დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

“ეს “ორი-სამი” კვირა შეიძლება “ორ-სამ” თვედ გადაიქცეს” - სადამდე გასტანს პიკური პერიოდი 07.05.2020 15:54

“ქვეყნის მთავარი ინფექციონისტების აზრით, საქართველო პანდემიურ პიკს თითქმის მიუახლოვდა, რომელიც დაახლოებით სამ კვირას გასტანს - ისინი იმედოვნებენ, რომ ამასობაში ჰაერის ტემპარატურაც მოიმატებს და ვირუსის გავრცელებას ხელს მეტ-ნაკლებად შეუშლის. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის პიკთან ახლოს მივედით და ინფიცირებულთა რაოდენობის მატება დაახლოებით 3 კვირა იქნება, მაგრამ არა ციცაბო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახლა ინფექციის შიდა გავრცელების მე-7 კვირაში ვართ. მისი თქმით, უნდა დავაკვირდეთ, თუ მე-7 და მე-8 კვირას როგორ გავივლით. ამბობს, რომ ამასობაში ზაფხულიც მოგვიწევს, დადგება თბილი ამინდები და გარკვეულად ინფექციის შენელებაში ქვეყანას შეეხიდება. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პროგნოზისთვის, რომ პიკური პერიოდი 2-3 კვირა გასტანს, შესაბამისი კვლევებია საჭირო, რაც მისი თქმით, საქართველოს არ აქვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ეს “ორი-სამი” კვირა შეიძლება “ორ-სამ” თვედ გადაიქცეს” - სადამდე გასტანს პიკური პერიოდი.


“პროგნოზი რომ პიკური პერიოდი კიდევ ორი-სამი კვირა გასტანს, აიხსნება იმითი, რომ ჩვენ-საქართველოს შესაბამისი მონაცემები არ აქვს, რაღაცა პროგნოზი რომ გააკეთო, კვლევები უნდა გქონდეს ჩატარებული და ამ კვლევებისა და მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შეგიძლია პროგნოზის გაკეთება, რომელიც ესეც შეიძლებ იყოს სწორი, ან არა. როდესაც მონაცემები არ გაქვს, რა პროგნოზზეა საუბარი, ორი-სამი კვირა და ამის შემდეგ კიდევ ორი-სამი კვირა და ცუდი ისაა, რომ ამას “პოლიტიკური” არ დასდევდეს, თორემ დანარჩენს კიდევ არაუშავს, ავიტანთ. ვაქცინამდე ასეთ რეჟიმში ცხოვრება არ მოგვიწევს. ზუსტად საქმე იმაშია, რომ რატომღაც ჩვენს მინისტრს მიაჩნია, რომ პიკი აუცილებლად მაღალი რიცხვებით უნდა იყოს. რიცხვი შეიძლება იყოს მაღალი, ან დაბალი - გააჩნია ქვეყანას და სიტუაციას. ჩვენთან უკვე ე.წ. შეკავების ეტაპი დამთავრდა, ახლა კი პირიქით, რაც შეიძლება საზოგადოებრივი ცხოვრება და ეკონომიკა უნდა გაიხსნას, უბრალოდ ამ ვირუსთან ცხოვრებას უნდა შევეჩვიოთ, როგორც წითელას, ღორის გრიპის ვირუსთან ერთად ვარსებობთ” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

 

“ტრანსპორტიც უნდა ამუშავდეს და რაც შეიძლება სწრაფად, ასევე მაღაზიები, რესტორნები, უბრალოდ სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო უნდა შექმნას, რასაც ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვხედავ და ეს ორი-სამი კვირა შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და ორ-სამ თვედ გადაიქცეს. ადამიანებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრება, ოღონდ უსაფრთხო გარემოში, სახელმწიფომ სადაც შეუძლია ყველგან უსაფრთხო გარემო უნდა შექმნას - ნიღბების ტარება იქნება, ხელების დაბანა თუ მაღაზიაში ადამიანების რაოდენობის და წესრიგის დაცვა”, - განაგრძობს ექსპერტი.

 

“რაც მთავარია, უნდა მოიხსნას აბსოლუტურად გაუგებარი საკომენდანტო საათი და მანქანაში სამი კაცის ჯდომა, რომელიც ინფექციის გადაცემასთან არაფერ შუაშია. ესენი უნდა მოიხსნეს რაც შეიძლება სწრაფად იმიტომ, რომ ყოველი დღე საქართველოს ეკონომიკას და ადამიანების მდგომარეობს ურტყამს. არ გამოვრიცხავ, რომ რასაც ეძახიან პიკური პერიოდი, ჩვენ გადავიარეთ. შეიძლება რაღაც პერიოდი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, მაგრამ, ამას მე ვფიქრობ, რომ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. შეკავების პერიოდი ასე თუ ისე გადავიარეთ და ახლა ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ, ამის გაკეთება უკვე გუშინდლიდან უნდა დაგვეწყო და არა მოცდები და ორი-სამი კვირა” - დასძენს ვატო სურგულაძე

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ