16:43 05.05.2020
"სამი რუსი ექიმის ფანჯრიდან გადავარდნა კითხვებს ბადებს"-“სიენენი“

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის საავადმყოფოების ფანჯრებიდან სამი ექიმის იდუმალებით მოცული გადავარდნა საზოგადოებაში კითხვებს აჩენს, - ამის შესახებ „სიენენის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

 

„ორი მედიკოსი დაიღუპა, ერთი - საავადმყოფოში რჩება. სამივე ინციდენტი, რომელსაც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ, რუსეთის პრესისა და სოციალური მედიის განსჯის საგანი გახდა,“ - წერს „სიენენი“.

 

სტატიაში საუბარია სასწრაფო დახმარების ექიმ ალექსანდრე შულეპოვზე, რომელიც შაბათს იმ საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული ექიმი მკურნალობას გადიოდა.

 

„შულეპოვი საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 22 აპრილს გადაიყვანეს. იმავე დღეს მან და მისმა კოლეგა ალექსანდრე კოსიაკინმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მას შემდეგ რაც შულეპოვს კორონავირუსი დაუდასტურდა, მას მუშაობის გაგრძელებას აიძულებდნენ,“- აღნიშნულია სტატიაში.

 

„სიენენი“ წერს, რომ შუპელოვი მესამე მედიკოსი იყო რუსეთში, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფანჯრიდან გადავარდა.

 

„1 მაისს ქალაქ კრასნოიარსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ელენა ნეპომნიაშჩაია დაიღუპა. ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, ექიმი რეგიონალური ჯანდაცვის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დროს, სადაც კლინიკის კორონავირუსის სამკურნალო დაწესებულებად გადაქცევის საკითხს განიხილავდნენ, სავარაუდოდ, ფანჯრიდან გადავარდა,“- წერს „სიენენი“.

 

სტატიაში საუბარია კიდევ ერთ მედიკოსზე - ნატალია ლებედევაზე - რომელიც 24 აპრილს იმ საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა, სადაც მას, სავარაუდოდ, კორონავირუსზე მკურნალობდნენ.

 

„საავადმყოფომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. საავადმყოფომ „სიენენის“ თხოვნა კომენტარის შესახებ უპასუხოდ დატოვა,“- აღნიშნულია სტატიაში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge