დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

პროფესორმა ენტონი ფაუჩიმ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა 07.05.2020 20:23

პროფესორმა ენტონი ფაუჩიმ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა მიმდინარე წლის, 14 აპრილს მიიღო წერილი აშშ-ს ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორის, მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ლიდერის პროფესორ ენტონი ფაუჩისგან, სადაც მან საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა.

 

„აღსანიშნავია, რომ ცენტრს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს NIAID/NIH-თან. ამ თანამშრომლობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოში აივ/შიდსის თანამედრო ტიპის სამსახურის შექმნას და განვითარებას და ზოგადად აშშ–საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ბიოსამედიცინო დარგში“ , - აცხადებს ცერცვაძე. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, 2017 წლის ოქტომბერში პროფესორ Anthony Fauci-ის ინიციატივით, ქ. ბეთესდაში ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის და მისი გუნდის წამყვანი წევრებისათვის სპეციალური მიღება და სამეცნიერო სესია გაიმართა. შეხვედრის მიზანი NIAID/NIH-სა და ცენტრს შორის 20-წლიანი წარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობის შედეგების შეჯამება და სამომავლო პერსპექტივების დასახვა იყო. ზემოთ აღნიშნული ღონისძიება უპრეცედენტოა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და ცენტრის აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში უდიდესი მიღწევების და დამსახურებების მკაფიო აღიარებაა.

 

შეხვედრის დროს, თენგიზ ცერცვაძემ, ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა და აკაკი აბუთიძემ თავიანთ მოხსენებებში ისაუბრეს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 20-წლიანი გამოცდილების შედეგებზე და NIAID-თან თანამშრომლობით ჩატარებული ერთობლივი კვლევების ძირითად მიღწევებზე. აგრეთვე ამერიკულ მხარეს გააცნეს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი შედეგები. პროფესორმა Anthony Fauci-იმ ქართველ კოლეგებს გააცნო NIAID/NIH-ის სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიღწევები. მან მაღალი შეფასება მისცა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის შედეგებს და ცენტრის მიღწევებს აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში. მან გამოთქვა რეკომენდაციები მომავალი კვლევების პრიორიტეტების თაობაზე. ამერიკის მხარემ ქართველი კოლეგებისთვის მეგობრული სადილიც გამართა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ