მომსწრენი ვიქნებით.

ჩინეთთან და ნოვოსიბირკთან მიმართებაში ბევრი ბუნდოვანია, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

მხოლოდ აღვნიშნავ, რომ მეცნიერებამ ჯერ ვერ ისწავლა ვირუსის ნულიდან შექმნა. ვერც ისეთი ჩარევა ხერხდება ვირუსში, რომ ხელოვნურობის კვალი არ დარჩეს.

შესაბამისად, თუ ამ ვირუსს აქვს ჩარევის კვალი, აქამდე ვინმეს უნდა ეთქვა. ყოველ შემთხვევაში, მამტკიცებელი კვლევები არ გამოქვეყნებულა. აშშ-ს პრეზიდენტმა, ახლახანს, ისევ მოსთხოვა ჩინეთს უხანის ლაბორატორიის გახსნა.

ასევე, ადრეც დავწერე და ინტერნეტშიც იპოვით, კორონავირუსების ჯგუფში 40-მდე ვირუსია. კოვიდ-19 ამჟამინდელ დაავადებას უწოდეს. წლების შემდეგ, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი ეპიდემია მოხდეს. მას სხვა სახელს მოუძებნიან. იგივე ჭორები და თეორიები დაიწყება, ჩიპიზაცია, 6G, 7G და ა.შ. ბოლო 15-20 წელში ხომ კორონავირუსის მესამე ეპიდემიაა. ამავე პერიოდში სხვა ტიპის ვირუსების ეპიდემიებიც გადავიტანეთ. ზოგიერთ მათგანს მანამდე 3 და 4G ტექნოლოგიებს უკავშირებდნენ. ასე რომ, "აღმოჩენა", თითქოს ახალი კორონავირუსი არაა, ძველიაო, უბრალოდ უვიცობაა.

ყველაზე მავნე, რაც ამ თვეების მანძილზე ხდება, ესაა თავად ეპიდემიის არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

მსგავსი სიცრუეების გავრცელბა ყველა დროის ეპიდემიას ახლდა და გასაკვირი არაფერია.

მაგრამ ვირუსის არსებობის ეჭვის ქვეშ დაყენება, იწვევს მოსახლეობის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დაცვის უგულებელყოფას.

ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას და საფრთხეს უქმნის მოსახლეობის დიდ ნაწილს.

ბოლნისის შემთხვევა, სხვა ინციდენტები, ამის ნათელი მაგალითია.

შესაბამისად, მსგავსი ვერსიების ტირაჟირება, ოფიციალური ვერსიებისადმი უნდობლობის გაღვივება, უკვე აღარაა ცალკეული პირების პირადი საქმე.

აქსიომაა: პირადი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უსაფრთხოება.

რას ეყრდნობა იმ ადამიანთა ლოგიკა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კოვიდ-19 არ არსებობს?

ვერსიები უამრავია, დაწყებული გეოპოლიტიკური მიზნებით, დამთავრებული მსოფლიო მთავრობის შექმნის მცდელობით და ფარმაცევტული კორპორაციების შეთქმულებით. მოსახლეობის 1 მილიარდამდე დახოცვაზე ზემოთ დავწერე.

მსოფლიო მთავრობის შექმნის ვერსია რას ეფუძნება? მესმის, რომ გსმენიათ ბილდერბერგის კლუბის, მასონთა ლოჟის და სხვა მოვლენების შესახებ, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, დღეს მსოფლიოს მეგა სახელმწიფოები, თავზე დაისვამენ მსოფლიო მთავრობას? ამ თემაზე მსჯელობა უბრალოდ არასერიოზულია.

ერთია გავლენების ქონა, მეორეა ერთიანი მთავრობა და მთელი მსოფლიოს მართვა.

როგორ ფიქრობთ, მსოფლიოს 200-მეტი სახელმწიფო ერთმანეთში შეიკრა და ატყუებენ მსოფლიოს მოსახლეობას, ათამაშებენ ეპიდემიის არსებობას, კარანტინებს, სხვა ღონისძიებებს? რა ინტერესია?

ახლა ვრცელდება ერთ-ერთი ვიდეო, გერმანიიდან. საუბრობენ, რომ ავტორიტეტიანმა ვირუსოლოგებმა დადეს კვლევა, კოვიდ-19-თ სულ რაღაც 0,37% კვდებაო.

ჯერ ერთი, 0,37% ნიშნავს, რომ დღეს დაინფიცირებულთა 3,5 მილიონიდან უნდა მომკვდარიყო 13 ათასი. რეალურად გარდაიცვალა 250 ათასი.  მერა რისი თქმა უნდათ ამით?  არ უნდა გვემკურნალა და მიგვეშვა? ან როგორ  გამოვიყვანოთ საშუალო ტემპერატურა ჰოსპიტალში? შვედეთმა, მერიკამ, ესპანეთმა, იტალიამ და სხვებმა, მიუშვეს, გერმანიამ, კორეამ, ჩვენ, სხვებმა მაქსიმუმი გავაკეთეთ.

ვინაა პასუხისმგებელი, რომ არა გატარებული ზომები, რამდენი დაინფიცირებული და გარდაცვლილი გვეყოლებოდა?

კიდევ ერთი. მიუღებელია, როცა კოვიდ-19-თ დაავადებულის გარდაცვალებას თანმდევი ავადმყოფობებით ამართლებენ, დიაბეტი, გულის და სხვა ავამდყოფობები ჰქონდაო. კორონავირუსი რომ არ აეკიდებინა იცოცხლებდა თუ არა 1 დღით, 1 თვით, 1 წლით ან უფრო მეტს?

თუ ვირუსმა დაუჩქარა სიკვდილი, ე.ი. ვირუსმა მოკლა. გულით ავადმყოფი მატარებელმა რომ გაიტანოს გულის ბრალია?

ასეთ კვლევებზე დაყრდნობით ხალხი ფიქრობს, რომ მათ უმიზეზოდ ამყოფებენ იზოლაციაში. 

ადრე თუ გვიან, მოიხსნება შეზღუდვები და როცა დაითვლება ქვეყნების დანაკარგები, მარტივი გასაანალიზებელი იქნება, რომ მსგავსი სპექტაკლების დადგმის ფინანსური და ეკონომიკური ინტერესი არ არსებობდა.

სხვადასხვა ქვეყნები უკვე უბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმს, ხსნიან შეზღუდვებს. ზოგს არც დაუწესებია.

დონალდ ტრამპმაც მოითხოვა ეკონომიკის გარკვეული დარგები დაბრუნებოდნენ წარმოებებს, რათა სურსათის და სხვა ნაწარმის დეფიციტი არ შექმნილიყო. შედეგად მიიღეს ის, რომ დაინფიცირებული თანამშრომლები დაუბრუნდნენ წარმოებას და მასობრივად დაავირუსეს კოლეგები. ახლა ტრამპს ოპონენტები აკრიტიკებენ.

ასე რომ, შეზღუდვების მოხსნა გააზრებულად უნდა მოხდეს.

რაც შეეხება ვაქცინებით გამდიდრებას და ფარმაცევტული კორპორაციების ინტერესებს.

ის რომ ეფექტიანი ვაქცინის შექმნას დასჭირდება ხანგრძლივი პერიოდი, ზაფხულიდან წლის ბოლომდე, ყველასათვის ცნობილია. ამ პერიოდის განმავლობაში არავინ იცის ვირუსი რას იზამს, იქცევა სეზონურ ვირუსად, თუ სხვა გაგრძელებას ვიხილავთ.

დიდია ალბათობა, რომ ამ პერიოდში მოსახლეობის დიდი ნაწილი უსიმპტომოდ "მოიხდის" ვირუსს. ეს ვერსია არაფრითაა გამყარებული, მაგრამ თუ ასე მოხდა, ვისღა დასჭირდება ვაქცინა?! წინა ვირუსებისგან საქართველოში მოსახლეობის რა ნაწილია აცრილი? H1N1-სგან ბევრმა ჩავიტარეთ აცრა?

მიმდინარეობს მუშაობა წამლის შექმნასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც დიდძალი თანხები გამოიყოფა.

მაგრამ, მოდით დავფიქრდეთ, შევაფასოთ რა დანაკარგებს იღებს მსოფლიო.

ვინმემ დათვალა ენერგო სფეროს დანაკარგები, თუნდაც მხოლოდ ნავთობის სფეროში მომპოვებლებიდან დაწყებული, გადამზიდავ, გადამამუშავებლებით და რეალიზატორებით დამთავრებული?

ვინმემ დათვალა საავიაციო, სახმელეთო, საზღვაო ტრანსპორტის, ტურისტული სფეროს, სასტუმროების, რესტორნების, მაღაზიათა ქსელების (სასურსათო ჰიპერმარკეტებს გარდა სხვა ქსელებიცაა), კინოთეატრები, თეატრები, სპორტული ფედერაციები და კლუბები, ზოოპარკები, მუზეუმები... ვრცელი სიაა.

ვინმემ დათვალა ცალკეული ქვეყნების ეკონომიკების ან მსოფლიო ეკონომიკის დანაკლისი?

ჰოდა, ფარმაცევტული სფეროს დივიდენდები მიზერია იმ დანაკარგებთან, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

როგორ ფიქრობთ, რაც ბოლო აბზაცებში დავწერე, ფარმაცევტული კორპორაციები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ატრიალებენ თავის ჭკუაზე ნავთობ კორპორაციებს და სხვა მაგნატებს?

ან ვინმემ იცის რამდენად ღრმა ეკონიმიკური კრიზისი გველის?

მსოფლიო ფარმაცევტული ბაზრის მოცულობა, დაახლოებით 1,3 ტრილიონი დოლარია, კრიზისის შედეგად კი, ბლუმბერგის მონაცემებით, მსოფლიო ეკონომიკა 2 წელიწადში დაკარგავს 5,5 ტრილიონ დოლარს.

ამ 1,3 ტრილიონს რამდენი მილიარდი უნდა დაემატოს, 200, 300, მეტი, რომ უღირდეთ მთელი ეკონომიკის გაჩერება და, სულ მცირე, 5,5 ტრილიონის დაკარგვა?

ფორბსის რეიტინგით მე-4 ადგილზე მყოფი მილიარდერის უორენ ბაფეტის კომპანიამ კვარტალურ ანგარიშში 50 მილიარდი დოლარის დანაკარგი წარმოადგინა. ბაფეტმა არ იცის ამ ხმების, თეორიების შესახებ, თუ ვინმეს რიდი აქვს?

ბაფეტის განცხადებით ამერიკის ეკონომიკას, პანდემიის ფონზე, სერიოზული რყევები ელის. ის სკეპტიკურად უყურებს ეკონომიკის გაჩერებას. არც პროგნოზები აქვს. შედეგებს გავიგებთ, როცა ყველაფერი დამთავრდებაო.

სხვადასხვა ჯგუფების პროტესტები თეთრ სახლთანაც მიმდინარეობს.

ვერ გაუგებ ხალხს. არ დაუწესებ შეზღუდვებს, დავირუსდებიან სამუშაო ადგილებზე, იტყვიან მილიარდერები გვხოცავენ მოგების გამოო. შეზღუდვებს დაუწესებ, სახლში ჩაკეტავ, ჩვენი კონტროლი და დახოცვა უნდათო.

მოკლედ, ეპიდემიის უარყოფა ისეთი აბსურდია, ამდენ დროს არ დავკარგავდი, მაგრამ როცა ასეთი აჟიოტაჟი და მავნე პროპაგანდაა, შევეცადე მოაზროვნე ადამიანებს მივაწოდო სწორად გაანალიზების, სწორი კითხვების დასმის მიმართულებები. 

 

გაგრძელება იხილეთ ბმულზე




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge