21:13 07.05.2020
„ავერსმა“ სახელმწიფოსთან მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ

„ავერსმა“ სახელმწიფოსთან მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ავერსის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა. მისი თქმით, „ავერსმა“, როგორც კლინიკის ტერიტორიისა და შენობების მფლობელმა კომპანიამ, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღო. ფურცელაძის თქმით, მართალია, კომპანიას არ მიუღია გარანტია, რომ კლინიკა მომავალი წლიდან სხვა შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას და დაცლის ყაზბეგის გამზირზე არსებულ ტერიტორიას, თუმცა, მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაუშვებელია კლინიკას საქმიანობაში ხელი შეეშალოს.

 

ამასთან, საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №653 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადი შეადგენს 407 800 ლარს. ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, ყოველ წელიწადს ინფექციურ საავადმყოფოსთან ხელშეკრულება იდებოდა ერთი წლით და იჯარის ფართს ფარავდა სახელმწიფო ბიუჯეტი. იურიდიულად, ხელშეკრულების დასრულება ითვალისწინებს, რომ კლინიკის თანამშრომლებმა უნდა დაცალონ ტერიტორია, თუმცა ეს არ ხდებოდა. მისივე თქმით, „ავერსს“ ჰქონდა მიღებული პირობა, რომ ტერიტორია დაიცლებოდა, თუმცა ეს არ მოხდა 2018 წლის პერიოდისთვისაც. შესაბამისად, 2019 წელს ხელშეკრულება აღარ დაიდო, რადგან მსგავსი გარანტია ვერ მიიღეს. ფურცელაძის თქმით, გასული წლის ხელშეკრულების ბედი ისევ გაურკვეველია.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge