დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

როდის გაჩნდა სინამდვილეში კოვიდ-19 საქართველოში - “სიმპტომების გარჩევა თითქმის შეუძლებელია” 07.05.2020 17:08

“დღეს აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი საქართველოში იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე ამ ინფორმაციას ხელისუფლება ოფიციალურად დაადასტურებდა. დეკემბერსა და იანვარში მიმართვიანობა კლინიკებში ფილტვების ანთებით გაზრდილი იყო. აღნიშნულს მედიკოსების ერთი ნაწილი უარყოფს, მეორე ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კოვიდ-19 უფრო ადრე გაჩენილიყო, თუმცა, ახალი ვირუსის შესახებ ინფორმაციას ექიმები პრაქტიკულად არ ფლობდნენ, რადგან მხოლოდ სიმპტომებით ინფექციური დაავადებების გარჩევა რთულია. საფრანგეთში კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ კორონავირუსი დეკემბრის თვეში უკვე იყო დაფიქსირებული. პარიზის გარეუბნის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დეკემბერში პნევმონიით დაავადებული ნაცხების გადამოწმების შედეგად დადგინდა, ახალი კორონავირუსი SARS-COV-2, რომელიც კოვიდ-19-ს იწვევს, ქვეყანაში ერთ-ერთ პაციენტს 27 დეკემბერს დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როდის გაჩნდა სინამდვილეში კოვიდ-19 საქართველოში - “სიმპტომების გარჩევა თითქმის შეუძლებელია”.


“ამის ფონზე, საფრანგეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა ოფიციალურად მხოლოდ იანვარში დაფიქსირდა. 27 დეკემბერს კი ოფიციალური ცნობები ახალი ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ ჩინეთშიც არ იყო გავრცელებული. შემდეგ აშშ-მა ჩინეთი ვირუსის შესახებ ინფორმაციისა და მონაცემების დამალვაში დაადანაშაულა, - ბრალდებების მიხედვით, ჩინეთი კოვიდ-19-ს უკვე ერთი თვით ადრე ებრძოდა. მეტიც, ამერიკული მხარე აღნიშნავდა, რომ ჩინეთს მსოფლიო უფრო ადრე რომ გაეფრთხილებინა ახალი ვირუსის შესახებ, პანდემიას მსოფლიო საზოგადოება თავიდან აიცილებდა. საფრანგეთში მეცნიერებმა ხელახალი ტესტი ჩაუტარეს დეკემბერში და იანვარში მიღებულ დაავადებულთა ნაცხებს. 24 პაციენტის გამოკვლეული ნაცხიდან ერთ-ერთ მათგანს სანამ კოვიდ-19 დაუდასტურდებოდა, საავადმყოფოში ჯერ კიდევ 27 დეკემბერს მკურნალობდა. საფრანგეთის მაგალითზე “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” ძველი შესაძლო შემთხვევების გადამოწმებისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის სპიკერი კრისტიან ლინდმაიერი აღნიშნავს, გასაკვირი არ არის ცნობები საფრანგეთში ახალი კორონავირუსის დეკემბერში გამოვლენის შესახებ. რაც შეეხება საქართველოს, გავრცელებულ ინფორმაციას მედიკოსები უარყოფენ, რომ ქვეყანაში ვირუსი დეკემბერში უკვე დაფიქსირებული იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე იმ პაციენტების ნიმუშებიც შეამოწმეს, რომელთა კვლევა ჩვეულებრივ გრიპზე მიმდინარეობს და არცერთ შემთხვევაში კოვიდ-19 არ დადასტურებულა. როგორც მან ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემაში თქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიმპტომების მსგავსების გამო ახალი კორონავირუსის შემთხვევები გრიპისაში არ ეშლებათ. ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ გადაჭრით რაიმეს დადასტურება ან უარყოფა რთულია, იყო თუ არა კორონავირუსი დაფიქსირებული დეკემბრის თვეში. მისივე თქმით, სიმპტომები კოვიდ-19-სა და სხვა ინფექციურ ვირუსს მსგავსი აქვთ. შესაბამისად, მისი გამოვლენა თუნდაც, გასული წლის დეკემბერში მარტივად ვერ მოხდებოდა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“რეალურად ამის გადაჭრით თქმა შეუძლებელია. თეორიული შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა, სიმპტომებით ბევრი სხვა ინფექცია ჰგავს კორონავირუსის ინფექციას. მაგალითად, ჩვენ გვქონდა ადრე გრიპი “ა” და “ბ” ტიპის რესპირაციული ვირუსი. სიმპტომების გარჩევა თითქმის შეუძლებელია, - ყველა მათგანს აქვს ხველა, ტემპერატურა, გულმკერდის არეში დისკომფორტი, სუნთქვის გაძნელება. ამიტომ, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება მსჯელობა, ნამდვილად იყო თუ არა უფრო ადრე შემთხვევები, თუმცა, როდესაც ანტისხეულის ტესტები მასიურად იქნება ხელმისაწვდომი და ფართომსაშტაბიანი ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდება, გავიგებთ ვირუსი ადამიანების რა ნაწილს აქვს გადატანილი. უნდა ჩატარებულიყო ვირუსის გენეტიკური ანალიზი განსაზღვრულიყო, რომ ეს არ არის სტანდარტული სეზონური ვირუსი. ეს კი, ერთ და ორ შემთხვევაზე არ კეთდება, თუ არ დაგროვდა საეჭვო შემთხვევები, რომლის დროსაც მიხვდებიან ექიმები და მკვლევარები, რომ რაღაც სხვა ინფექციასთან გვაქვს საქმე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია ბუწაშვილი.

 

“ასე რუტინულად, ყოველღიურად ხომ არ ხდება ინფექციების გენეტიკური გაშიფვრა კლინიკურ პრაქტიკაში? - ამიტომ, ახალი ინფექციები, როგორც კი აღმოცენდება, მაშინვე მისი შემჩნევა ადვილი არ არის-ხოლმე”, - მიიჩნევს ბუწაშვილი. ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე კი ფიქრობს, რომ ახალი კორონავირუსი უფრო ადრე არ გაჩენილა საქართველოში. “არ მინახავს, არც დადასტურებულა. როგორც ვიცი, დეკემბერში არ ყოფილა. მე ვიცი ის, რაც დადასტურდა, ვინც შემოვიდა ჩემთან”, - ამბობს ენდელაძე და ვფიქრობს, რომ დეკემბერში არ იყო," - დასძენს გამოცემა.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ