არაერთხელ ითქვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, ადამიანის ნიჭიერება კი ყოველგვარ საზღვრებს სცდება.
ერთი შეხედვით დაუჯერებელია - არ გესმოდეს, თუმცა, მუსიკას მთელი არსებით გრძნობდე; რიტმს უშეცდომოდ აჰყვე და სიტყვები ჟესტების ენით გაიმეორო. ალან პიზი თავის ერთ-ერთ წიგნში „სიმართლის ინდიკატორი“ წერს : “სხეულის ენა ულამაზეს სიმღერას ჰგავს: შესაძლოა, სიტყვები არ გვესმოდეს, მაგრამ მთელი არსებით ვგრძნობთ მელოდიას.“ ნუთუ შეგვიძლია ავყვეთ მათ მელოდიურობას, როდესაც ვერ გვესაუბრებიან?
ამ საკითხთან დაკავშირებით, „ჯორჯიან თაიმსი“ პროექტ „ნიჭიერის“ ერთ-ერთ მონაწილეს - კოკა მუმლაძეს გაესაუბრა, რომელმაც, მეგობართან ერთად შეძლო მუსიკას აჰყოლოდა და ტექსტი ჟესტების ენით უშეცდომოდ გადმოეცა.
„მე ვარ კოკა მუმლაძე, სმენადაქვეითებული, მიჭირს მეტყველება. ვმუშაობ საქართველოს ყრუთა კავშირში, ვასწავლი ჟესტების ენას ბავშვებსა და სტუდენტებს. ასევე, ვმუშაობდი იუსტიციის სახლში, ჟესტების ენის პროგრამებში ბავშვებს ვავარჯიშებდი, რითიც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ადამიანების სითბოს და მხარდაჭერას ვგრძნობ მუდამ, რითაც, ძალიან ბედნიერი ვარ. მოსწონთ და გაოცებას ვერ მალავენ ადამიანები ჩემი შესრულებით და ვერ ხვდებიან, ამას როგორ ვახერხებ. სინამდვილეში, მე მუსიკას ვიბრაციის საშუალებით ვგრძნობ.
საერთოდ არაფერი არ მერთულება ცხოვრებაში, ვფიქრობ, რომ ყველაფერი საინეტერესოა. წერა და კითხვა შეგვიძლია ჩვეულებრივ, ზოგს პირის მოძრაობით ესმის საუბარი, მაგრამ უჭირს სამსახურის ძიება, იმის გამო, რომ არ ესმით და ვერ ლაპარაკობენ. კარგი იქნებოდა არსებობდეს სპეციალური დაწესებულება, შშმ პირთათვის, სადაც, ყველა უპრობლემოდ შეძლებდა მუშაობას. მყავს მეგობრები, რომლებიც სამსახურს ვერ პოულობენ და მაღაზიაში მუშაობენ დამლაგებლად შუშის მწმენდავად და ა.შ.
„ნიჭიერში“ მონაწილეობისას ყველაზე მეტად გვინოდოდა ხალხს გაეგო, რა შეუძლია ჟესტების ენას. გადმოგვეცა ის ემოციები, რაც გაგვაჩნია, რომ ჩვენ არ ვდგავართ დაბალ საფეხურზე და ყველაფერი შეგვიძლია. კიდევ ერთხელ გვინდოდა გვეთქვა, რომ მართლაც არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები.
ჟესტების ენის სწავლა საერთოდ არ არის რთული. პირიქით, საინეტერესოა. კარგი იქნებოდა ყველას სცოდნოდა ერთი რამ მაინც ჟესტების ენიდან, თუნდაც გამარჯობა“, - აცხადებს კოკა მუმლაძე ჩვენთან საუბარში.
/თამარ ტოჩილაშვილი/
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge